Baby Bag

რა არის ნიტრატი და შეგვიძლია თუ არა ნიტრატებიანი პროდუქტის ამოცნობა? - აგრონომი თამარ ოთხმეზური

აგრონომმა თამარ ოთხმეზურმა ნიტრატების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:

„ნიტრატი არის ელემენტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის. ყველა ბოსტნეულსა და ხილში არის რაღაც დოზით ნიტრატების შემცველობა. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ წარმოების პროცესში შევიტანეთ ზედმეტი სასუქი, უმეტესად ეს არის აზოტოვანი სასუქები, მცენარე ამას იღებს, აგროვებს ზედმეტი რაოდენობით და მერე უკვე ეს გადმოდის ჩვენს საკვებ ჯაჭვში. ძირითადად ბოსტნეული უფრო გამოკვეთილად მდიდარია ნიტრატებით, ასევე არის მწვანილები, სალათი, საზამთრო.

არ მგონია სწორი, რომ თუ კარგად გამოიყურება პროდუქტი და დიდი ზომისაა, ნიტრატებით არის სავსე. პროდუქტი როდესაც დევს დახლზე, იქ ჩვენ ნიტრატს ვერ დავინახავთ.  როდესაც ვართ ნაკვეთში, შევდივართ და ვნახულობთ მცენარე როგორ არის, იქ შეგვიძლია შევატყოთ აქვს თუ არა ზედოზირება ნიტრატების. ნიტრატი მოდის აზოტისგან, მისგან წამოსული ელემენტია. აზოტი ძალიან ხელმისაწვდომია ფერმერისთვის. შედარებით უფრო ეკონომიურადაც შეუძლია შეიძინოს, ფერმერს უფრო მეტი ცოდნა აქვს აზოტის შესახებ. ფერმერმა მცენარესთან სხვადასხვა სასუქები უნდა შეიტანოს და არ არის მარტო აზოტი. არის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი.

როდესაც პროდუქტს ბაზარში ვყიდულობთ, აუცილებელია, რომ ის კარგად გავრეცხოთ. თუმცა გარეცხვა ნიტრატებთან არაფერ შუაში არ არის. ნიტრატები პროდუქტში არის შიგნიდან. აქ ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია, რომ მან დაიწყოს უფრო გონიერი მიდგომა და მცენარის კვება დააბალანსოს. როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბალანსირებული კვება, ასევე სჭირდება მცენარეს და მარტო აზოტის შეტანა არ არის სწორი,“- მოცემულ საკითხზე თამარ ოთხმეზურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ანევრიზმის უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“

ანევრიზმის უფასო კონსულტაციის შესაძლებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“

მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვს ანევრიზმა, შესაძლებლობა ეძლევა უფასო კონსულტაცია გაიაროს ქეთევან მიქელაძესთან. ჩაწერა ხდება წინასწარ.

MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგ, ნეიროინტერვენციონისტ - ქეთევან მიქელაძეს ეწვია და ამ თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია მოამზადა.

- ზოგადად, რა არის ანევრიზმა და რამდენად გავრცელებულია?

ქეთევან მიქელაძე: ანევრიზმა არის სისხლძარღვის პათოლოგიური გაგანიერება, ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებული სისხლძარღვის კედლის დეფექტის ადგილას გამოწვეულიცვლილება, რის შედეგადაც ფორმირდება ანევრიზმა.მისი სიმტკიცე არის დარღვეული, შესაბამისად, კედელი თხელია და მიდრეკილია გასკდომისკენ. ძირითადად მისი წარმოქმნის ადგილია აორტისა და თავის ტვინის არტერიები.

დაახლოებით, ანევრიზმის გავრცელება მოსახლეობაში არის 5%. რაც შეეხება, გამსკდარ ანევრიზმას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ხდება დიაგნოზის დასმა, გამსკდარი ანევრიზმის რიცხვი ბევრად დაბალია, ვიდრე გაუმსკდარი დაშეადგენს - 10/100000-ს.

- როგორ ჩნდება და რა ნიშნებით ვლინდება?

ქეთევან მიქელაძე: გენეტიკური წინასწარგანწყობა -გასათვალისწინებელია, ჰქონია თუ არა რომელიმე პირველი ხაზის ნათესავს (მშობლები, და-ძმა) სისხლძარღვოვანი დაავადებების მიმართ მიდრეკილება, როგორებიცაა: შემაერთებელი ქსოვილების, თირკმლის პოლიკისტოზი, მარფანის სინდრომი და ა.შ.ის დროთა განმავლობაში ვითარდება, ამა თუ იმ მაპროვოცირებელი მიზეზების გავლენით.

ანევრიზმის გასკდომის უმთავრესი სიმპტომია ძლიერი თავისტკივილი და შემდეგ, შესაძლოა იყოს კრუნჩხვითი გულყრები, სისუსტე, დაბუჟება და ა.შ. დიდი რაოდენობით სისხლის ჩაღვრის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კომატოზური მდგომარეობა.

- რა რისკები ახლავს თან ანევრიზმას, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს?

ქეთევან მიქელაძე: რისკი იმის მიხედვით არის მაღალი, თუ როგორი განლაგება აქვს ანევრიზმას, როგორი ფორმისა და ზომისაა. საძილე არტერიის - 3 მმ ანევრიზმისგასკდომის რისკი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ბაზილარული ანევრიზმის შესაძლებელია 5%-საც მიუახლოვდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ზოგჯერ, პაციენტები გასკდომის შემდეგ იგებენ დაავადების არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა ისე იცხოვროს წლების მანძილზე, რომ არ გასკდეს. აუცილებელია, გადამოწმების მიზნით, პერიოდულად ჩატარდეს გამოკვლევები.

- როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება და მკურნალობა „ნიუ- ჰოსპიტალსში“?

ქეთევან მიქელაძე: თავდაპირველად სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რის შემდეგაც ანატომიის დასაზუსტებლად კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია. ანევრიზმის მკურნალობა ხდება ორი სახით - ენდოვასკულური მეთოდით და ქირურგიული ჩარევით. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მდგომარეობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ანევრიზმის განლაგების და ანატომიის მიხედვით, რაუფრო ოპტიმალური და უსაფრთხოა პაციენტისთვის.

- რა უპირატესობები აქვს ენდოვასკულური მეთოდით მკურნალობას?

ქეთევან მიქელაძე: როგორც უკვე აღვნიშნე, მეთოდის არჩევა ხდება ანევრიზმის ანატომიის და განლაგების მიხედვით და არა რომელიმე მეთოდის უპირატესობის გამო. თუმცა, ენდოვასკულური მეთოდი ძირითადად გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ღია ქირურგიისთვის რთული იყო ანევრიზმის კლიპირება, შემდგომ მეთოდი დაიხვეწა და ამჟამად მეთოდის არჩევა ხდება პაციენტზე მორგებულად.

- რა პრევენციული ზომები შეგვიძლია მივიღოთ?

ქეთევან მიქელაძე: პირველი და უმთავრესი რჩევაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება. მოგეხსენებათ, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ამასთან, დაკავდით სპორტით და აკონტროლეთ არტერიული წნევა.

R. 

წაიკითხეთ სრულად