Baby Bag

„პურისა და კარტოფილის მირთმევა ერთად არ არის კარგი კომბინაცია,“ - ლევან რატიანის რეკომენდაცია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა ის საკვები პროდუქტები დაასახელეს, რომელთა ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის:

„როდესაც ორგანიზმში ხვდება ჯანსაღი, დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები, მათი მონელება ძალიან ძნელდება და ხდება არასასარგებლო ჩვენთვის. ამ დროს ძალიან იტვირთება ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა, წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, რაც იწვევს მეტეორიზმს და შეიძლება სხვადასხვა დაავადებების და ალერგიის მიზეზიც გახდეს. გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომელთა ერთად მირთმევა არ არის რეკომენდებული.

პურისა და კარტოფილის მირთმევა ერთად არ არის კარგი კომბინაცია, ვინაიდან ორივეში ნახშირწყლები მკვეთრი სიჭარბითაა წარმოდგენილი და იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვას.

მაკარონი და პომიდორი კომბინაციაში არ არის რეკომენდებული. პომიდორი შეიცავს ტუტე მჟავებს, რაც სახამებლის მონელებას უშლის ხელს. პასტაში უხვად არის სახამებელი. ამ პროდუქტების კომბინაცია იწვევს შებერილობას, მეტეორიზმს და რთულად ხდება მისი მონელება. უმჯობესია ისინი ცალ-ცალკე მივირთვათ.

პიცა და გაზიანი სასმელი ერთად არ არის რეკომენდებული. პიცაში შემავალი ნახშირწყლები ცილებთან და სახამებელთან ერთად მოსანელებლად საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. გაზიან სასმელში შემავალი შაქარი იწვევს მონელების პროცესის შეფერხებას, ცრუ შიმშილის შეგრძნებას გვიტოვებს, უფრო მეტ საკვებს მივირთმევთ და კუჭში გვაქვს სრული არეულობა. პიცა მივირთვათ წყალთან ერთად.

ბანანი და რძე ასევე არ უნდა მივიღოთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელია ამ ორი პროდუქტის კომბინაცია, ის ძალიან რთულად მოსანელებელია ჩვენი კუჭისთვის. ბანანი და რძე ერთად იწვევს მეტეორიზმს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დიფუნქციას, ტკივილს მუცლის არეში, გულძმარვას, სიმძიმის შეგრძნებას.“

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად