Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცუდი, სუსტი ან სპეციფიკური ტირილი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი,“ - პედიატრი ნანა რურუა

„ცუდი, სუსტი ან სპეციფიკური ტირილი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი,“ - პედიატრი ნანა რურუა

პედიატრმა ნანა რურუამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ტირილს შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტირილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრ რამეს გვეუბნება:

„პედიატრები ვამბობთ ხოლმე: „მომასმენინეთ ბავშვის ტირილი და მივხვდები ჯანმრთელია თუ არა.“ თუ ბავშვი ყოჩაღად ტირის, ეს უკვე არის მაჩვენებელი იმის, რომ ის ჯანმრთელია. ​ყველა დაავადებას აქვს თავისი საყურადღებო ნიშანი. ჩვილებისთვის ზოგადი ნიშანი არის ცუდი, სუსტი ან სპეციფიკური ტირილი. ეს ზოგადად საყურადღებო ნიშანია. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი.“

ნანა რურუას თქმით, ჩვილის უჩვეულო ტირილის ამოცნობა რთული არ არის:

„ჩვილი უჩვეულოდ, ძალიან დაბალი, შესუსტებული ბგერით თუ ტირის, ამას ნებისმიერი ადამიანი ხვდება. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირილი. პირველი, რაც ყველას უნდა ვუთხრათ, გეშინიათ თუ არ გეშინიათ, ​კარგი, ომახიანი ტირილი არის ჯანმრთელი ბავშვის მაჩვენებელი. ბავშვმა შეიძლება დღეში რამდენიმე საათი იტიროს. ეს ნორმალურია. ცნობილია, რომ ბავშვი იბადება თავისი ტემპერამენტით. 5 დღის ასაკში ზუსტად გასაგებია მისი ხასიათი.არიან უფრო პასიური და უფრო აქტიური ბავშვები.“

ნანა რურუამ აღნიშნა, რომ დედებს სპეციალური ჩამონათვალის გაცნობის გარეშეც არ უჭირთ ბავშვის ტირილის მიზეზების ამოცნობა:

„ბევრი ნიშანი არსებობს, რომლითაც შეგვიძლია გავარჩიოთ შია თუ ეძინება. ყველა დედა , როგორც წესი, ჩამონათვალების გარეშეც ახერხებს გაერკვეს შია თუ ეძინება მის შვილს. როდესაც ბავშვი გეძახით, ​ის იტირებს ცოტა ხანს, შემდეგ დააპაუზებს, დაგელოდებათ, მერე ისევ იტირებს. ის ყურადღებას ითხოვს და პაუზის დროს ელოდება, მოხვალთ თუ არ მოხვალთ. როდესაც შია, ტირილი დაახლოებით ასეთივეა. ტკივილის ტირილი ყოველთვის არის უფრო გაბმული, მონოტონური. რაც უფრო ძლიერია ტკივილი, მით უფრო მეტად არის გამოხატული შეწუხება. ტირილი შეიძლება კივილში გადავიდეს.“

„მინდა, რომ დავიმახსოვროთ შემდეგი რამ: ტირილი ბავშვის საკომუნიკაციო ენაა და ამას არ უნდა შიშით ყურება. როდესაც ბავშვი იბადება და ჯანმრთელია, მას აქვს ყველანაირი უნარი, გადარჩეს. მას სიცოცხლის გაცილებით მეტი უნარი აქვს, ვიდრე დანარჩენ მოზრდილ ორგანიზმს. რადგან ხედავთ, რომ ჩვილია, რადგან ის ენა არ გესმით, ეს არ ნიშნავს, რომ უმწეოა და არ აქვს გადარჩენის უნარი. უსუსურობას არ ნიშნავს ჩვილობა. მას სჭირდება ჩვენი თანადგომა. იმას რომ შია, რომ წყურია, რომ ეძინება, ამას ყველაფერს გაგვაგებინებს. ​ტირილის დროს ბავშვი ხელში უნდა აიყვანოთ, ჩაეხუტოთ, უთხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ არის სწორი, როდესაც ექიმი ეუბნება მშობელს: „დამშვიდდი, მერე რა მოხდა?! ყველა ბავშვი ტირის.“ მშობლის სიმშვიდე უნდა ეფუძნებოდეს იმის ცოდნას, რომ ჩვილი უსუსური არ არის და მას სიცოცხლის უნარი აქვს ჩვენზე მეტი,“ - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად