Baby Bag

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა ტკბილეულით,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ძალიან მნიშვნელოვანია გვიყვარდეს შვილიშვილებისა და შვილების წახალისება, მაგრამ არა იმ ტკბილეულით, რომლის გადაჩვევასაც მერე ვცდილობთ ხოლმე. ჩვენ დავაჩვევთ ამას და მერე ვცდილობთ გადავაჩვიოთ. დაჯილდოვება და წახალისება ხდება სხვა ფორმითაც, არ არის საჭირო, რომ ეს გავაკეთოთ მხოლოდ ტკბილეულით. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რაღაც უყვარს ბავშვს და ვერ გადავაჩვიე, აუცილებლად გავიხსენოთ, იქნებ ჩვენ გავასინჯეთ ეს პროდუქტი, რომელიც თვითონაც ვიცოდით, რომ არც ისე ჯანსაღია, მაგრამ გემრიელია. ბავშვის საგემოვნო ადაპტაცია მოხდა ჩვენი დამსახურებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გავიხსენოთ. თავიდანვე ნუ შევთავაზებთ ბავშვებს იმ პროდუქტს, რომელთანაც მერე იძულებით განშორება ძალიან მტკივნეული იქნება.

როდესაც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს შვილებს, რომ რაღაც პროდუქტი კარგია და რაღაც ცუდია, ამის მაგალითები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ. თუ ჩვენ არაჯანსაღ პროდუქტებს ხშირად მივირთმევთ, ეს აუცილებლად არის ცუდი მაგალითი. ჩვენ გვაქვს ოჯახში დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი კვებითი ჩვევები, მაგალითად, მარილიანობის ჩვენი აღქმა, შეიძლება ოჯახისთვის ცუდი ტვირთი იყოს. თუ მუდმივად ჭარბად ვამარილებთ კერძს, ოჯახის წევრები ეჩვევიან ამას და მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ ასეთი პროდუქტები მიირთვან,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა,“ - ლევან რატიანი

„15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა,“ - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პანდემიის დასამარცხებლად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პანდემია განიცდის უკუგანვითარებას, როდესაც არსებობს პოპულაციური იმუნიტეტი. პოპულაციურ იმუნიტეტს წარმოქმნის ორი ფაქტორი: ვაქცინირებულები და ინფიცირებულები. თუ ჯამი შეადგენს 80 %-ს, ამის შემდეგ ინფექციის ჯაჭვის წყვეტის ალბათობა იზრდება. 15 000 პაციენტი გვყავს გატარებული და მათში მხოლოდ სამი იყო რეინფიცირების შემთხვევა.​ ძალიან მცირე პროცენტია რეინფიცირების მთელ მსოფლიოში.

​ლევან რატიანმა ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ვაქცინაციის შეფერხება გამოიწვია:

„დაავადებამ რომ უკუგანვითარება განიცადოს, 60-დან 80 %-მდე ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ვაქცინაციის პრობლემა გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა. ადამიანები ინფორმირებულები არ არიან, რა არის ვაქცინის ბიოლოგიური შინაარსი. კაცობრიობამ ვაქცინაციის შედეგად მოაღწია დღემდე. იყო წითელა, ყვავილი, რომელიც მასობრივად ხოცავდა ადამიანებს. როგორც კი შეიქმნა ვაქცინები, სამყაროში მათი ერთეული შემთხვევები აღიწერება.“

„თუ მასიურია ვაქცინაცია, ის არის ეფექტიანი. ​ათიდან ერთი რომ გაიკეთებს ვაქცინას, ეს არ ნიშნავს არაფერს. ყველას გვავიწყდება ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისთვის რომ ვარსებობთ ადამიანები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რამოდენიმე ადამიანი ერთად არ უნდა შეიკრიბოს. ეს ნიშნავს ინფექციის პროგრესულად გავრცელებას. თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მედიცინა ძალიან მალე ჩიხში შევა,“-აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად