Baby Bag

რა არის კვებითი გადაღლა და როგორ დავამარცხოთ საკვების დახმარებით ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება? - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა დაღლილობის შეგრძნების დასამარცხებლად სწორი კვების რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სწორი კვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სიცოცხლისუნარიანობაზე, ჩვენს ენერგიაზე, განწყობაზე, ხალისზე. ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. საკვები არის ერთგვარი საწვავი იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს. რაც უფრო ნუტრიენტულად არასრულფასოვანი იქნება საწვავი, მით უფრო მალე მოხდება ისეთი ცოცხალი ორგანიზმის ჩამოშლა, როგორიც არის ჩვენი ორგანიზმი.

რა შეიძლება იყოს ქრონიკული გადაღლის გამომწვევი მიზეზი? როგორც მოგახსენეთ, მიზეზი მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის უკმარობა, სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქცია, ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ანემია და რა თქმა უნდა, კვება.

რას ნიშნავს კვებითი გადაღლა? არსებობს საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ქრონიკული გადაღლისგან გაგათავისუფლებთ, თუ ეს არასწორი და ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული. კვება უნდა იყოს დაბალანსებული, სწორი, რაციონალური. მნიშვნელოვანია ჯერადი ხასიათის კვება. მიირთვით დღის განმავლობაში ხშირად და ცოტ-ცოტა. ჩვენს ბიოლოგიურ საათს, ჩვენს შინაგან საათს, როდესაც ის დროსთან ერთად მოდის სინქრონში ცირკადული რიტმის სახელით ვიცნობთ. ეს არის ის შინაგანი საათი, რომელიც გვამცნობს, როდის დავიძინოთ, როდის უნდა გავიღვიძოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ მივირთვათ და რამდენჯერ. ქაოტურად საკვების მირთმევა გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან საათზე, მეტაბოლიზმზე. შინაგანი საათის ცვლილებაზე რეაგირებენ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები, როგორებიცაა: სისხლის წნევა, მეტაბოლიზმი, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, ჰორმონული აქტივობა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენი დღე იყოს ენერგიული და ეს არამხოლოდ დღის განმავლობაში ვრცელდება, მნიშვნელოვანია ძილი. მხოლოდ ძილის ხანგრძლივობაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, არამედ მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. შინაგანი საათის დარღვევა, რომელიც არასწორი, ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული, გავლენას ახდენს ძილის ჰორმონზე.

ეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვათ საკვები, ბოლო კვება ძილამდე 3 საათით ადრე დაასრულეთ. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება. საუზმე არის დღის მთავარი კვება, დილას ყოველთვის სჯობს, რომ ვისაუზმოთ და ისე გავიდეთ შინიდან,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​მინიმალური გამოსხივება და მაქსიმალური გამოსახულება - სოფო ჭედია SONIALVISION G4-ის შესახებ

​მინიმალური გამოსხივება და მაქსიმალური გამოსახულება - სოფო ჭედია SONIALVISION G4-ის შესახებ

ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლა სწორი დიაგნოზის დასმით იწყება, თანამედროვე მედიცინაში კი ტექნოლოგიურ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გვინდა გაგაცნოთ უახლესი და სრულად ციფრული იაპონური რენტგენის აპარატი - „Shimadzu Sonialvision G4“, რომელიც წინა თაობების აპარატებთან შედარებით ბევრი უპირატესობით გამოირჩევა და „ნიუ ჰოსპიტალსს“ სულ ცოტა ხნის წინ შეემატა.

​MOMSEDU.GE-ს მკითხველი სიახლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ​სოფო ჭედიასგან შეიტყობს:

- „წინა თაობის აპარატებისგან განსხვავებით, ამ მოდელში მინიმუმამდეა დაყვანილი რადიაციული გამოსხივების დონე;

- აპარატი იძლევა ისეთი მაღალი ხარისხის გამოსახულებას, რომ წინა თაობის რენტგენებისთვის შეუმჩნეველი დეტალები უპრობლემოდ ვიზუალიზდება და ვლინდება;

- ჩვენი აპარატით შესაძლებელია ერთ ფირზე სხეულის ბევრად დიდი არეალის მოცვა, ვიდრე წინა თაობის აპარატების შემთხვევაში. რაც პაციენტს იცავს ზედმეტი დასხივებისგან.“

- რას ნიშნავს ციფრული რენტგენოგრაფი?

სოფო ჭედია: „ანალოგური, ანუ ძველი თაობის რენტგენისგან განსხვავებით, ციფრულ რენტგენს აქვს საშუალება, რომ სურათი გადაიღოს 1024x1024 გაფართოებით და 12 ბიტში. ეს გვაძლევს ძალიან მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას. ასევე, Shimadzu-ს ციფრული ტექნოლოგია თავიდან აგვაცილებს ზედმეტ რადიაციას და უზრუნველყოფს მაღალკონტრასტულ გამოსახულებას.

გადაღებული გამოსახულებები ადვილად მუშავდება 3D რეჟიმში და ავტომატურად ინახება ე. წ. PACS სისტემაში, რაც დიდი კომფორტია ექიმებისთვის და კვლევის სურათების ხანგრძლივი დროით არქივირების საშუალებას იძლევა.“

Sonialvision G4-ის მთავარი უპირატესობები:

სოფო ჭედია: „აპარატს აქვს ე. წ. SLOT-პროგრამა, რაც გულისხმობს ერთი სხივით 140 სმ სიგრძის ვიზუალის გადაღებას, კიდურების სიგრძის ერთმანეთთან შედარება, ხერხემლის გადაღება სკოლიოზების დროს და სხვა.

- ტომოსინთეზის ფუნქცია - ეს არის ნებისმიერი გადასაღები სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია, რაც იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად და დეტალურად გამოვიკვლიოთ საეჭვო უბანი. რიგ რთულ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო აღარ ხდება დამატებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

,,Sonialvision G4“ გამორჩეულია ბევრად გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრებით, ულტრათანამედროვე ფუნქციებით და ისეთი შესაძლებლობებით, რომლებიც პრაქტიკულად ნულამდე ამცირებენ რაიმე უზუსტობის ალბათობას დიაგნოზის დასმის დროს. ასეთი ტექნიკა უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აზროვნებას.“

- რით არის მოსახერხებელი? მაგალითად, ბავშვებისთვის, შშმ პირებისა და ჭარბწონიანებისთვის...

სოფო ჭედია: „ახალ ტექნიკას ბევრი უპირატესობა აქვს, გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:

- აპარატის დიზაინი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზე, მორგებულია პაციენტის კომფორტზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე; ასევე, აქვს სპეციალური პედიატრიული რეჟიმი ბავშვებისთვის.

- მულტიკასეტური გადაღების შესაძლებლობა, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია უროლოგიური და აბდომინური კვლევების დროს, რომლებიც ფართო მხედველობის ველს საჭიროებს.

- აპარატს გააჩნია სხვადასხვა ზომის კასეტები, რომლებიც იდგმება სამიზნე მოწყობილობის წინა მხარეს. ეს მოწყობილობა ავტომატურად გადაადგილდება და ცალკეულ კადრებს აფიქსირებს. 4-ველიანი კამერა უზრუნველყოფს სწორ ექსპოზიციას და ზუსტ გამოსახულებას.“

- რა დიაგნოზების დასასმელად გამოიყენება?

სოფო ჭედია: „ჩვენი აპარატით შესაძლებელია როგორც რენტგენოსკოპული, ასევე რენტგენოგრაფული გამოკვლევების სრული სპექტრი. 

რენტგენოსკოპული კვლევებია:

- გულმკერდის რენტგენოსკოპია;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს საყლაპავის, კუჭის, 12-გოჯა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის კონტრასტულ კინეტიკურ გამოკვლევებს, ასევე ირიგოსკოპიას;

- უროლოგიური რენტგენოსკოპია, რომელიც მოიცავს ექსკრეტორულ უროგრაფიას, ცისტოსკოპიას, მიქციურ ცისტოსკოპიას, ურეთეროცისტოსკოპია;

- ფისტულოგრაფია;

- ქოლანგიოსკოპია;

რენტგენოგრაფული კვლევებია (ე. წ. SLOT-პროგრამა):

- კიდურების სიგრძის განსხვავების გაზომვა;

- სკოლიოზის სრულყოფილი კვლევა;

- ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა;

- ქუსლი ძვლის აქსიალური პროექცია;

- კვირისტავის რენტგენოგრაფია;

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენოგრაფია;

- ფილტვის ტომოსინთეზი;

- ძვლის ტომოსინთეზი;“

R. 

წაიკითხეთ სრულად