Baby Bag

როგორი უნდა იყოს სასკოლო ასაკის ბავშვის კვება? - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სასკოლო ასაკის ბავშვების კვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შემოდგომაზე უკვე ბავშვები მიდიან სკოლაში. ამ დროს მათი წლიური ავადობის ჯერადობაც იმატებს. ისინი ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში არიან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები სწორად იკვებებოდნენ, სწორად იღებდნენ ბალანსირებულ საკვებ ნივთიერებებს, მიკრონუტრიენტებს, მაკრონუტრიენტებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. უფრო ადვილად გაუსწორდნენ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

საკმაოდ ხშირად მშობლები მოგვმართავენ, რა დავუნიშნოთ იმუნიტეტისთვის ბავშვებს. ყველაზე კარგი იმუნიტეტის სამკურნალო საშუალება არის სწორი, ბალანსირებული კვება, თავისი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ბუნებრივი ვიტამინებით.

სეზონურად აუცილებელია, რომ ბავშვმა იგივე ყაბაყი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა  თითქმის ყოველდღიურ რაციონში მიიღოს. ეს უნდა იყოს სწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტები. B,C ჯგუფის და წყალში ხსნადი ვიტამინები როგორც მოგეხსენებათ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული.

აუცილებელია პროდუქტი მომზადებისას არ მივიყვანოთ მაღალ ტემპერატურამდე, 100 გრადუსამდე. დიდხანს არ მოვხარშოთ პროდუქტები, არ ვათუხთუხოთ და არ დავწვათ. ყაბაყი ხშირად ორივე მხარეს ისეა დამწვარი, ეს მიუღებელია. დაბრაწულს შეიძლება უფრო კარგი გემოც ჰქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაწვამდე არ მივიყვანოთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროდუქტების სეზონურობა. სეზონური პროდუქტებით დამზადებული საკვები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ სხვადასხვა სილამაზით გამზადებული, სწორად დამუშავებული შევთავაზოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

​„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, „ნიუ ჰოსპიტალსისა“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ოფთალმოლოგიაში არსებული გამოწვევები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონფერენციის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა დარგში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენლის, ვიტრეორეტინალური ქირურგის, შოთა თადუმაძის შეფასებით, კონფერენცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს დარგში არსებული, საკუთარი ხედვა გააცნეს.

„აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, ერთი მხრივ, ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას, მეორე მხრივ კი, წარმოდგენილნი არიან წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი გვიზიარებენ თანამედროვე მიდგომებს, საკუთარ ხედვას ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად გვქონდეს საშუალება, თვალი ვადევნოთ სიახლეებს და გამოვიყენოთ ისინი პრაქტიკაში. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ექიმს არ აქვს იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედ მოწვეული სპეციალისტების ვიზიტი ჩვენთან, რადგან მათ გაგვაცნონ თავიანთი თანამედროვე მიდგომები და ფეხიავუწყოთ არსებულ რეალობას.უმჯობესი იქნება, თუკი მსგავსი ტიპის შეხვედრები უფრო ხშირად გაიმართება“, - აღნიშნავს შოთა თადუმაძე.

კონფერენციას აფასებს ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი („ნიუ ჰოსპიტალსი“), გრიგოლ ქამუშაძე. მისი თქმით, სფეროში მუდმივად არსებული სიახლეების გამო, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია.

„ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იყვნენ უცხო ქვეყნების წამყვანი კლინიკების სპეციალისტები და მათ გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, ჩვენ კი მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ. შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეგვიწყობს საქართველოში ოფთალმოლოგიის განვითარებაში. ოფთალმოლოგია, დაახლოებით, რვა ნაწილად იყოფა. ამჯერად, საუბარი უშუალოდ იყო ოკულოპლასტიკაზე, გლაუკომის ქირურგიაზე, რაც გახლავთ საკმაოდ დინამიკური დარგი და ის ყოველწლიურად ვითარდება. იმის გამო. რომ მუდმივად სიახლეებთან გვაქვს საქმე, მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომლებიც უცხოეთშიც ტარდება, გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გავცვალოთ საკუთარი გამოცდილება, რათა ქირურგიის განვითარების მხრივ მუშაობა იყოს წარმატებული“, - აცხადებს ქამუშაძე.

როგორც „ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების ხელმძღვანელი“, ოლეგ გოლოვაჩოვი აღნიშნავს, კონფერენციაში ახალგაზრდების ასეთი მნიშვნელოვანი ჩართულობა სასიხარულოა.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამედროვე, აქტუალური საკითხები, საქართველოში მათი დანერგვა და გადმოტანა ჩვენი ქვეყნის კლინიკურ პრაქტიკაში. სწორედ ეს იყო კონფერენციის მთავარი მიზანი. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ონკოლოპლასტიკა ოფთალმოლოგიაში.ამ მხრივ, აშშ-დან იყო ძალიან საინტერესო ლექცია. არაერთი სიახლე გაჟღერდა გლაუკომის მიმართულებით. ჩვენ ოფთალმოლოგიაში ყოველთვის გვჭირდება განახლება. მთავარი დევიზია - ყველაფერიუნდავაკეთოთსწორად. დღეს ყველა არის გადასული კატარაქტის ქირურგიაზე, სხვა მიმართულებები არანაკლებ აქტუალურია. რაც მთავარია, ჩვენ ბიძგს ვაძლევთ ახალგაზრდობას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაესწრო შეხვედრას. მე მიხარია, რომ ამ კონფერენციამ მათში ასეთ დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრაქტიკული განხრით. ჩვენი კლინიკური გამოცდილებაც გავუზიარეთ დაინტერესებულ საზოგადოებას“ , - განაცხადა ოლეგ გოლოვაჩოვმა.

R. 

წაიკითხეთ სრულად