Baby Bag

„თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს და ასაკის მიხედვით დღეში 800 გრამიდან ორ ლიტრამდე წყალს, ეს იგივე წვნიანი გამოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ბავშვთა კვებაში წვნიანის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„წვნიანი ჩვენი გადმოსახედიდან არის ზოგ შემთხვევაში თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი. ზოგ შემთხვევაში არის დამატებული ხორცის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ არასწორად არის თერმულად დამუშავებული და მან შეიძლება მეტეორიზმის პრობლემები წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულის პიურეს, იქ უფრო კარგად იქნება თერმულად დამუშავებული. ე.წ. წვნიანი სწორად უნდა შევაზავოთ საგემოვნო ნივთიერებებით, რომ ბავშვს მოეწონოს, ან მას მივაღებინოთ მომზადების პროცესში მონაწილეობა. თუ ბოსტნეული იქნება ცალკე მომზადებული და ბავშვი ასაკის მიხედვით მიიღებს 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალს, იგივე წვნიანი გამოვა.

პედიატრებს გვაქვს სპეციალური კვებითი რეჟიმები, რომლებსაც ბავშვებს ვთავაზობთ. ადრეული ასაკის ბავშვებში ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. ადრეულ ასაკში სწორად წარმართული ძუძუთი კვება ეპიგენეტიკურად განსაზღვრავს ბავშვმა მოზრდილობაში რა საკვები უნდა მიიღოს. ჩემი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორი კვების პროპაგანდა. სწორი კვება გულისხმობს, რომ მთელი რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი და 20% ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცილა, რძე, რძის პროდუქტები.

წვნიანი თერმულად სწორად უნდა დავამზადოთ. ცალკე ბოსტნეულის მომზადება თერმულად 5-7 წუთში შეიძლება. წვნიანის მომზადებისას წყალი ზოგჯერ შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში ადუღო. ამ დროის განმავლობაში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება იკარგება, არც ვიტამინი გექნებათ, არაფერი აღარ გექნებათ. დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი. სწორი კვება იქნება წვნიანით თუ წვნიანის გარეშე, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩემი სამი შვილი არ იღებს ამ წვნიანს. ზოგჯერ შეიძლება თვითონაც მოუნდეთ და თვეში ერთხელ სპეციალურად მოვუმზადოთ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს. ახალი თაობის მშობლები მეტ-ნაკლებად ვეღარ ამზადებენ ამ წვნიანებს. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ ერთი ულუფის მომზადებას 2 საათამდე დრო უნდა. ყოველდღე ამის გაკეთება, როდესაც სწორად გააკეთებ, არ არის მარტივი. თვეში ერთხელ წვნიანის მიღება ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები იღებენ 2 ლიტრამდე წყალს და ბოსტნეულს. ტერმინი „წვნიანი“ ბავშვთა კვებაში არ არსებობს. თუ მშობელს უნდა, თუ ბავშვს მოსწონს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. თუ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ მშობელს უნდა, რომ მაინცდამაინც მიაღებინოს წვნიანი, თუ სჯერა, რომ წვნიანით მოგვარდება გასტროენტეროლოგიური პრობლემები (არ მოგვარდება, მაგრამ მაინც), ბავშვსაც უნდა მიაღებინოს მის მომზადებაში მონაწილეობა. ბებიებმა მშვენივრად იციან, როდის დაამატონ მწვანილი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, სტაფილო. წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არ არის. უნდა იცოდეთ, კონკრეტულ ბოსტნეულს მომზადების რა ტემპერატურული რეჟიმი აქვს,“ - მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

დღიურად დაახლოებით 3 ფინჯანი ყავა დადებით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე - ექიმი გირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს

დღიურად დაახლოებით 3 ფინჯანი ყავა დადებით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე - ექიმი გირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. „ტოპ“ პროდუქტები, რომლებიც მეტაბოლიზმზე ახდენენ დადებით გავლენას - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

​წინა რუბრიკის შემდეგ ბევრი წერილი მივიღეთ, რომ კონკრეტულად ჩამოგვეთვალა პროდუქტები, რომლებიც მეტაბოლიზმის აჩქარებაში დადებით როლს თამაშობენ.

თუმცა დასაწყისში განვიხილოთ, რა ახდენს გავლენას ჩვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეზე?
ესენია:

  • გენეტიკა - კალორიებს, რომელსაც დღეში წვავთ, ძირითადად განსაზღვრავს ჩვენი გენეტიკა.
  • ასაკი - მეტაბოლიზმის სიჩქარე მცირდება ყოველი ათი წლის განმავლობაში 2%-ით.
  • სქესი - მამაკაცებს უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე ქალებს.
  • სიმაღლე - მაღალ ადამიანებს უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე დაბალ ადამიანებს.
  • სხეულის აგებულება - თქვენი მეტაბოლური სიჩქარე უფრო მაღალი იქნება, თუ მეტი კუნთი და ნაკლები ცხიმი გაქვთ.
  • დიეტა - გრძელვადიანმა დაბალკალორიულმა დიეტებმა შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი მეტაბოლური სიჩქარე. ასე რომ, ექსტრემალურმა დიეტამ შეიძლება რეალურად თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს.

​მუდამ გვახსოვდეს, რომ როდესაც ე.წ. ზოგად მაჩვენებლებს ვთვლით, აქ ყოველთვის იგულისხმება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი.

​ახლა კი ჩამოვთვალოთ რამდენიმე „ტოპ“ პროდუქტი, რომლებიც მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს:

  • წყალი - უმთავრესია  მეტაბოლიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის!
  • კოფეინი - ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს. დღიურად დაახლოებით 3 ფინჯანი ყავა დადებით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.
  • მწვანე ჩაი - სხვადასხვა კვლევით დადასტურებულია, რომ ის ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
  • ციტრუსები (კივი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფუტი) და კეკნროვანი ხილი (ჟოლო, მოცვი, მარწყვი) - ისინი არამარტო ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებია, არამედ არიან ანტიოქსიდანტები და მეტაბოლიზმის აჩქარებაშიც მონაწილეობენ.
  • ჯანჯაფილი (კოჭა) - მას აქვს დადებითი გავლენა მეტაბოლიზმზე. შეგიძლიათ დაუმატოთ საკვებს ან ჩაის. მას დაახლოებით 20%-ით შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმის სიჩქარე.

​გისურვებთ ჯანმრთელობას! 

-qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)-qe

წაიკითხეთ სრულად