Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინფორმაცია, რომ კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია,“ - გიორგი ღოღობერიძე

„ინფორმაცია, რომ კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია,“ - გიორგი ღოღობერიძე

​​ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები იმის შესახებ, რომ პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანებს კოვიდ-19 არ ემართებათ:

„ეს ინფორმაცია მეც ვნახე Facebook-ის რამდენიმე გვერდზე. ზოგჯერ პატარ-პატარა გვერდები ხალხის დაინტერესების მიზნით არასწორ სახელებს აწერენ ხოლმე სტატიებს. ასეთი სათაური იყო სწორედ, რომ თითქოს ​სისხლის რომელიღაცა ჯგუფს არასდროს ემართება კოვიდი. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ვინც ჩემი ვიდეო უშუალოდ ნახა და მოუსმინა მას, იქ განმარტებული იყო ის ფაქტი, რომ ამ ოთხი ჯგუფიდან, კოვიდ ინფექციის შემთხვევები ყველაზე იშვიათი იყო პირველი ჯგუფის შემთხვევაში.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, პირველი ჯგუფის რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტებში ნამდვილად უფრო იშვიათად გვხვდება კოვიდ-19, ვიდრე სხვა ჯგუფებში:

„კოვიდ-19 უფრო ნაკლებად გვხვდებოდა, თუ ადამიანი იყო პირველი ჯგუფის სისხლის და რეზუს-უარყოფითი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლი, მას არასდროს დაემართება ვირუსი.​ მათაც დაემართებათ ვირუსი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა ჯგუფების შემთხვევაში.“

„კვლევა ჩატარდა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანზე, სადაც შეისწავლეს სისხლის ჯგუფიც და კოვიდიც. ნახეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლში არსებული ანტისხეულები ​იცავდა ადამიანებს კოვიდის შემოჭრის შემთხვევაში მძიმე ფორმების განვითარებისგან. შეიძლება, ადამიანს დამართნოდა კოვიდი, მაგრამ ხშირად (არა ყოველთვის) ის იყო მსუბუქი ხასიათის. გარდა ამისა, ისევ პირველი და უარყოფითი რეზუსის შემთხვევაში ნაკლები იყო სისხლის შემადედებელი ფაქტორის შემცველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რეზუსუარყოფითიან ადამიანებში უფრო ​ნაკლებად გვხვდებოდა თრომბოზი. ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს გვხვდებოდა. ის ინფორმაცია, რომ თითქოს კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია. მათაც ემართებათ კოვიდი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვებს,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად