Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი

„გავაკეთე საცივი ხორბლით, სხვანაირი გემო შემოიტანა, ცოტა დარიჩინსაც ვუმატებ“ - „მასტერშეფის" გამარჯვებული რუსო დაუშვილი

მასტერშეფის" გამარჯვებულმა რუსო დაუშვილმა იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საახალწლოდ განსხვავებული წესით ამზადებს:

„ყველას ჰგონია, რომ ყველაზე გემრიელ საცივს აკეთებს. მე მგონია, რომ ჩვენთან ყველას ბებია კარგად აკეთებს საცივს. ეს გადმოდის მერე შთამომავლობაზეც. ჩემთანაც ტრადიციულად კეთდება საცივი, უბრალოდ ქათმით ვაკეთებთ ჩვენ, რადგან ინდაურის ხორცი დიდად არ მიყვარს. წელს პირველად ვცადე, რომ გამეკეთებინა ხორბლით. ნიგოზს დავუმატე ხორბალი და სისქისთვის ხორბლის ნახარში გამოვიყენე. სხვანაირი გემო შემოიტანა. მე ცოტა დარიჩინს ვუმატებ ხოლმე საცივში.“

რუსო დაუშვილის თქმით, ტრადიციულ გოზინაყთან ერთად ის გოზინაყის განსხვავებულ ვერსიასაც ამზადებს:

​გოზინაყიც გავაკეთე მოხალული ხორბლისგან და კარამელისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ტრადიციული გოზინაყი აუცილებლად კეთდება ყველა ოჯახში. ნიგოზი და თაფლი არ გამომიყენებია. შაქრის კარამელს ვაკეთებ და ხორბალს ვხალავ ტაფაზე. გამოდის ძალიან ტკაცუნა თხილივით. გამოდის ძალიან ლამაზი და უფრო თხელი.“

„ბებიის რეცეპტებით ვამზადებდი ბევრ რამეს. ნამცხვრები ადრე რომ ცხვებოდა, მგონია, რომ ახლა ასეთი ნამცხვრები არ ცხვება, მაგალითად მანდარინის ტორტი. ახლა საახალწლოდ გავაკეთებ ჩემს ოჯახში რა ნამცხვრებიც ცხვებოდა. მანდარინის ტორტის მომზადებისას მანდარინს ატარებ კანიანად და ნიგვზით კეთდება. ეს რეცეპტი ბებომ მასწავლა. ახლა ვხვდები, როგორი საოცარი რეცეპტები აქვს ბებოს. ჩემთვის იმ გემოების გათანამედროვება, რომელიც ადრე იყო, უფრო საინტერესოა. მგონია, რომ ეს ბავშვობას გვახსენებს,“ - აღნიშნულ საკითხზე რუსო დაუშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად