Baby Bag

როგორი უნდა იყოს სასკოლო ასაკის ბავშვის კვება? - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სასკოლო ასაკის ბავშვების კვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„შემოდგომაზე უკვე ბავშვები მიდიან სკოლაში. ამ დროს მათი წლიური ავადობის ჯერადობაც იმატებს. ისინი ძირითადად ჩაკეტილ სივრცეში არიან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები სწორად იკვებებოდნენ, სწორად იღებდნენ ბალანსირებულ საკვებ ნივთიერებებს, მიკრონუტრიენტებს, მაკრონუტრიენტებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. უფრო ადვილად გაუსწორდნენ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციას.

საკმაოდ ხშირად მშობლები მოგვმართავენ, რა დავუნიშნოთ იმუნიტეტისთვის ბავშვებს. ყველაზე კარგი იმუნიტეტის სამკურნალო საშუალება არის სწორი, ბალანსირებული კვება, თავისი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ბუნებრივი ვიტამინებით.

სეზონურად აუცილებელია, რომ ბავშვმა იგივე ყაბაყი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა  თითქმის ყოველდღიურ რაციონში მიიღოს. ეს უნდა იყოს სწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტები. B,C ჯგუფის და წყალში ხსნადი ვიტამინები როგორც მოგეხსენებათ იცავს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული.

აუცილებელია პროდუქტი მომზადებისას არ მივიყვანოთ მაღალ ტემპერატურამდე, 100 გრადუსამდე. დიდხანს არ მოვხარშოთ პროდუქტები, არ ვათუხთუხოთ და არ დავწვათ. ყაბაყი ხშირად ორივე მხარეს ისეა დამწვარი, ეს მიუღებელია. დაბრაწულს შეიძლება უფრო კარგი გემოც ჰქონდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაწვამდე არ მივიყვანოთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროდუქტების სეზონურობა. სეზონური პროდუქტებით დამზადებული საკვები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ სხვადასხვა სილამაზით გამზადებული, სწორად დამუშავებული შევთავაზოთ სასკოლო ასაკის ბავშვებს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ძვირადღირებული საჩუქრების ინტენსიურად ჩუქების შემთხვევაში, არსებობს მუდმივ მოთხოვნილებაში გადაზრდის რისკი

ძვირადღირებული საჩუქრების ინტენსიურად ჩუქების შემთხვევაში, არსებობს მუდმივ მოთხოვნილებაში გადაზრდის რისკი

სკოლის დამთავრების ან გამოცდების ჩაბარების შემდეგ ძვირადღირებული ნივთების ჩუქებით, ვუკარგავთ თუ არა მოტივაციას შვილებს, თვითონ მიაღწიონ მიზანს, ხომ არ წარმოადგენს ეს დამოუკიდებლობის შეზღუდვას? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, სუპერვაიზერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, მაკო გაგნიძე.

- ხშირად, როდესაც შვილი ამთავრებს სკოლას, ან წარმატებით ასრულებს გამოცდებს, მშობლები ასაჩუქრებენ ძვირადღირებული ნივთებით (მაგალითად, მანქანა) რამდენად მიზანშეწონილია ეს მათთვის, ვუკარგავთ თუ არა მოტივაციას, თვითონ მიაღწიონ მიზანს?

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვჩუქნით ერთმანეთს საჩუქრებს? რას ვასწავლით ბავშვებს, როდესაც მათ სიურპრიზს ვუმზადებთ, ან ვაძლევთ შესაძლებლობას საჩუქარი გაუკეთონ ოჯახის წევრებს და მეგობრებს? აღნიშნულის გაცემა სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამით გვინდა ვაჩვენოთ, რომ ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია, ვზრუნავთ მასზე და შეძლებისდაგვარად ვაძლევთ იმას, რაც მისთვის სასურველია, რაზეც ოცნებობს. ეს არის ის, რასაც საკუთარი სურვილით ვჩუქნით ადამიანებს, რათა გავახაროთ და ვასიამოვნოთ, ეს ნიშნავს ერთმანეთისთვის ბედნიერების, სიხარულის, აღფრთოვანების მინიჭებას, ყოველგვარი დამსახურების და პირობების გარეშე.
თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მისი ემოციური არსი ხშირად უფრო მნიშვნელოვანი და ღრმაა, ვიდრე მატერიალური. მშობლებსა და შვილებს შორის ფსიქოლოგია გარკვეულწილად პირობების და წესების არსებობას ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, ურთიერთშეთანხმებითი ფორმით, რომელთა შესრულების შემდეგ ბავშვი იღებს ჯილდოს. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია მოტივაციასთან. არსებობს ორი სახის მოტივაცია: შინაგანი და გარეგანი. როცა მშობელი ბავშვს ეუბნება - „თუ გამოცდას ჩაბარებ, გიყიდი მანქანას“, ეს არის მოტივაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, გარეგანი მოტივაცია, როცა ადამიანი ამა თუ იმ ქმედებას ასრულებს გარეგანი ზემოქმედების, ჯილდოს მიღების გამო. ასეთი მოტივაცია არის ხანმოკლე და არაეფექტური. წარმატების მიღწევა მხოლოდ ამით ვერ ხერხდება, ან თუ ხერხდება ხანმოკლე დროით. შინაგანი მოტივაციის საყრდენ ფაქტორებს წარმოადგენს: მოთხოვნილება, ინტერესი, შინაგანი განწყობა. წარმმართველი პროცესია ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.
სწორედ ამიტომ მშობლის მიზანი უნდა იყოს შინაგანი მოტივაციის ამაღლება, რაც არის ხანგრძლივ დროზე ორიენტირებული, მიზნობრივი, რითიც ადამიანი სწავლობს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების დაკმაყოფილებას.
ის, თუ რისი ჩუქება შეიძლება და რისი არა, ეს ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური საკითხია, მთავარია, რომ საჩუქარი იყოს საჩუქარი და არა მანიპულირების საშუალება, ვალის მოხდა ან რაღაცის კომპენსირება. ძვირადღირებული საჩუქრების ინტენსიურად ჩუქების შემთხვევაში, არსებობს მუდმივ მოთხოვნილებაში გადაზრდის რისკი.
- როგორ უნდა ვაჩუქოთ შვილს საჩუქარი, რომ მასზე დადებითად აისახოს და არა პირიქით, დამოუკიდებლობა დავუკარგოთ?
- ზოგადად საჩუქრის ჩუქების აქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების კმაყოფილებისა და კეთილდღეობის განცდის თვალსაზრისით. ადამიანები, რომლებიც ხშირად აკეთებენ საჩუქრებს, თავს უფრო ბედნიერებად გრძნობენ. რაც შეეხება შვილისთვის საჩუქრის სწორად შერჩევას, დღეს რთულია თანამედროვე მოზარდების გაოცება, თუმცა თუ დეტალურად შევისწავლით მის ხასიათს, ინტერესებს, ჰობის, მისთვის ისეთი ძვირფასი საჩუქრის შერჩევასაც შეძლებთ, რომელიც არ საჭიროებს მნიშვნელოვან მატერიალურ ხარჯებს. საჩუქარი შესაძლოა, არ იყოს მატერიალურად ძვირი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰქონდეს დიდი ემოციური მნიშვნელობა. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევა, მას ჰქონდეს გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა და რა თქმა უნდა, შერჩეული იყოს საჭიროების, ასაკის გათვალისწინების მიხედვით.
- ზოგიერთ მშობელს სჩვევია ფრაზა - ჩემს ხარჯზე ცხოვრობ და რასაც გეტყვი, ისე უნდა გააკეთო. როგორ აისახება ეს მათ ფსიქიკაზე?

- ​რა თქმა უნდა, მსგავსი გამონათქვამი მშობლის მხრიდან, შვილის მიმართ ნამდვილად არასასიამოვნოა და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, უპატივცემულობას გამოხატავს. ხშირად მშობელი უკმაყოფილოა საკუთარი შვილით და სურს მისი ცხოვრების გზა თავად განკარგოს, რაც გაუმართლებელია. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მშობლის მიერ შვილის პიროვნებად არაღიარებას. 
რა ასაკისაც არ უნდა იყოს შვილი, შესაძლოა, მშობლის მხარდაჭერა მისთვის ცხოვრების გარკვეულ ეტეპებზე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორც ფსიქოლოგიური ასევე მატერიალური, თუმცა ეს არ ზღუდავს მის ინდივიდუალიზმს. შესაძლოა, მშობლის და შვილის მოსაზრებები და ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, რაც სრულიად ნორმალურია. მატერიალური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სანაცვლოდ მშობლისგან მსგავსი მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და უსამართლოა, გარკვეულწილად შეიცავს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებს, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს სხვადასხვა სახის ფსიქლოგიურ პრობლემებს.

მიეცით შვილებს შეცდომების დაშვების უფლება, დაე, თავად აგონ პასუხი საკუთარ შეცდომებზე და აიღონ პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, ამასთან, მშობელთან მეგობრული ურთიერთობა ეხმარება შვილს მომავალი ცხოვრების წარმართვაში. მას უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს გაუზიაროს მშობელს საკუთარი წუხილი, გულისტკივილი და მისი მხრიდან მიიღოს არა სასჯელი და კრიტიკა, არამედ მხარდაჭერა და თანადგომა. მნიშვნელოვანია გარემო, სადაც არსებობს წესებიც, აკრძალვებიც, მაგრამ მშობლები უსმენენ შვილს, აქვთ მისი უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, ესაუბრებიან მას და აფასებენ, როგორც პიროვნებას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად