Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს - პედიატრი ივანე ჩხაიძე

1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილი საფრთხეს არ წარმოადგენს 1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის:

„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატები არ არსებობს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი არ წარმოადგენს საშიშროებას, იმიტომ, რომ ისინი არიან ვაქცინირებული ყვავილზე. მაშინ ეს ვაქცინა იყო სავალდებულო. ვფიქრობთ, რომ ის ვაქცინა, რომელიც იყო იმ პერიოდში ჩატარებული დაიცავს ადამიანებს ამ ვირუსისგანაც. ეს ნამდვილად ცნობილია.

რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატებს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. შესაძლებელია, რომელიმე პრეპარატი იყოს ეფექტიანი, მაგრამ რომელი პრეპარატი შეიძლება იყოს გამოყენებული, ამაზე საუბარი არ არის. ვაქცინის შექმნას აზრი აქვს, როდესაც შემთხვევების რაოდენობა არის ბევრი. თუ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ ვირუსმა მიიღო მეტი გავრცელება, რა თქმა უნდა, ვაქცინის შექმნას ექნება აზრი,"- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ მედიაჰოლდინგი „კვირა“

წაიკითხეთ სრულად