Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

შავი ნადები ბავშვის კბილებზე: რატომ ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ? - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს

შავი ნადები ბავშვის კბილებზე: რატომ ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ? - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში კბილებზე შავი ნადების გავრცელების პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში მოიმატა იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებსაც კბილებზე შავი ლაქები აქვთ:

„უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვია კბილზე შავი ლაქებით. მშობლებს აქვთ შიში, რომ ბავშვებს დაეწყოთ კარიესი. ​ეს არ არის ხშირ შემთხვევაში კარიესი. როგორც წესი, ეს იმ ბავშვებს უჩნდებათ, რომლებიც დიდი რაოდენობით შოკოლადს მოიხმარენ და ტკბილეულს მიირთმევენ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლების და ბაქტერიების შენაერთი. მე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ სიშავეზე, იმიტომ, რომ არსებობს პათოლოგიური სიშავეც, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს ახლავს ხოლმე თან.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, კბილებზე შავი ნადების გაჩენა, შესაძლოა, რკინის პრეპარატის ხანგრძლივი მიღებითაც იყოს გამოწვეული:

„რკინის პრეპარატის ხანგრძლივად მიღებამ იცის შავი ლაქების გაჩენა. ის სიშავე, რომელიც ვახსენეთ და ​რომელიც ბაქტერიებისა და ნახშირწყლების ნაერთია,ძალიან მარტივად მოშორებადია. სახლის პირობებშიც შეუძლიათ მშობლებს ეს მოაშორონ. არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები. ძალიან მცირე რაოდენობის სოდის დამატებით შეიძლება ეს ადგილობრივად მოვაცილოთ. თუ მშობლებმა თვითონ ვერ მოაცილეს, ამას არაჩვეულებრივად აკეთებენ სტომატოლოგები ერთ ვიზიტზე.“

„ამ შავ ლაქებს მაინც ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ. შეიძლება ეს რიგ შემთხვევებში კარიესის განვითარების მიზეზი გახდეს. ცოტა მოზრდილი ბავშვები თვითონვე ამჩნევენ ვიზუალურად ამას და კომპლექსი უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. ​ისინი თვითონვე ითხოვენ, რომ ეს ლაქები არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნულ საკითზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად