Baby Bag

„თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს და ასაკის მიხედვით დღეში 800 გრამიდან ორ ლიტრამდე წყალს, ეს იგივე წვნიანი გამოდის,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ბავშვთა კვებაში წვნიანის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„წვნიანი ჩვენი გადმოსახედიდან არის ზოგ შემთხვევაში თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი. ზოგ შემთხვევაში არის დამატებული ხორცის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ არასწორად არის თერმულად დამუშავებული და მან შეიძლება მეტეორიზმის პრობლემები წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულის პიურეს, იქ უფრო კარგად იქნება თერმულად დამუშავებული. ე.წ. წვნიანი სწორად უნდა შევაზავოთ საგემოვნო ნივთიერებებით, რომ ბავშვს მოეწონოს, ან მას მივაღებინოთ მომზადების პროცესში მონაწილეობა. თუ ბოსტნეული იქნება ცალკე მომზადებული და ბავშვი ასაკის მიხედვით მიიღებს 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალს, იგივე წვნიანი გამოვა.

პედიატრებს გვაქვს სპეციალური კვებითი რეჟიმები, რომლებსაც ბავშვებს ვთავაზობთ. ადრეული ასაკის ბავშვებში ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. ადრეულ ასაკში სწორად წარმართული ძუძუთი კვება ეპიგენეტიკურად განსაზღვრავს ბავშვმა მოზრდილობაში რა საკვები უნდა მიიღოს. ჩემი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორი კვების პროპაგანდა. სწორი კვება გულისხმობს, რომ მთელი რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი და 20% ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცილა, რძე, რძის პროდუქტები.

წვნიანი თერმულად სწორად უნდა დავამზადოთ. ცალკე ბოსტნეულის მომზადება თერმულად 5-7 წუთში შეიძლება. წვნიანის მომზადებისას წყალი ზოგჯერ შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში ადუღო. ამ დროის განმავლობაში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება იკარგება, არც ვიტამინი გექნებათ, არაფერი აღარ გექნებათ. დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი. სწორი კვება იქნება წვნიანით თუ წვნიანის გარეშე, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩემი სამი შვილი არ იღებს ამ წვნიანს. ზოგჯერ შეიძლება თვითონაც მოუნდეთ და თვეში ერთხელ სპეციალურად მოვუმზადოთ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს. ახალი თაობის მშობლები მეტ-ნაკლებად ვეღარ ამზადებენ ამ წვნიანებს. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ ერთი ულუფის მომზადებას 2 საათამდე დრო უნდა. ყოველდღე ამის გაკეთება, როდესაც სწორად გააკეთებ, არ არის მარტივი. თვეში ერთხელ წვნიანის მიღება ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები იღებენ 2 ლიტრამდე წყალს და ბოსტნეულს. ტერმინი „წვნიანი“ ბავშვთა კვებაში არ არსებობს. თუ მშობელს უნდა, თუ ბავშვს მოსწონს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. თუ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ მშობელს უნდა, რომ მაინცდამაინც მიაღებინოს წვნიანი, თუ სჯერა, რომ წვნიანით მოგვარდება გასტროენტეროლოგიური პრობლემები (არ მოგვარდება, მაგრამ მაინც), ბავშვსაც უნდა მიაღებინოს მის მომზადებაში მონაწილეობა. ბებიებმა მშვენივრად იციან, როდის დაამატონ მწვანილი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, სტაფილო. წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არ არის. უნდა იცოდეთ, კონკრეტულ ბოსტნეულს მომზადების რა ტემპერატურული რეჟიმი აქვს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს" - გუგა ქაშიბაძე

,,მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს" - გუგა ქაშიბაძე

,,​ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ სამზარეულო არის ყველაზე სახიფათო ადგილი ჩვენს ოჯახში - ელექტროგაყვანილობა, გაზი, ცხელი სითხეები, მჭრელი საგნები და ა.შ. მით უმეტეს, ვისაც ბავშვები ჰყავს, გარემო უნდა შეაფასოთ დეტალურად", - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ გადაცემაში ,,იმუნიტეტი" ისაუბრა.

,,ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები - ვერ წარმომედგინა, რომ იმ უჯრას გამოაღებდა და იმ სიმაღლეზე ავიდოდა. მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ბავშვი უფრო მეტი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს.

მდუღარე წყლის გადასხმის შემთხვევაში, ბავშვს რაც შეიძლება სწრაფად ვხდით ტანსაცმელს და გამდინარე, ცივ წყალში ვამყოფებთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყინული არ არის რეკომენდებული, რადგან ზედმეტად გადაციებას იწვევს. თუ კანის მთლიანობა არის დარღვეული, ანტიბაქტერიული მალამო - რომელიც ჯობს, ოჯახის აფთიაქში გვქონდეს - უნდა გამოვიყენოთ და საჭიროა ასევე სტერილური გადახვევა. ჯობს ვიზიტი ექიმთან, რადგან არაერთ რამეზეა დამოკიდებული, რამდენად სახიფათოა დამწვრობა. ჩვენ უფრო ხშირად გვაკითხავენ, როდესაც უკვე გართულებულია მდგომარეობა. 

ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში, რაც სხვადასხვა მჟავითა და ტუტით მიღებულ დამწვრობას გულისხმობს, აუცილებელია სწრაფად რეაგირება და კლინიკაში გადაყვანა, რადგან ქიმიურ დამწვრობას ახასიათებს ნელ-ნელა მოქმედება და სიღრმეში წასვლა - ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, მაგრამ თუ კლინიკას არ მიმართავთ, მეორე და მესამე დღეს მდგომარეობა იქნება გართულებული. ამ შემთხვევაში, თერმული დამწვრობისგან განსხვავებით, გამდინარე წყლის ქვეშ უფრო ხანგრძლივი დაყოვნებაა საჭირო. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორმა ნივთიერებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა - მაგალითად, ცემენტმა, ნავთმა", - განმარტავს გუგა ქაშიბაძე.

წყარო: ,,​იმუნიტეტი"

წაიკითხეთ სრულად