Baby Bag

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

„ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე. ეს იწყება ორულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან“, - ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა - მაია სურვილაძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„ძუძუთი კვებას ალტერნატივა არ აქვს, რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს, ანალოგი არ შექმნილა და არც შეიქმნება. სულ არის ამის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მიუახლოონ ეს ფორმულები ერთმანეთს, ნელ-ნელა იხვეწება ეს ყველაფერი, დადგება დრო - როდესაც მაქსიმალურად მიუახლოვდება, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. ყველა დედა უნდა ეცადოს, საკუთარი შვილი თავისი რძით გამოკვებოს. მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ძუძუთი კვება შეუძლებელია. ეს შეიძლება, იყოს გამოწვეული როგორც დედისგან, ისე - ბავშვისგან. ბავშვის მხრივ, არსებობს სხვადასხვა გენეტიკური დაავადება, როდესაც საერთოდ არ შეიძლება მისთვის ძუძუთი კვება. როდესაც ბავშვი არის ძალიან მცირე წონის, ერთ კილოგრამე ნაკლები დაიბადა და ა.შ. მას სჭირდება სპეციალური საკვები. დედის მხრიდან ლაქტაციას უკუჩვენება აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მას აქვს, მაგალითად, შიდსი, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა - ეს არის აბსოლუტური უკუჩვენება, ხოლო როდესაც  ის სხვადასხვა მედიკამენტს იღებს - საუბარი არ არის ყველა მედიკამენტზე - ან დედას აქვს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, მაშინ დროებით ძუძუთი კვება შეუძლებელია. 

არის ასეთი დიაგნოზი - ძროხის რძის ცილის აუტანლობა - როდესაც ბავშვი ძუძუზეა, ის მას არ უნდა მოვწყვიტოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დედის კვებაში კორექტირების შეტანა - მისი მენიუდან უნდა ამოვიღოთ რძის პროდუქტები, დავაკვირდეთ ბავშვს. რძის აუტანლობა შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, დედის კვება უნდა მოწესრიგდეს. 

რაც უფრო მეტ არაალერგიულ საკვებს მიიღებს დედა, მას ბავშვიც სინჯავს და უფრო მეტად მრავალფეროვანი გემოვნება უყალიბდება. არავითარ შემთხვევაში, 17 კვირაზე ადრე არ უნდა მოხდეს ჩვილის გადაყვანა მყარ კვებაზე. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ იქამდე ბავშვი არ არის მზად, სწორად მიიღოს ის და შეძლოს გადამუშავება, ნებისმიერი საკვების - იქნება ეს ხილი, ბოსტნეულის პიურე თუ სხვა. ასევე, არ უნდა დაგვიანდეს - 27 კვირას არ უნდა გადაცდეს. ეს არის იდეალური დერეფანი - 17-დან 27 კვირამდე“, - აღნიშნა მაია სურვილაძემ. 

წყარო: ,,​იმედის დილა"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს და ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას"

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს და ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას"

რა ფსიქოლოგიურ მომენტებთან არის დაკავშირებული ახალბედა დედისთვის ძუძუთი კვების პროცესი და რა არის, ამ მხრივ, ძირითადი პრობლემები - აღნიშნული საკითხის შესახებ  მსახიობებმა, თინათინ წულაძემ და ანკა ვასაძემ გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრეს და საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

,,ჩემი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობა არის პრობლემა. ძალიან ნორმალურია, რომ ახალშობილი ტირის სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ შვილზე ძალიან ბევრი რძე მქონდა, მეორეზე მქონდა პრობლემები, მაგრამ მაინც ძუძუთი ვკვებავდი. ძუძუთი კვების დროს დედა არ უნდა იყოს მკაცრ დიეტაზე. მეტსაც გეტყვით, როგორც კი სწორ კვებაზე გადავედი, რძე შემიმცირდა. ის უნდა მიირთვა, რაც გსიამოვნებს. რა თქმა უნდა, მავნე საკვებს არ ვგულისხმობ. დედა უნდა განეწყოს ფსიქოლოგიურად. მე მესმის, რომ არის ქალების კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია, ძუძუთი კვების პროცესი ცუდად ხდის და მათიც მესმის", - აღნიშნავს ანკა ვასაძე.

,,ძუძუთი კვება შედარებით ადრე დავამთავრე, რადგან, სამწუხაროდ, თუნდაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო, რაღაცები ამერია და რძე თავისით გაქრა. მაგრამ მე მგონია, ამის მთავარი მიზეზი იყო, რომ ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი. მე თუ მკითხავთ, ეს არის პირველი მტერი, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ განწყობაზე ხარ - უნდა იყო დასვენებული, გამოძინებული, რაც ძალიან რთულია. წვეთებს ვითვლიდი, განვიცდიდი, ბავშვიც ცუდ ხასიათზე იყო და ამან ხელი შემიშალა. პირველი. რაც ალბათ დედამ უნდა შეამოწმოს, არის ის, თუ რამდენად სწორი მოჭიდება აქვს ბავშვს. ამას შემდეგ ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება და პირველივე წამიდან უნდა გაკონტროლდეს, რადგან ბავშვი ეჩვევა და გასწორება უფრო რთულია. ჩემს შემთხვევაში, ამან შემდგომ ბევრი პრობლემა გამოიწვია", - ამბობს თინათინ წულაძე.

,,ძუძუთი კვება ამცირებს დედისთვის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ასევე, ბევრ სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას. ეს იმდენად დიდი სიკეთეა, რომ მალამოსავით ედება მთელს ორგანიზმს და აფერხებს ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას". 

წყარო: ,,​იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად