Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია მეუღლეებმა დათმობა ისწავლონ:

„ოჯახში როგორ ხდება ხოლმე? ძალიან პატარა პრობლემას ძალიან დიდ პრობლემად წარმოაჩენს ხოლმე ოჯახში. წყვილს კამათი მოსვლია, მერე გვისაუბრია და მიკითხავს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. პასუხი არის: „არაფერმა.“ მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის არაფერი. ძალიან პატარა რაღაციდან ძალიან დიდ კონფლიქტში გადასულა ურთიერთობა. ალბათ, თქვენც გახსენდებათ, რომ არაფრიდან უცებ დაწყებულა კონფლიქტი. თუ შენ გინდა, რომ ოჯახი გადაარჩინო, ერთ-ერთმა მხარემ უნდა ისწავლოს დათმობა. ოჯახი როდესაც ინგრევა, ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე.“

დეკანოზის თქმით, ზოგიერთი პრობლემა იმდენად დიდია, რომ ოჯახებს ანგრევს და ძალიან აზიანებს:

„არის პრობლემები, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები მოაქვს, თუნდაც დღეს გავრცელებული სენი: ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, რაც დღეს ძალიან ანგრევს ოჯახს. მეც მესმის იმ ადამიანების. ძალიან ძნელია გაუძლო ადამიანს, რომელიც სახლს წააგებს, უსახლკაროდ დაგტოვებს, წამალს იკეთებს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს მოუთმენია, გადაულახავთ პრობლემა და კარგად წასულა ცხოვრება. მქონია შემთხვევა, ადამიანი ნარკოტიკს იკეთებდა, მისი მეუღლე აპირებდა ოჯახის დანგრევას, მოითმინა, ერთად იბრძოლეს, გადალახეს პრობლემა და დღეს აქვთ ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი, სამი შვილი გააჩინეს და ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან. მეუღლემ ბევრი იშრომა ამისთვის. მთელი არსებით უყვარდა მეუღლე და არ დათმო.“

„სულ ვაფრთხილებ ხოლმე წყვილს, როდესაც ერთმანეთში კამათი მოუვა, ჩხუბი მოუვა, გეხვეწებით, მოგივიდათ ასე, იჩხუბეთ, მაგრამ სხვასთან არ მოყვეთ ეს. თქვენ შერიგდებით, მერე შენს მეგობარს სხვა წარმოდგენა ექნება შენს მეუღლეზე. შენს მშობელთანაც კი ზოგჯერ არ მოჰყვე, ამას ვეუბნები ხოლმე. ის შენი მშობელია, მაინც მამაა, დედაა, ის მშობელია და პრობლემა ექნება მერე უკვე შენს მეუღლესთან. ამიტომ ეს ძალიან საფრთხილოა,“- აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​davitianni georgia

წაიკითხეთ სრულად