Baby Bag

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში ხორცის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ხორცი ბავშვმა უნდა მიიღოს და ის მოხარშული სახით სასურველია, რომ ბავშვთა კვებაში იყოს, მაგრამ არა ადრეული ასაკიდან. ზოგჯერ ჩვენ 4-5 თვიდან ვიწყებთ ხორცის გამოყენებას. მოხარშული ხორცი ბოსტნეულის წვნიანთან, ბურღულთან ერთად ბავშვს მივცეთ 7-8 თვის ასაკიდან. მე აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ხორცის ნახარშის გამოყენება არამარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა კვებაშიც, განსაკუთრებით დღევანდელ საუკუნეში. მოგეხსენებათ, რომ ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, დიდი რაოდენობით შეიცავს ექსტრაქტებს, პურინებს, მარილებს, მძიმე მარილებს.

თუ ჩვენ თანამედროვე ფერმის მუშაობის პრინციპებს გავითვალისწინებთ, როდესაც ცხოველების გამოკვება ხდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ვაქცინებითა და ჰორმონული პრეპარატებით, იმისთვის, რომ მას დიდი რაოდენობით ხორცი ჰქონდეს და უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოს ფერმერს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორცის ნახარშში 15-წუთიანი ხარშვის შემდეგ შეიცავს ყველა იმ მავნე ნივთიერებას, რომელიც გამოიდევნა ხორციდან. შემდგომში ეს ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელიც ხვდება ბავშვის ორგანიზმში მას რეზისტენტულსაც ხდის ამ ანტიბიოტიკების მიმართ, გარდა იმ ზიანისა, რომელსაც ის აყენებს ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმს. მე ხორცის ნახარშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

იმ ფორმით, როგორც დღეს ვიყენებთ ხორცს, რომ უკვე 3 წლის ასაკში, შეიძლება ნახარშის გამოყენება. თავდაპირველად ხორცი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, აუცილებლად უნდა გადაიღვაროს პირველი წყალი, მოიხარშოს მეორე წყალში, მერე განზავდეს ის წყალი. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ხორცის ნახარში არ არის. რა თქმა უნდა, სჯობს სულაც არ გამოვიყენოთ ხორცის ნახარში,“ - მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

10 საკვები პროდუქტი, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ

10 საკვები პროდუქტი, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ
ჩვილი ბავშვის მყარ კვებაზე გადაყვანის შემდეგ საკვები რაციონის მრავალფეროვნებაზე ზრუნვა მშობლების მთავარი მოვალეობაა. კვლევებით დასტურდება, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიცემა, მას ჯანსაღ კვებით ჩვევებს უვითარებს. კვების ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, რომ პატარებს ისეთი ალერგიული პროდუქტები, როგორიცაა არაქისი და კვერცხი, 12 თვემდე უნდა გაასინჯონ.

ბავშვის მყარ კვებაზე გადაყვანა თანდათანობით უნდა მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, პატარას ბოსტნეულის პიურეს აძლევთ, ბრინჯის ფაფას თუ ქათმის ხორცს, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი საკვების შეთავაზების შემდეგ ბავშვი სამი დღე უნდა დაასვენოთ და მის რაციონში მომდევნო სიახლის შეტანაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იზრუნოთ. ბავშვისთვის ახალი საკვების შეთავაზებისას ყურადღებით დააკვირდით პატარას მდგომარეობას, რათა ალერგიული რეაქცია არ გამოგეპაროთ.
10 პროდუქტი, რომელიც პატარას ერთ წლამდე აუცილებლად უნდა მივცეთ
ბავშვის რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული უნდა ჩავრთოთ.
1. ოსპი - მარტივად მოსამზადებელია, ამასთან ის ცილებისა და რკინის ნამდვილი საბადოა. მისგან მომზადებული ​კერძის ტექსტურა მოხარშული ბარდის ტექსტურის მსგავსია.
2. ორაგული - პატარების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც ბავშვებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ძალიან სასარგებლო ცხიმია. ორაგულის რეგულარულად მირთმევა პატარას ტვინის უჯრედების განვითარებას უწყობს ხელს.
3. არაქისის კარაქი - პიურეს მომზადებისას უნდა გამოიყენოთ. დარწმუნდით, რომ ის კერძს მეტისმეტად არ ასქელებს. არაქისის კარაქის ადრეული ასაკიდანვე მირთმევა, პატარებს მომავალში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკებისგან დაიცავს. 
4. გოგრა​პიურეს მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია. ეს კლასიკური საბავშვო საკვები პროდუქტი, პატარების რაციონს ძალიან ახალისებს. გარდა ამისა, ​გოგრა A ვიტამინის ნამდვილი საბადოა.
5. კენკრა - ბავშვები საკვებ პროდუქტებს, პირველ რიგში, თვალებით აფასებენ. მათ ძალიან მოსწონთ ფერადი პროდუქტები. რომელ პატარას არ მოხიბლავს მუქი ფერის მოცვის მარცვლების დანახვა? დაბლენდერებული ან დასრესილი მოცვი პატარას კოვზით უდნა მიართვათ ან მისი შერევა პიურეში უნდა სცადოთ. შეგიძლიათ ბავშვს კენკრისგან მომზადებული იოგურტითაც გაუმასპინძლდეთ.
6. ხახვი და ნიორი - ბავშვის რაციონის გასამდიდრებლად თქვენ მიერ მომზადებული პროდუქტები არომატული დანამატებით გაახალისეთ. შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ პიტნა, ნიორი, პრასი, ხახვი, ქინძი, რეჰანი და მწვანე ხახვი. ბავშვებს არომატული პროდუქტების მირთმევა ძალიან ხიბლავთ. თუ გსურთ, რომ პატარას ახალი გემოებისადმი და არომატებისადმი ინტერესი გაუღვივოთ, ხახვისა და ნივრის გამოყენება კერძებში აუცილებლად უნდა სცადოთ.
7. ისპანახი - ზოგიერთ პატარას ახალი კერძების დაგემოვნება ძალიან ხიბლავს, ზოგ მათგანს კი მათი გასინჯვა დიდად არ სიამოვნებს და მშობლების შემოთავაზებას სასტიკი უარით პასუხობს. ბავშვის ნეგატიური განწყობის მიუხედავად, დანებებაზე არც იფიქროთ, მით უმეტეს, თუ მისთვის მწვანე ფოთლოვანი პროდუქტების შეთავაზებას ცდილობთ. აღნიშნული ტიპის პროდუქტები მთელს პლანეტაზე ყველაზე სასარგებლო საკვებად არის მიჩნეული. მათზე უარის თქმა ბავშვისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება, ამიტომ ისპანახი და სხვა მწვანე ფოთლოვანი პროდუქტები მას აუცილებლად უნდა გაასინჯოთ.
8. საქონლის ხორცი - თუ თქვენს ოჯახში ხორცს რეგულარულად მიირთმევთ, პატარას რაციონში საქონლის ხორცი აუცილებლად უნდა ჩართოთ. შეგიძლიათ ბავშვს ის გატარებული ან პიურეს სახით მიაწოდოთ. ხორცთან ერთად ჩვილები სიამოვნებით მიირმევენ ტკბილ კარტოფილსა და მწვანე ბოსტნეულის პიურესაც. საქონლის ხორცი რკინისა და თუთიის შეუცვლელ საბადოს წარმოადგენს.
9. მარცვლეული პროდუქტები - ბავშვისთვის მხოლოდ ბრინჯის მიწოდება საკმაოდ ძველმოდური შეხედულებაა. ჩვილის რაციონში აუცილებლად ჩართეთ შვრია, ყავისფერი ბრინჯი და სხვა მარცვლეული პროდუქტები. მარცვლოვანი პროდუქტები ბავშვის ორგანიზმს უჯრედისით ამარაგებს.
10. კვერცხი - აღნიშნული პროდუქტისადმი პედიატრები ადრე მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ და მშობლებს ურჩევდნენ, რომ ჩვილი ბავშვისთვის მისი მიწოდებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა თანამედროვე მედიცინამ აღნიშნული ხედვა გადააფასა. ერთი ცალი კვერცხი 6 გრამ ცილას შეიცავს, გარდა ამისა ის ჯანსაღი ცხიმებისა და D ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რის გამოც მას ექიმები ბავშვისთვის საუკეთესო პროდუქტად თვლიან. გარდა იმისა, მოხარშული კვერცხის ბოსტნეულთან ერთად დაბლენდერება ჩვილისთვის მარტივი სადილის მომზადებაში ძალიან დაგეხმარებათ.
ბავშვისთვის სასარგებლო საკვებად ასევე მიიჩნევა შემდეგი 10 პროდუქტი: ატამი, ყაბაყი, ცხვრის ხორცი, ხუჭუჭა კობმოსტო, მარწყვი, ჭარხალი, შვრია, ყველი, გოგრა, მწვანილები.

მომზადებულია ​www.parents.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად