Baby Bag

​როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა

​როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა

როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

რა ასაკამდე უნდა იყოს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე?

- დედის რძე ახალშობილი და ჩვილი ბავშვის სრულფასოვანი საკვებია. ბუნებრივი კვების გაგრძელება რეკომენდებულია 2 წლამდე, რა თქმა უნდა, 6 თვიდან დამატებით საკვებთან ერთად. 2 წლამდე ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას და მოზრდილ ასაკში ქრონიკული დაავადებებისა და სიმსუქნის განვითარების რისკის შემცირებას.

- რა ასაკიდან უნდა გადავიყვანოთ მყარ საკვებზე?

- დამატებითი საკვების მიღების საუკეთესო პერიოდად 6 თვის ასაკია მიჩნეული, იშვიათ შემთხვევაში, განსაზღვრული ჩვენებით და ექიმის გადაწყვეტილებით, დამატებითი კვება ინიშნება 4 თვიდან. პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძე ან ხელოვნური ნარევი სრულად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელია დედის რძესთან ან ხელოვნურ ფორმულასთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება. 6 თვიდან საკვების დაწყება ემყარება ასევე ბავშვის ნერვ-კუნთოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მომწიფებას და მზაობას მიიღოს ნახევრადმყარი საკვები, ვითარდება „ღეჭვის რეფლექსი“, შეუძლია ლუკმის ფორმირება და გადაყლაპვა, იწევს საკვებისკენ და აღებს პირს, როცა შია.

- მთლიანი ულუფები უნდა მივცეთ თუ დედის რძესთან ერთად, ნელ-ნელა მივაწოდოთ სხვადასხვა პროდუქტი?

- დამატებით საკვებს მიეკუთვნება ნახევარად მყარი საკვები, როგორებიცაა: მარცვლეულის ფაფა, ბოსტენულის პიურე, ხილფაფა, ხორცისგან დამზადებული საკვები.

ბუნებრივი კვებიდან დამატებით კვებაზე გადასვლა ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, ბავშვი ეჩვევა საკვების კოვზიდან მიღებას, პირის ღრუში საკვების გადაადგილებას და გადაყლაპვას, ამიტომ პირველი საკვები უნდა იყოს მცირე რაოდენობის, რბილი კონსისტენციის და შეიცავდეს ერთ ინგრედიენტს.

ბუნებრივი კვება გრძელდება მოთხოვნილების მიხედვით. როდესაც ბავშვი მიეჩვევა კოვზიდან კვებას, უნდა შესთავაზოთ მრავალფეროვანი, შედარებით სქელი კონსისტენციის პიურე ან ფაფა. დაახლოებით 9 თვის ასაკიდან კი ბავშვს შეუძლია მიიღოს დაკეპილი, დაჭყლეტილი საკვები, რაც ხელს უწყობს ღეჭვის განვითარებას. დამატებითი საკვები ეძლევა 2-3 ჯერ დღეში, კვებათა შორის რეკომენდებულია წახემსება - ხილი, ორცხობილა და ა.შ.

ბავშვებისთვის საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ ჰიგიენური ნორმების დაცვით და არ არის რეკომენდებული ორი ან მეტი სახეობის ახალი პროდუქტის ერთდროული მიცემა, ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით. შესთავაზეთ ბავშვს დამატებითი საკვების მცირე ულუფა (1-2 კოვზი) და ყოველდღიურად გაზარდეთ საკვების რაოდენობა.

ფაფებით უნდა დავიწყოთ თუ ხილ-ბოსტნეულით, რომელი უმჯობესია?

- მკაცრი გამიჯვნა, პირველ ეტაპზე, რომელი უმჯობესია, არ გვაქვს. მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტეინო მარცვლეულით, როგორებიცაა - წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდი.

ბოსტნეულის და ხილფაფის პიურეს დაწყება ხდება ერთი სახეობის პროდუქტით, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 1-2 დღიანი ინტერვალით.

- რა ასაკიდან უნდა შემოვიტანოთ რაციონში ხორცი და როგორი სახით შევთავაზოთ?

- ხორცი ჩვილის რაციონში აუცილებელია დაემატოს 7-8 თვის ასაკიდან. ხორცი მდიდარია ცილით, ასევე შეიცავს რკინას, ბ ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. თავდაპირველად ხორცის მიცემა უმჯობესია დაქუცმაცებული სახით, ბოსტნეულის პიურესთან ერთად, კვირაში 3-4-ჯერ. არ არის რეკომენდებული ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა 2 წლამდე. ამიტომ ხორცი იხარშება ცალკე და შემდეგ ხდება შერევა ბოსტნეულთან. ბავშვის რაციონში ხორცის დამატება უმჯობესია დავიწყოთ ფრინველის ხორცით, ინდაურით ან ქათამით, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ადვილად ათვისებადია და არ იწვევს ალერგიას, შემდეგ ემატება ხბოს და კურდღლის ხორცი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

10 საზაფხულო პროდუქტი, რომელიც ორსულების მენიუში უნდა იყოს

10 საზაფხულო პროდუქტი, რომელიც ორსულების მენიუში უნდა იყოს

ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც ყველაზე გრძელი და მცხუნვარე დღეებით ხასიათდება. ეს სეზონი ორსულებისთვის ნაკლებად სასურველია, თუმცა მწველ დღეებს თან მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული ბევრი სახეობის ხილი და ბოსტნეული მოჰყვება, რაც სასარგებლოა თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის. ამ სტატიაში გირჩევთ იმ „​საზაფხულო ​პროდუქტებს“, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ორსულების მენიუში.

1. მიკროგრენი

​მიკროგრენი მწვანეფოთლოვანთა ოჯახს მიეკუთვნება. სასარგებლო და გემრიელი ნაყოფი მრავალმხრივი მკვებავი თვისებებითაც გამოირჩევა. მიკროგრენი მდიდარია C და E ვიტამინებით, რომლებიც აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს ცხელი ზაფხულის განმავლობაში. მიკროგრენის ერთ-ერთი უპირატესობა მისი გამოყენების სხვადასხვა ვარიაციაა - შეგიძლიათ ის გამოიყენოთ კერძის ინგრედიენტად ან უბარლოდ გასაფორმებლად, მეტი ვიზუალური ეფექტისთვის. მაგალითად, მიკროგრენი უხდება სენდვიჩსა და ომლეტს. 

2. საზამთრო

საზამთრო შესანიშნავია ორგანიზმის ჰიდრატირებისთვის. ის კლავს წყურვილის გრძნობას და იცავს ორგანიზმს გამოშრობისგან. საზამთრო კარგია წახემსებისთვის. მაღალი ტემპერატურის დროს ის მარტივად აღგიდგენთ ენერგიას. ასევე, ფიზიკური აქტივობის ან სეირნობის დროს საზამთროს წვენი ერთ-ერთი პოპულარული სასმელია. 

3. მოხარშული კვერხი

მოხარშული კვერცხი მარტივი და მსუბუქი გზაა ცილის მისაღებად. ორსულობისას ერბო კვერცხის მომზადებაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამ დროს მოხარშული კვერცხი საუკეთესო გამოსავალია. თქვენ შეგიძლიათ მისი მრავალმხრივ გამოყენება: სალათებში, კერძების გასაფორმებლად, სენდვიჩების დასამზადებლად. თითოეულ ვარიანტში მიიღებთ საჭირო ცილასა და სხვა მიკრონუტრიენტს, რომლებიც აუცილებელია ორსულობის განმავლობაში. 

4. კენკრა

ზაფხული მდიდარია სეზონური ხილით, მათ შორის კენკრით, რომელიც შესანიშნავად ერწყმის სმუზს, იოგურტს, ხილის კოქტეილს, სხვადასხვა ფაფას. ზაფხულში კენკრის დიდი არჩევანია: მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი. კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასევე ბოჭკოთი, რომელიც დაგეხმარეთ ყაბზობის თავიდან ასაცილებლად. ასევე, თუ მარწყვი სახლში მოგყავთ და მისი მოკრეფა თქვნთვის სასიამოვნო თავშესაქცევი საშუალებაა, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ შესაძლებლობითაც. 

5. ბერძნული იოგურტი

ბერძნული იოგურტი დღის დაწყების საუკეთესო ვარიანტია. მისი მიღებისას ორგანიზმი მარაგდება დიდი რაოდენობის პროტეინით. გარდა ამისა, ცივი იოგურტის ფაქტურა შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. ამასთანავე, იგი გაჯერებულია ჯანსაღი ცხიმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დღის ვრცელი პერიოდი დანაყრებულად იგრძნობთ თავს. სურვილის შემთხევაში შეგიძლიათ, ბერძნულ იოგურტს შვრიის ფაფა დაურთოთ და საუზმე მეტად ნოყიერი აქციოთ.

 6. კიტრი

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე თვალების ჩათვლით. თუ თქვენ გაწუხებთ ალერგია ან უძილობა, კიტრი ნამდვილად დაგეხმარებათ. ასე რომ, გაასუფთავეთ კიტრი ყუნწებისგან და დაწურეთ ან უბრალოდ დაჭერით და მიირთვით.

7. პიტნა

თუ წყალს დაუმატებთ პიტნას, მიიღებთ არომატულ სასმელს, რომელიც კანის რეცეპტორების გააქტიურებით დიდხანს შეგინარჩუნებთ სიგრილეს. ასევე, შეგიძლიათ პიტნას დაუმატოთ „პიტნის მეგობარი“ პროდუქტებიც და ასე ებრძოლოთ სიცხეს.

8. პომიდორი

პომიდორი გემოსა და მრავალხმრივი გამოყენების გამო ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ბოსტნეულია. მისი გამოყენებით შეგიძლიათ მოამზადოთ გასპაჩოს ცივი წვნიანი, ბოსტნეულის სალათები ან მარტივად - მიირთვათ მარილითა და წიწაკით. გარდა იმისა, რომ პომიდორი ორგანიზმს სიგრილის შეანრჩუნებაში ეხმარება, იგი შეიცავს ლიკოპეინს, წითელ კაროტინს, რაც გვიცავს მზის დამწვრობისგან (ასეთივე ნივთიერება გვხვდება სტაფილოშიც). 

9. ალუბალი

ალუბალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისებით ხასიათდება. ეს ხილი ვიტამინების, პროტეინის, რკინის, მინერალებისა და კალციუმის ნამდვილი „საცავია“. ის ასტიმულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ახალშობილის გონებრივ ჯანმრთელობას, ასევე ასუსტებს ინფლამაციასა და შებერილობას, გეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში.

10. ყაბაყი

ყაბაყი ერთ-ერთი ყველაზე ჰიდრირებული ბოსტნეულია, რომელიც ბევრ რეცეპტს შეგიძლიათ მოარგოთ. ყაბაყი ფოლიუმის მჟავის, კალიუმის, ვიტამინების (A, C) წყაროა. ყველა ეს ელემენტი კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პრენატალური ჯანმრთელობისთვის.


ასე რომ, თქვენ უკვე იცით როგორ უნდა გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს. მოიმარგეთ ზემოთ აღნიშნული პროდუქტები-სრული მზადყოფნითა და ამაღლებული განწყობით დაუხვდით ახალ სეზონს!

ავტორი: მარიამ კვეტენაძე

წყარო: www.mother.ly

წაიკითხეთ სრულად