Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს,“ - მარინა კაჭარავა

„ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებისთვის წესრიგის მნიშვნელობის გააზრებისა და ნებისყოფის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი წესებს მხოლოდ მაშინ ემორჩილება, თუ აცნობიერებს, რომ ეს მისთვის საჭიროა:

„ბავშვს თუ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მისთვის საჭიროა, ​ის არ ემორჩილება წესებს. ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს. ის, რომ ბავშვი ძალიან ნერვიულობს იმაზე, ეს რატომ დევს ასე, ისე უნდა იდოს, ეს ცოტა უფრო სახიფათოა. ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რომ გაიხადოს, დააგდოს. მან უნდა ისწავლოს წესრიგი. ეს იწყება დაბადებიდან ექვს წლამდე.“

მარინა კაჭარავას თქმით ნებისყოფის კარკასის ჩამოყალიბება ერთიდან სამ წლამდე ხდება:

​ერთიდან სამ წლამდე ნებისყოფის კარკასის ჩამოყალიბება ხდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, ერთი წლის, ორი წლის ბავშვს რომელ ნებისყოფაზე უნდა ველაპარაკოთო. სწორედ ამ დროს იწყებს ბავშვი საკუთარი ტუალეტის მოწესრიგებას. რაც უფრო კარგად ახერხებს ბავშვი ამას, მით უფრო მოწესრიგებულია შემდგომში მისი დამოკიდებულებები ფულისადმი, საქმისადმი. რაც უფრო ვერ ახერხებს ბავშვი ტუალეტის მოწესრიგებას, მით უფრო ექსტრავაგანტული, ფეთხუმია მომავალში.“

„კარგი საძირკველი უკვე კარგი დასაწყისია. რიტმი არის ის, რაც არის წარმატების საწინდარი. ევროპაში ხუთ საათზე დგებიან. ბავშვები ექვს საათზე უკვე სკოლაში არიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან სკოლა იწყება ცხრაზე და ეს არის ყველაზე ადრე რაც იწყება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან ყველაფერი გვიან იწყება. ადრე ადგომა, ერთი და იმავეს კეთება, რაც არის მომაბეზრებელი, ამასთან მიჩვევა უნდა დაიწყოს. ბავშვი სწავლობს მაგალითით. ყვირილი ბავშვს არ ესმის. საცობები აქვს ყურში. ჩვენ გვეზარება ბავშვებთან საუბარი. ჩვენ ბავშვებს პატივს არ ვცემთ. ზოგჯერ რომ დაყრის ნივთებს ბავშვი, ვიცინით, ზოგჯერ რომ დაყრის, ვეჩხუბებით. დღეს სადღეღამისო ძიძებთან მიბარებული ბავშვი ღამე სხვას ხედავს, დღე სხვას ხედავს, სხვადასხვა ქცევით პატერნებს. ​ბავშვს მშობელთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად