Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში,“ - ყარამან ფაღავა

„ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში,“ - ყარამან ფაღავა

„პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვების ცხოვრებაში დადებითი ემოციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი განწყობა პატარების ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს:

„დადებითი ემოცია, კარგად ყოფნა ჯანმრთელობაზე და გამოჯანმრთელებაზეც მოქმედებს. კვლევებით დადგინდა, რომ დეპრივირებულ ბავშვებში, იმ ბავშვებში, რომლებსაც აკლიათ ალერსი, ყურადღება, ჩამორჩენილობა იყო ზრდაში. ​ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, აღინიშნებოდა ასევე გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენილობა, აგრესია უფრო მეტად იყო. ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა სახლებში მომვლელები არიან, არც საკვებს აკლებენ ბავშვებს, მაგრამ ალერსს აკლებენ. ვერ ერევა ერთი მომვლელი 12-15 ბავშვს. როგორც კი ბავშვები გაშვილდებიან, იმუნიტეტიც უუმჯობესდებათ და სიმაღლეშიც მატულობენ.“

ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვებს სტრესი მაქსიმალურად შეუმსუბუქონ:

„პირველ რიგში, საჭიროა სტრესის მინიმალიზაცია. სტრესი ბავშვს აქვს სამ ადგილას: სკოლაში, ოჯახში, ეზოში ან გარემოში. ყველაზე დიდი სტრესი ბავშვისთვის არის ოჯახური სიტუაცია. თუ ოჯახში დაძაბულობაა, თუ ერთმანეთს უყვირიან მშობლები, ეს უდიდესი სტრესის გამოხატულებაა. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ ავად მოპყრობაზე ბავშვის მიმართ, როდესაც ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან. ყველაზე დიდი შიში რა აქვთ ბავშვებს? ბავშვის ყველაზე დიდი შიში არის მშობლების სიკვდილის შიში. ყველაზე მეტად ბავშვს ეშინია მშობლების სიკვდილის. პატივცემულო მშობლებო, მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას. შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა, ხომ იცით, რომ ეს სიცოცხლეს გიმოკლებთ, მაინცდამაინც შვილის გაუბედურება გინდათ?! ​ასეთი სტრესები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.“

ყარამან ფაღავას თქმით, ბავშვი აბსოლუტურად უსტრესოდ არ უნდა გაიზარდოს, რადგან მას სტრესის დაძლევის ცოდნა აუცილებლად სჭირდება:

„სულ უსტრესოდაც არ გამოდის. თუ ბავშვი უსტრესოდ გაიზარდა, სულ ოჯახში კი არ იქნება, საბავშვო ბაღში მივა, სკოლაში მივა. ეს ოჯახშია, რომ ყველაზე საყვარელი და ყველაზე მოსაფერებელია, გარეთ უკვე კონკურენციაა. სტრესს მიჩვეული უნდა იყოს ბავშვი და უნდა იცოდეს სტრესის დაძლევა. სხვათა შორის, მკურნალობაც სტრესის დაძლევას გულისხმობს. ​ოჯახში უნდა იყოს კარგი, თბილი გარემო, ნდობა უნდა იყოს. ერთმანეთს უნდა უნაწილებდნენ სიახლეებს, უნდა უთხრან, როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა. ზოგჯერ ბავშვს პატარა პრობლემა აქვს, ჩვენ გვეჩვენება, რომ დიდი არაფერი, მაგრამ ბავშვისთვის ეს პრობლემაა. უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის გადაწყვეტაში.“

„საქმით უნდა იყოს დაკავებული ბავშვი. ​ყველაზე მთავარი ეს არის ალერსი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ზედმეტი ალერსით ბავშვი გაფუჭდება, არავითარ შემთხვევაში! ყველაფრის ნების მიცემა არ შეიძლება. უნდა ვუთხრათ ბავშვს: შვილო, ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, შენზე უკეთესი არავინ მყავს, მაგრამ რაც არ შეიძლება, არ შეიძლება,“- აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად