Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მრავალშვილიან ოჯახში დედისა და მამის სიყვარულიც თითქოს მრავლდება,“ - ფსიქოლოგი ლელა მუჯირი

„მრავალშვილიან ოჯახში დედისა და მამის სიყვარულიც თითქოს მრავლდება,“ - ფსიქოლოგი ლელა მუჯირი

ფსიქოლოგმა ლელა მუჯირმა ბავშვის განვითარებაზე მის მიმართ დედისა და მამის კეთილგანწყობის ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდა იწყება მისი მუცლადყოფნის ეტაპიდან:

„ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს დედას თავისი ნაყოფის მიმართ, კეთილგანწყობა, სიხარული, რომელსაც შიგნიდან ატარებს, ის მხარდაჭერა, სითბო, სიყვარული, რომელიც მოდის მისი მეუღლისგან, ეს ქმნის იმ გარემოს, რომლითაც საფუძველი ეყრება ბავშვის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვის დაბადების შემდეგ არის ძალიან სასიხარულო და ამავე დროს რთული პერიოდი. განსაკუთრებით ყველაფერი იცვლება დედისთვის. იცვლება მისი ფიზიოლოგია, მშობიარობა ახლად გადატანილი აქვს და აქვს აღდგენის პროცესი, რომელიც ზოგჯერ გარკვეული სირთულეებით მიმდინარეობს. გარედან სწორი დახმარების, ზრუნვის, სითბოს შემთხვევაში მისთვის ეს რთული პერიოდი ადვილად გადასალახია. ​ოჯახი იმიტომ არის, რომ ერთად უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს. მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მამის ახლობლების, ბებიის, ბაბუის.“

ლელა მუჯირის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დედა და მამა ოჯახში სწორად ინაწილებდნენ ფუნქციებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედა ასრულებდეს თავის ფუნქციას და მამა თავის ფუნქციას. ოჯახი არის დახურული სისტემა. ტრიადაა ასეთი: დედა, მამა, შვილი. ​როდესაც არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული, მაშინ მთელი რიგი სირთულეებიც ძალი​ან ადვილად გვარდება. ჩვენ ფსიქოლოგიაში ვიცით, რომ ის, თუ მერამდენეა ბავშვი ოჯახში, ხშირად განმსაზღვრელია მისი ხასიათის, მისი ქცევის და ა.შ.“

„ოჯახებს შორის განსხვავებები არსებობს, როდესაც არის ერთადერთი შვილი, არის ორი შვილი, სამი და ა.შ. ბავშვებს შორის არის გარკვეული ურთიერთქმედებები და როლების გადანაწილება. და-ძმები, რა თქმა უნდა, არიან ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში, მაგრამ ამავე დროს მუდამ ეხმარებიან ერთმანეთს, მხარს უჭერენ ერთმანეთს, არის ემოციური გაცვლა-გამოცვლა. ეს მათ ეხმარება თავიანთი ბავშვური პრობლემების მოგვარებაში. დედის და მამის სიყვარულიც თითქოს მრავლდება. განწყობა და ემოციური მდგომარეობა უფრო მრავალფეროვანია მრავალშვილიან ოჯახში. ​ყოველი ახალი ბავშვი არის ახალი სიხარულის შემომტანი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლელა მუჯირმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

წაიკითხეთ სრულად