Baby Bag

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ თევზის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელ წესებზე ისაუბრა:

„როდესაც თევზები იწყებენ ქვირითობას, ეს არის დაახლოებით 4 თვე: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. არსებობს მოსაზრება, რომ ვაცადოთ თევზებს ეს პერიოდი და შემდეგ შევიძინოთ, მაგრამ ეს მითია და არ არის დამტკიცებული კვლევებით.

თევზის შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს: პირველი კრიტერიუმი არის სუნი, თევზს უნდა ჰქონდეს ნეიტრალური და სასიამოვნო ზღვის სუნი. ცოტა უსიამოვნო არომატი პირველი ნიშანია იმისა, რომ თევზი გაფუჭებას იწყებს. როდესაც თევზს ზედაპირზე მსუბუქად დავაწვებით, ის საწყის ფორმას ისევ უნდა დაუბრუნდეს. თუ მთლიან თევზს ვყიდულობთ, თვალები არ უნდა ჰქონდეს დაბინდული. ეს აუცილებელია. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დაავადებული და გაფუჭებულია. თუ ფილეს ვყიდულობთ, ეს ნაჭერი უნდა იყოს განცალკევებით, მშრალ, ცივ ადგილას. სასურველია მოთავსებული იყოს ყინულიან ზედაპირზე.

შეიცვალა წესები და დამოკიდებულება გაყინული თევზის მიმართ. ადრე ყველას ეგონა, რომ გაფუჭების ზღვარზე მისულ თევზს ყინავდნენ. ეს მიდგომები შეიცვალა. ახლა არსებობს თევზის დაჭერიდან მალე საკმაოდ ღრმა და სწრაფი გაყინვა. თევზს როგორც კი დაიჭერენ, მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ღრმა ყინვით გაყინავენ. მომზადებისას ის თითქმის ახალი თევზის იდენტურია. შეფუთვაზეც აქვს შესაბამისი წარწერა, როდესაც ახალდაჭერილი თევზი არის გაყინული,“- მოცემულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

10 საფრთხის შემცველი ნივთი ბავშვის საძინებელში

10 საფრთხის შემცველი ნივთი ბავშვის საძინებელში

საყოფაცხოვრებო ნივთებში არსებული საფრთხეების ამოცნობა საკმაოდ რთულია. ზოგიერთი ნივთი, რომელიც ზრდასრული ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა, პატარებისთვის სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენს სტატიაში იმ 10 ნივთს გაგაცნობთ, ​რომლებიც ბავშვისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

1. ბალიში

ზრდასრულებს კისრის არეში უსიამოვნო შეგრძნება უჩნდებათ, თუ ღამით თავი ბალიშზე არ უდევთ. ამის გამო ისინი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობიან და ჩვილებისთვის ბალიშს დიდი მონდომებით ყიდულობენ. ბავშვის ჯანსაღი და უსაფრთხო ძილისთვის მას წლამდე ასაკში ბალიში საერთოდ არ ესაჭიროება. ჩვილმა, შესაძლოა, ძილის დროს მოულოდნელად სახე დაადოს ბალიშს, თუ ფეხზე დადგომა და სიარული იცის, ის ბალიშს საწოლიდან გადმოსაძრომად და საყრდენად გამოიყენებს. ბალიში, შესაძლოა, პატარასთვის ალერგენიც იყოს.

2. ჰაერის დამატენიანებელი

ჰაერის დამატენიანებელი ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კარგად დატენიანებული ჰაერი ბავშვს ჯანსაღად სუნთქვაში ეხმარება. თუ ჰაერის დამატენიანებელს არასწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა, მან სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და ოთახში მეტისმეტად ნესტიანი გარემო შექმნას. მსგავსი შეცდომა რომ არ მოგვივიდეს, პედიატრები გვირჩევენ ჰაერის ტენიანობის შესამოწმებელი ხელსაწყო შევიძინოთ. ოპტიმალური მაჩვენებელი ჰაერის 50 % -იანი ტენიანობაა.

3. მაგნიტი

მაგნიტური სათამაშოები, ციფრები და ფიგურები ბავშვის ყურადღებას მარტივად იქცევს, თუმცა ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგნიტი სათამაშოზე კარგად არ არის მიმაგრებული. შესაძლოა, ბავშვს მაგნიტი გადაეყლაპოს და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მსგავს სათამაშოებთან ბავშვი მარტო არასდროს დატოვოთ.

4. საწოლის გამოსაკრავები

მშობლებს ძალიან მოსწონთ საწოლის გამოსაკრავების შეძენა. მათი მეშვეობით ისინი ​ჩვილის ტრავმებისგან დაცვას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გამოსაკრავები ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის. ბავშვი, შესაძლოა, სახით მიეჯახოს გამოსაკრავ ბალიშს, თუ გამოსაკრავი კარგად არ არის საწოლზე მიმაგრებული, შესაძლებელია, რომ ის ბავშვს სახეზე დაეცეს. გარდა ამისა, გამოსაკრავების გამოყენებამ, შესაძლოა, ბავშვის გადახურება გამოიწვიოს. ამერიკის პედიატრთა აკადემია საწოლის გამოსაკრავების გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს.

5. რადიოძიძა

ელექტროგაყვანილობების გამოყენება ბავშვის ოთახში ძალიან სახიფათოა. ბავშვის საწოლთან ახლოს რადოძიძის დამონტაჟებას არ გირჩევთ. შესაძლოა, ბავშვმა გაყვანილობას შემთხვევით ხელი მოჰკიდოს ან მისი დაღეჭვა სცადოს. უმჯობესია, თუ უკაბელო მოწყობილობებს შეიძენთ, ან მას ბავშვისგან მოშორებით დაამაგრებთ.

6. პლედი

პლედის პატარებთან გამოყენება იმავე მიზეზით არ შეიძლება, რა მიზეზითაც საწოლის გამოსაკრავებს არ ვუწევთ რეკომენდაციას. შესაძლოა, ბავშვმა სახეზე აიფაროს პლედი, რაც ჰაერის უკმარისობის საფრთხეს ქმნის. პლედი ბავშვს გადახურების რისკსაც უქმნის. ​18 თვემდე ბავშვის საწოლში ზედმეტი ნივთები არ უნდა გქონდეთ. თუ გეშინიათ, რომ ბავშვს შესცივდება, სპეციალური საძილე კომბინიზონები გამოიყენეთ.

7. სათამაშოები ელემენტებით

ელემენტები ბავშვისთვის ძალიან სახიფათოა. იმ შემთხვევაში, თუ ის ელემენტს გადაყლაპავს, შესაძლოა, საყლაპავის სერიოზული დამწვრობა განუვითარდეს. ელემენტების მოხვედრა სახიფათოა ცხვირსა და ყურებშიც. არასდროს დატოვოთ ბავშვი ელემენტებთან ახლოს. კარგად დააკვირდით სათამაშოებს, თუ რამდენად უსაფრთხოდ არის მათში ელემენტები მოთავსებული.

8. არამყარი ავეჯი

ავეჯი ბავშვის ოთახში აუცილებლად მყარი უნდა იყოს. საქმე არ ეხება მხოლოდ კარადებსა და სხვა დიდი ზომის ავეჯს. ნებისმიერი სარკე, ტექნიკა ან სხვა სახის ავეჯი მყარი უნდა იყოს, რათა ბავშვს მოულოდნელად არ დაეცეს. ეცადეთ ავეჯი მყარად მიამაგროთ კედლებს. არასდროს დადოთ ბავშვისთვის მიმზიდველი ნივთი მისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე, რათა​ ის გადმოვარდნის საფრთხისგან დაიცვათ.

9. არომატული სანთლები

არომატული სანთლები ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ ოთახში ჰაერი კარგად არ ცირკულირებს, შესაძლოა, მძაფრმა არომატებმა ბავშვებში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ მათ ასთმა აქვთ. ბავშვის ფილტვები განვითარების პროცესშია, რის გამოც მასზე მსგავსი მავნე ნაერთებით ზემოქმედება არ შეიძლება. თუ ოთახში უსიამოვნო სუნია, ბავშვი ოთახიდან გაიყვანეთ და ფანჯარა გამოაღეთ, რათა ჰაერი გასუფთავდეს.

10. რბილი სათამაშოები გრძელი ბეწვით

რბილი სათამაშო ბავშვის საწოლში არ დატოვოთ, როდესაც ის იძინებს, ​რათა ის მოგუდვის საფრთხისგან დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კარგად არის შეკერილი სათამაშო. ნუ იყიდით ისეთ სათამაშოს, რომელსაც გრძელი ბეწვი აქვს. ადრე თუ გვიან ბეწვი ცვენას დაიწყებს და ის ბავშვის პირის ღრუშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

მომზადებულია​ adme.ru - ს მიხედვით


წაიკითხეთ სრულად