Baby Bag

რა არის ნიტრატი და შეგვიძლია თუ არა ნიტრატებიანი პროდუქტის ამოცნობა? - აგრონომი თამარ ოთხმეზური

აგრონომმა თამარ ოთხმეზურმა ნიტრატების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:

„ნიტრატი არის ელემენტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის. ყველა ბოსტნეულსა და ხილში არის რაღაც დოზით ნიტრატების შემცველობა. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ წარმოების პროცესში შევიტანეთ ზედმეტი სასუქი, უმეტესად ეს არის აზოტოვანი სასუქები, მცენარე ამას იღებს, აგროვებს ზედმეტი რაოდენობით და მერე უკვე ეს გადმოდის ჩვენს საკვებ ჯაჭვში. ძირითადად ბოსტნეული უფრო გამოკვეთილად მდიდარია ნიტრატებით, ასევე არის მწვანილები, სალათი, საზამთრო.

არ მგონია სწორი, რომ თუ კარგად გამოიყურება პროდუქტი და დიდი ზომისაა, ნიტრატებით არის სავსე. პროდუქტი როდესაც დევს დახლზე, იქ ჩვენ ნიტრატს ვერ დავინახავთ.  როდესაც ვართ ნაკვეთში, შევდივართ და ვნახულობთ მცენარე როგორ არის, იქ შეგვიძლია შევატყოთ აქვს თუ არა ზედოზირება ნიტრატების. ნიტრატი მოდის აზოტისგან, მისგან წამოსული ელემენტია. აზოტი ძალიან ხელმისაწვდომია ფერმერისთვის. შედარებით უფრო ეკონომიურადაც შეუძლია შეიძინოს, ფერმერს უფრო მეტი ცოდნა აქვს აზოტის შესახებ. ფერმერმა მცენარესთან სხვადასხვა სასუქები უნდა შეიტანოს და არ არის მარტო აზოტი. არის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი.

როდესაც პროდუქტს ბაზარში ვყიდულობთ, აუცილებელია, რომ ის კარგად გავრეცხოთ. თუმცა გარეცხვა ნიტრატებთან არაფერ შუაში არ არის. ნიტრატები პროდუქტში არის შიგნიდან. აქ ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია, რომ მან დაიწყოს უფრო გონიერი მიდგომა და მცენარის კვება დააბალანსოს. როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბალანსირებული კვება, ასევე სჭირდება მცენარეს და მარტო აზოტის შეტანა არ არის სწორი,“- მოცემულ საკითხზე თამარ ოთხმეზურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის სენსორული შიმშილი და როგორ გამოიხატება ის ბავშვებში? - თემაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი ესაუბრა

რა არის სენსორული შიმშილი და როგორ გამოიხატება ის ბავშვებში? - თემაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი ესაუბრა

რა არის სენსორული შიმშილი და როგორ გამოიხატება ის ბავშვებში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.

- რა არის სენსორული შიმშილი?

- ინფორმაცია არის თავის ტვინის ერთგვარი ,,საკვები“. ნებისმიერი სახის ინფორმაციას გარემოდან თავის ტვინი იღებს შეგრძნებების სახით, შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის გარდაქმნა, შეჯერება, ანალიზი ან სინთეზი, იმის მიხედვით, თუ რა გარემოშია ადამიანი და რა საპასუხო რეაქცია უნდა განახორცილოს. სენსორულ შიმშილს, როგორ წესი, უწოდებენ სხვადასხვა მოდალობის (მხედველობით, სმენითი, ტაქტილური ანუ შეხების, ყნოსვის, გემოს და ვესტიბულურის) შეგრძნებების აქტიურ ძიებას, ბავშვის ან მოზარდის მიერ. ასეთი ბავშვები ხშირად ძალიან მოძრავი და სარისკო მოქმედებებისკენ მიდრეკილნი არიან, მაგალითად, შეიძლება ხტებოდნენ სიმაღლიდან, უყვართ ისეთი ტიპის თამაშები და აქტივობები, რომლებიც ნერვული სისტემის აგზნებას და სტიმულირებას მოახდენს. სენსორული სტიმულების ძიება მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის სენსორული ინტეგრაციის პროცესები სუსტად არის განვითარებული ან რთულ შემთხვევებში, შესაძლოა, სენსორული ინტეგრაციის დარღვევაზეც იყოს საუბარი. სენსორული ინტეგრაცია, თავის მხრივ, გულისხმობს სხვადასხვა სახის შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციის შეჯერებას თავის ტვინში. ეს პროცესი გენეტიკურად არის განპირობებული და ოპტიმალური გარემოს პირობებში შეუფერხებლად ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზის გამო, ნერვული სისტემის განვითარება არ მიმდინარეობს ჩვეული ტემპით და ტრაექტორიით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სენსსორული ინფორმაციის (ანუ შეგრძნებებით მიმღებული ინფორმაციის) ინტეგრირების პრობლემებს.

- როგორ გამოიხატება ის ბავშვებში?

- სენსორული ძიება ვლინდება ისეთ ქცევებში, როგორიცაა საგნების, საკვების დაყნოსვა, მათ შორის, მძაფრი სუნების ,,სიყვარული“, საგნების და ზედაპირების მოსინჯვა ხელით, შეხება. ზოგჯერ ასეთ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ფაქტურის განსაკუთრებული მოთხოვნა, მაგალითად, უყვართ გარკვეული ფაქტურის სამოსი ან რბილი სათამაშო, რომლსაც ხელიდან არ უშვებენ. ე.წ. ტყლარწებისა და ხაოიანი ან მჩხვლეტავი სათამაშოების ხელით შეხების მოთხოვნილება - სენსორული ძიების ქცევაა. ზოგიერთ შემთხვევაში სენსორული ძიება გამოიხატება მოუსვენრობაში, თუ ბავშვს აქვს პროპრიოცეპტული სტიმულაციის მოთხოვნილება, გაუჩერებლად მოძრაობს, რაც გამოიხატება სირბილში, ხტომაში, ჭიდაობაში, ასეთ ბავშვებს მოსწონთ ძლიერი ჩახუტება და ხეზე აძრომა, ობიექტებზე, დაჯახება, საგნების სროლა (ერთი შეხდევით შესაძლოა, ჰიპერაქტივობას ჰგავდეს, ეს ორი მდგომარეობახშირად ერთადაც გვხდება და ერთი მეორეს არ გამორიცხავს!). როგორც წესი, ასეთი ბავშვები მოქნილები არიან და კარგად აქვთ განვითარებული კოორდინაცია, თუმცა, ზოგჯერ, არაგანზრახ შეიძლება ატკინონ სხვა ადამიანებს ან დააზინონ ნივთები, ან თავადაც დაზიანდნენ, რადგან ასეთი ბავშვები ტკივილის მიმართაც ნაკლებად არიან სენსიტიურები. სენსორული ძიება შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერ მოდალობაში, სმენითშიც (ასეთი ბავშვები ხმაურს იწვევენ, ან თავად გამოსცემენ ხმებს, პერნმანენტულად), მხედველობითში (უყვართ ბზრიალა საგნების ყურება, ციმციმა ნათურები და ა.შ), ვესტიბულურში (უყვართ ბატუტები, რბილ ზედაპირზე სიარული, ხტომა). სენსორული ძიება შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და ხელისშემშლელი, როგორც თავად ბავშვის, ისე მისი გარშემომყოფი ადამიანებისთვის. ვინაიდან სენსორული ინფორმაციის მიღება საბაზო მოთხოვნილებაა, ეს დიდ წილად ხელისშემლელი შეიძლება იყოს ბავშვის აკადემიური და სოციალური განვითარების მხრივ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია აკადემიურ აქტივობებზე, შესაძლოა გაუჭირდეთ წესების მიყოლა, სხვა ბავშვებთან ერთობლივი თამაში, ჰქონდეთ უცნაური ან ძალიან საკისკო ქცევა,

- ,,სენსორული თამაშების“ შესახებ რომ ვისაუბროთ.

- სენსორული შიმშილის ან ძიების შემთხვევაში, ბავშვებს ენიშნებათ ე.წ. ,,სენსორული დიეტა“, რაც გულისხმობს, ინდივიდუალური სენსორული პროფილის გათვალისწინებით, ისეთი ტიპის და ინსტენსივობის სენსორული სტიმულების მიწოდებას, რაც დაუკმაყოფილებს ბავშვს მის სენსორულ შიმშილს და მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთოს სხვა აქტივობებშიც, როგორიცაა სწავლა, სოციალური ინტერაქცია, თვითმომსახურების უნარ-ჩვევების ათვისება და სხვა.

რაც შეეხება თამაშებს, აქ შეგძვილია გამოვიყენოთ ყველა ის თამაში, რაც მოახდენს შესაბამისი მოდალობის შეგრძნებების სტიმულილებას, მაგალითად, ლაბირინთებსა და მილებში გაძრომა, საწოლზე ხტუნვა, მძიმე საგნების გადაადგილება მიწოლით, ჭიდაობა, ბაწრის გადაწევა, ყირამალა, ე.წ ანტისტრესი სათამაშოები და ტყლარწები. სასკოლო და სახლის პირობებში, თითების საღებავებით ხატვა, პლასტელინით ან თიხით ძერწვა, ცომით თამაში, ღამე ფარნით თამაში ბნელ ოთახში, ჩრდილების თეატრი. სპორტული აქტივობებიდან ცურვა, ტანვარჯიში, აკრობატიკა. გემოს და სხვა ორალური შეგრძნებების სტიმულირების მიზნით, საღეჭი რეზინი ან დასაღეჭი ჟელიბონები სხვადასხვა გემოებით.

- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ შეიძლება დაეხმარონ ბავშვებს?

- პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის სპეციალისტის კონსულტაცია. ამ შემთხვევაში მივმართავთ ოკუპაციურ თერაპევტს, რომელიც დაგიდგენთ სენსორულ პროფილს და შეგირჩევთ სენსორულ დიეტას. ვინაიდან, სენსორული გადამუშავების დეფიციტი ძირითადად გვხდება ნეიროგანვითარების სხვადასხვა მდგომარეობებთან ერთად, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, შფოთვითი აშლილობები, კოორდინაციის განვითარების დარღვევა ან განვითარების შეფერხება, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სრული შეფასება და ამ სიმპტომების ნეიროგანვითარების ჭრილში განხილვა, ნეიროფსიქოლოგთან ან შესაბამისი სპეციალიზაციის სხვა ფსიქოლოგთან ერთად. შეფასების შემდეგ მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების განხილვა სკოლის ან ბაღის ფსიქოლოგთან ერთად, რომ დავეხმაროთ ბავშვს აკადემიურ გარემოში აღნიშნული მდგომარეობის ეფექტურ მართვაში. ზოგიერთ შემთხვევაში, გარდა ფსიქოლოგიური და ოკუპაციური დახმარებისა, არის ასევე ფიზიკური თერაპევტის ჩათულობის აუცილებლობაც. სპეციალისტებთან შეფასებისა და საკონსულტაციო შეხვდერების შედეგად მშობელი მიიღებს ინფორმაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სახლის პირობებში ან რა სახის განმავითარებელი აქტივობები იქნება სასარგებლო არსებული მდგომარეობისა და სენსორული პროფილის გათვალისწინებით.

მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად