Baby Bag

„როდესაც ბავშვი ჭარბი რაოდენობით იღებს კარტოფილს და მაკარონს, ეს წარმოადგენს არაჯანსაღ კვებას,“- ლევან რატიანი

„როდესაც ბავშვი ჭარბი რაოდენობით იღებს კარტოფილს და მაკარონს, ეს წარმოადგენს არაჯანსაღ კვებას,“- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბავშვთა კვებაში მაკარონისა და კარტოფილის გამოყენების დადებით და ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა:

„ბავშვებს ეგემრიელებათ რაც შეიძლება მეტი ტკბილეული, შემწვარი კარტოფილი, ჰამბურგერი. სახლის პირობებშიც ბავშვებისთვის არჩევანია შემწვარი კარტოფილი და მაკარონი. კარტოფილი წარმოადგენს ისეთ მცენარეულ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს ცხიმს, არ შეიცავს ნატრიუმს და არ შეიცავს ქოლესტერინს. კარტოფილი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, B6 ვიტამინს და ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისება. მასში ჭარბი რაოდენობით შედიც C ვიტამინი.

მაკარონი ხორბლის ნაწარმია, აქედან გამომდინარე მას აქვს დადებითი თვისება, მაგრამ მან ნახშირწყლოვანი სიჭარბის გამო შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე. როდესაც ბავშვი ჭარბი რაოდენობით იღებს კარტოფილს და მაკარონს, ეს წარმოადგენს არაჯანსაღ კვებას."

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა კარტოფილის სხვა დადებით თვისებებზეც ისაუბრეს:

ამ პროდუქტების ხშირი და ჭარბი მოხმარება ბავშვებში წონის პრობლემებს იწვევს. მათი ზომიერების ფარგლებში გამოყენება სავსებით დასაშვებია. ბევრს ჰგონია, რომ კარტოფილი არაჯანსაღი პროდუქტია. ეს ასე არ არის. ის ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს, ასევე მინერალების შემცველია. რადგან სახამებელს შეიცავს, მოხარშულ ცხელ კარტოფილს აქვს უფრო მეტი კალორია, ვიდრე ცივ კარტოფილს. გაციებული მოხარშული კარტოფილი აბსოლუტურად არ არის კალორიული და მას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. კარტოფილი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას, რომლებიც თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ანეიტრალებენ, რაც ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნის და სხვა დაავადებების განვითარების რისკს. წითელი ფერის კარტოფილი 3-4-ჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას შეიცავს. ასეთი კარტოფილი უფრო სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

არ არის რეკომენდებული ბევრ ცხიმში კარტოფილის შეწვა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თუ ბავშვის საყვარელი საკვებია კარტოფილი და ბავშვისთვის გვიწევს კარტოფილის მომზადება, ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ კარტოფილი შეწვან ზეითუნის ზეთში. თუ თქვენი შვილების საყვარელი საკვები გახლავთ კარტოფილი და მაკარონი, აუცილებლად ეს ბავშვებს უნდა აჭამოთ 6 საათამდე.“

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა ხილს ნიტრატები? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ხილში ნიტრატების შემცველობის ამოცნობის წესებზე ისაუბრა:

„უმჯობესია, ყოველთვის ადგილობრივი პროდუქტები შევიძინოთ. ნამდვილად უნიკალური მიწა გვაქვს. ძალიან ნოყიერი მიწა გვაქვს, რომელსაც თითქმის ზედმეტი დამუშავება არ სჭირდება. უბრალოდ უფრო სწრაფად გვინდა მოსავალი მივიღოთ, უფრო დიდი და მიმზიდველი იყოს ნაყოფი. პესტიციდებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ზღვარი დადგენილია კანონმდებლობით. იმ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

ივნისში საზამთრო არ უნდა ვიყიდოთ, რადგან ვიცით, რომ ის ხელოვნურად არის დამწიფებული. სათბურში უფრო მეტად სჭირდება დამუშავება პროდუქტს. შევიძინოთ სეზონური ხილი. საზამთრო შევიძინოთ ივლისის ბოლოს. ნუ შევიძენთ ძალიან დიდ საზამთროს, რადგან ვიცით, რომ შეიძლება ნიტრატებით იყოს გაჯერებული. პომიდორს სქელი კანი თუ აქვს, ეს ნიტრატების აღმნიშვნელია. პომიდორში თეთრი ხაზებიც ნიტრატების აღმნიშვნელია.

თუ პომიდორს პომიდვრის არომატი არ აქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენების. სჯობს ვაშლი და ნებისმიერი ხილი იყოს ჭიანიც, რადგან თუ მას ჭია მიეკარა, ე.ი. ბავშვისთვის გამოდგება. ზოგჯერ ხილს რომ შეხედავ სურათი გგონია, იმდენად სრულყოფილია. არ უნდა იყოს ასე. ხილს თავისი ფორმა აქვს, ისეთი, როგორიც ბუნებამ აჩუქა,“ - მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად