Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

გზამკვლევი ორსულებისთვის: რა სიმპტომები აქვს ქალს ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში?

გზამკვლევი ორსულებისთვის: რა სიმპტომები აქვს ქალს ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში?

ორსულობა საშუალოდ 40 კვირადე გრძელდება. ორსულობის კვირები სამ ტრიმესტრად არის დაჯგუფებული. გაიგეთ, რა ხდება თქვენს ორგანიზმში თითოეული ტრიმესტრის განმავლობაში და რა სიმპტომებს უნდა ელოდოთ ორსულობის ცალკეულ ეტაპებზე.

პირველი ტრიმესტრი (1-12 კვირა)

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ჰორმონალური ცვლილებები ორგანოთა ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას. აღნიშნული ცვლილებები ხშირად ორსულობის საწყის ეტაპზევე იწვევს გარკვეული სიმპტომების გამოვლენას. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელიც ორსულობაზე მიგანიშნებთ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტაა. სხვა სიმპტომები, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვლინდება, შემდეგია:

  • ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
  • მკერდის მგრძნობელობის მატება
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დილის გულისრევა, ღებინება
  • გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ ლტლოლვა ან ზიზღი
  • ხასიათის ცვალებადობა
  • შეკრულობა
  • გახშირებული შარდვა
  • თავის ტკივილი
  • გულძმარვა
  • წონაში მატება ან კლება

ორსულობის პირველ ტრიმესტრში უმჯობესია ცხოვრების წესი შეიცვალოთ, დასაძინებლად ადრე წახვიდეთ და მცირე ულუფებით იკვებოთ. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად უსიამოვნო სიმპტომების დიდი ნაწილი გაივლის. ზოგიერთი ქალი მეორე-მესამე ტრიმესტრში დისკომფორტს საერთოდ აღარ განიცდის. თუ ორსულად აქამდეც ყოფილხართ, შესაძლოა, ამჯერად სხვა სიმპტომები გამოგივლინდეთ. როგორც თითოეული ქალის ორსულობა, ასევე კონკრეტული ქალის სხვადასხვა ორსულობაც ერთმანეთისგან განსხვავებულია.

მეორე ტრიმესტრი (13-28 კვირა)

ქალების უდიდესი ნაწილისთვის ორსულობის მეორე ტრიმესტრი პირველთან შედარებით მარტივია. გულისრევისა და დაღლილობის სიმპტომები ნელ-ნელა ქრება. მუცლის ზომა ნაყოფის ზრდასთან ერთად იმატებს. ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასრულებამდე ბავშვის პირველ მოძრაობასაც იგრძნობთ. სიმპტომები, რომლებიც მეორე ტრიმესტრში ვლინდება, შემდეგია:

  • მუცლის, ზურგის, საზარდულისა და ბარძაყის ტკივილი
  • სტრიები მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და დუნდულებზე
  • მკერდის ირგვლივ კანის გამუქება
  • მუქი ფერის ლაქების გაჩენა ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ზედა ტუჩთან
  • ხელების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება
  • ქავილის შეგრძნება ხელისგულებზე, მუცელსა და ტერფებზე
  • სახის, ტერფებისა და თითების შეშუპება (უცაბედი და ექსტრემალური შეშუპების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს)

მესამე ტრიმესტრი (29-40 კვირა)

მეორე ტრიმესტრში არსებული სიმპტომების ნაწილი მესამე ტრიმესტრშიც ფიქსირდება. ქალების დიდ ნაწილს სუნთქვა უძნელდება და შარდვის გახშირებული მოთხოვნილება აქვს, რადგან ბავშვი იზრდება და ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. ცვლილებები, რომლებსაც მესამე ტრიმესტრში შეამჩნევთ, შემდეგია:

  • სუნთქვის გაძნელება
  • გულძმარვა
  • ჰემოროი (ბუასილი)
  • მტკივნეული მკერდი
  • ძილის პრობლემები
  • მუცლის ქვედა არეში ბავშვის მოძრაობის გახშირება
  • საშვილოსნოს შეკუმშვები, რომელიც, შესაძლოა, მშობიარობის დაწყების ნიშანიც იყოს

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ექიმი ყურადღებით აკვირდება ორსულობის განვითარებას და მშობიარობისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

წყარო: ​Womenshealth.gov

წაიკითხეთ სრულად