Baby Bag

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვისთვის წვნიანის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„თუ ბავშვი მოხარშულ საკვებს ჭამს ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ საკვები თერმულად კარგად არის დამუშავებული. სამწუხაროდ, ექიმი ვერ გირჩევთ თქვენ, როგორ უნდა მისცეთ ბავშვს წვნიანი, თუ ის არ ჭამს წვნიანს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ის, რომ თვითონ ბავშვს მიაღებინოთ მონაწილეობა საკვების მომზადების პროცესში. ლამაზად გაუფორმეთ ეს წვნიანი ბავშვს და იქნებ ასეთი ფორმით დააინტერესოთ.

ერთხელ კი ნუ შესთავაზებთ ბავშვს წვნიანს, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ იგივე შესთავაზეთ, მაგრამ თვითონ მიაღებინეთ მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, უნდა სცადოთ თამაშით დააინტერესოთ წვნიანით. იქნებ ასეთი ფორმით მაინც შეჭამოს. წვნიანი ასეთი განსაკუთრებული რაღაც არ არის. მთავარია, სწორად იყოს კალორაჟი გათვალისწინებული და დღის განმავლობაში რაციონი სწორად იყოს შედგენილი.

რა თქმა უნდა, ბოსტნეულის წვნიანი, ხორცის წვნიანი (წყალი რამდენიმეჯერ უნდა გამოვუცვალოთ ხორცს, რომ პირიქით არ შებეროს), სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად