Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა“ - მეტყველების თერაპევტი ნანა ვაშაძე

8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა“ - მეტყველების თერაპევტი ნანა ვაშაძე

მეტყველების თერაპევტმა ნანა ვაშაძემ ბავშვებში მეტყველების განვითარების ეტაპებზე ისაუბრა:

„მშობელმა დაბადებიდან უნდა აწარმოოს ბავშვზე დაკვირვება. იწყება ღუღუნი, ტიტინი. 6-8 თვის ასაკიდან ხდება მარცვლების წარმოთქმა. 8 თვის ბავშვს უნდა შეეძლოს თქვას „დედა,“ „მამა.“ წლიდან უკვე იწყება: „მომე“ და თითოეული ფრაზების წარმოქმნა. ორწლინახევრიდან, სამი წლიდან ბავშვი იწყებს წინადადებებით საუბარს.“

ნანა ვაშაძის თქმით, მეტყველების განვითარებაში მემკვიდრეობით ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება:

„არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია, გოგო, ბავშვმა უნდა დაიწყოს დროულად მეტყველება. მემკვიდრეობით ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ​როდესაც დავინახავთ, რომ სამი წლიდან ბავშვი არ მეტყველებს, ვტეხთ განგაშს და მივდივართ ექიმთან.“

„ორენოვან ოჯახში ბავშვი ყოველთვის დააგვიანებს ლაპარაკის დაწყებას. მიზანშეწონილია ჯერ ვისაუბროთ ერთ ენაზე და შემდეგ გადავიდეთ უცხო ენაზე. როდესაც ორენოვანი ოჯახია, ხდება შეთანხმება მეუღლეებს შორის, რა ენაზე ისაუბრონ. საუბარი ერთ ენაზე უნდა ხდებოდეს. ბავშვი ადრეულ ასაკში მარტივად ითვისებს ენებს, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ მშობლიური ენა ისწავლოს. ბავშვმა ჯერ ერთ ენაზე უნდა იაზროვნოს და მერე ადვილად აითვისებს ხოლმე უცხო ენასაც,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად