Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაქსიმალისტ ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ... არ შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო,“- ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

„მაქსიმალისტ ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ... არ შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო,“- ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე

ფსიქოლოგმა ლალი ბადრიძემ მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდეალური შვილის ყოლის სურვილი შეცდომაა:

„მშობელს არ უნდა დაუჯერო, როდესაც გეუბნება: „გააკეთე ყველაფერი იდეალურად! ათოსანი უნდა იყო!" ის, რომ მშობლებს უნდათ იდეალური შვილები ჰყავდეთ, ბუნებაში იდეალური რა არის?! იდეალური რატომ უნდა ვიყო? ერთი საინტერესო ექსპერიმენტია. 10 ოთახში მილიონი განათავსეს, თითოეულ ოთახში ასი ათასი. ზოგ ოთახში პირდაპირ იდო ეს ასი ათასი, ზოგში ნაწილი დამალული იყო. იდეალურისკენ მიდრეკილი ადამიანები, მაქსიმალისტები, იღებდნენ, რაც ნახეს და დანარჩენს ეძებდნენ უჯრაში, ხალიჩის ქვეშ, მაგიდის ქვეშ. ისინი, ვინც მაქსიმალისტები არ იყვნენ, შევიდნენ ერთ ოთახში აიღეს ნაგვის პარკი, ჩაყარეს, რაც ნახეს, გავიდნენ მოერე ოთახში, აიღე იქაც, ჩაყარეს. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სწორად გააკეთონ ყველაფერი, დიდი-დიდი ორ ოთახს ასწრებდნენ და მხოლოდ 200 000 დოლარი გამოჰქონდათ. ის ადამიანები, რომლებიც იდეალურად არ ეძებდნენ, 700-800 ათას დოლარს აგროვებდნენ.“

„ბავშვობიდან გვაქვს ჩადებული, რომ თუ გაკვეთილს ისე არ ისწავლი და ათოსანი არ იქნები, ეს ძალიან ცუდია. მაქსიმალისტ ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ. არ შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო. ამასთან არის მიბმული: „სხვას აჯობე!“ არ დაუჯეროთ არასდროს, როდესაც სხვას გადარებენ: „იყავი გელაზე კარგი მოსწავლე, აჯობე გელას!“ არავის არ აჯობო! უბრალოდ გააკეთე ის, რაც შენ მოგწონს. არ დავიჯეროთ, რომ გავაკეთოთ სხვაზე უკეთესად. არასდროს არ ეცადო, რომ იმაზე უკეთესად გააკეთო,“- აღნიშნულ საკითხზე ლალი ბადრიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად