Baby Bag

​უახლესი რეკომენდაციები ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

​უახლესი რეკომენდაციები ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

თქვენი შვილი შვიდი თვისაა და მყარი საკვები უკვე გააცანით. ბავშვი სავსებით ჯანმრთელი და ბედნიერია, ნელ-ნელა ეჩვევა ჯდომას და ხოხვასაც სწავლობს. ახალ საკვებ პროდუქტებთან შეგუება არ გასჭირვებია. თქვენ მისი საკვები რაციონის გამრავალფეროვნებაზე ფიქრობთ. გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა თავს უფლება მისცეთ და ბავშვს მცირე ოდენობით კვერცხის გული გაასინჯოთ. რამდენიმე წლის წინ თქვენს კითხვაზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. თქვენი ახლობლები, ნაცნობები თუ პედიატრები აუცილებლად გეტყოდნენ, რომ შვიდი თვის ბავშვს კვერცხი არ უნდა მისცეთ, თუმცა თანამედროვე მედიცინის წარმომადგენლები განსხვავებულ რეკომენდაციებს გასცემენ. თქვენს შეკითხვაზე ისინი აუცილებლად გიპასუხებენ: „დიახ, შეგიძლიათ ბავშვს კვერცხი გაასინჯოთ.“

​ახალი სამედიცინო დირექტივების თანახმად, ხილი, ბოსტნეული, შვრია და ბრინჯი ის პროდუქტებია, რომლებიც თქვენს შვილს ოთხი თვიდან ექვს თვემდე შუალედში უნდა მისცეთ.
ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიის უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, მათ საკვების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკვე ჩვილობის ასაკიდანვე მივაწოდოთ. აღნიშნული დასკვნა უამრავ კვლევასა და ექსპერიმენტს ემყარება და ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა კვების იმ პრინციპებთან, რომლებსაც მედიცინის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ ურყევ ჭეშმარიტებებად მიიჩნევდნენ.
კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვისთვის ადრეულ ასაკში საკვების მრავალფეროვანი ასორტიმენტის თანმიმდევრული მიწოდება მას კვებითი ალერგიის განვითარების რისკებისგან იცავს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც მოუწოდებენ თავი თავისუფლად იგრძნონ და საყვარელი პროდუქტების მიღებაზე უარი არასდროს თქვან.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის 2000 წლით დათარიღებულ რეკომენდაციებში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მიღება ეკრძალებოდათ, ხოლო ბავშვისთვის კვერცხის მიცემა მხოლოდ 2 წლის ასაკიდან შეიძლებოდა. მკაცრი აკრძალვების მიზანს ბავშვებში ეგზემისა და კვებითი ალერგიების პრევენცია წარმოადგენდა, თუმცა 2008 წლიდან პედიატრთა აღნიშნული დირექტივები გაუქმდა და ისინი ახალმა რეკომენდაციებმა ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ დადგენლი აკრძალვები გაუქმებულად გამოცხადდა, მშობლები კვლავ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და არ იცოდნენ, როდის მიეცათ ჩვილი ბავშვისთვის ამა თუ იმ პროდუქტით კვების უფლება. მეძუძურ და ორსულ დედებსაც უჭირდათ თავისუფლად კვება, რადგან ახალ დირექტივებზე ნათელი წარმოდგენა გარკვეული ხნის მანძილზე არავის ჰქონდა.
2013 წელს გამოქვეყნებული ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვს საბაზისო დამატებითი საკვები, როგორებიცაა შვრია, ბრინჯი და ბოსტნეული, 4-6 თვემდე შუალედში უნდა მიეწოდოს, ხოლო რძე და კვერცხი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გააასინჯოთ, რაც ჩვილი ადრეულ ასაკში მიწოდებული საბაზისო საკვები პროდუქტებისადმი სრულ ტოლერანტობას გამოავლენს. ბავშვისთვის რძისა და კვერცხის პირველადი მიწოდება მშობლიურ გარემოში უნდა მოხდეს.
კვლევებით დადასტურდა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხორბალზე ალერგია უმეტესად იმ შემთხვევებში გამოვლინდა, როდესაც ჩვილობის პერიოდში მშობლები ბავშვისთვის ხორბლის მიცემას ექვს თვემდე ერიდებოდნენ. მედიცინის წარმომადგელები მშობლებს ურჩევენ ძროხის რძის შემცველი პროდუქტების (იოგურტი, ყველი) მცირე ულუფები ბავშვებს ერთ წლამდე მიაწოდონ, თუმცა თავად ძროხის რძით საკვები ფორმულის ან დედის რძის ჩანაცვლება კატეგორიულად აკრძალულია. უშუალოდ ძროხის რძე ბავშვს ერთ წლამდე არ უნდა მისცეთ.
უახლესი კვლევებით ასევე დასტურდება, რომ 9 თვის ასაკში ბავშვისთვის თევზის მიწოდება მას მომავალში ეგზემის განვითარებისგან იცავს.
ბავშვებში კვებითი ალერგიების გამოვლენის რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, თუმცა აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენა დღემდე ვერ ხერხდება. სკოლამდელი ასაკის ამერიკელი ბავშვების 5 პროცენტს კვებითი ალერგიის დიაგნოზს უსვამენ. მათ შორის 90 პროცენტზე მეტს ალერგია ისეთი პროდუქტების მიმართ აქვს, როგორებიცაა: რძე, კვერცხი, თხილი, მიწის თხილი, მოლუსკები, თევზი, ხორბალი და სოიო.
მომზადებულია ​parents.co​m-ის მიხედვით
ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას

ძუძუთი კვება რომ ​უალტერნატივოა, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. თუმცა დგება მომენტი, როცა თქვენს პატარას ძუძუთი კვებაზე თავი უნდა დაანებებინოთ. ამისთვის დედები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რა რჩევას აძლევს მეძუძურ დედებს ნუკი - ნახეთ მისი პოსტი, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

„მოკლედ მეგობრებო, ასეთი ამბავია.. შევწყვიტე ჭმევა ჯერ კიდევ ბათუმში რომ ვიყავი, ოღონდ ეს გავაკეთე ძალიან უცბათ და უეცრად, რაც იყო შეცდომა!!!!! ეგრევე გამიმაგრდა, ამტკივდა და მივხვდი რომ უნდა მიმეცა ისევ... შემდეგ დღეს არ ვაჭამე მთელი დღე და ვაჭამე მხოლოდ ღამე.. ამით წოტა ვიმცირებდი რძეს. ასე 3-4 დღე. მერე თბილისში ჩამოვედით და კიდევ ერთხელ ვცადე, ამჯერად გადავიკარი და არც ღამით მივეცი. პირველი ღამე წიოდა და კიოდა, გულმა არ გამიძლო და იოგურტი მივეცი( დიდი შეცდომა). მომდევნო დღეებში გავიაზრე, რომ უბრალოდ ვუნაცვლებდი ძუძუს იოგურტით.. თქვენი კომენტარებიც რომ წავიკითხე, იოგურტიც წავართვი. ზუსტად 3 დღეე!!! მოითმინეთ წკმუტუნი და ბავშვი დაიძინებს, თან როგორ!!! აქამდე თუ ეღვიძებოდა ღამე და ჭამდა, ახლა მთელი ღამე სძინავს. ერთადერთი ეცადეთ, რამე ნოყიერი მისცეთ ძილის წინ. მე ვაძლევ ფაფას. იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, თუ თქვენც ახლა აპირებთ დანებებას.. უი და სხვათაშორის იმაზე ვდარდობდი აწი ვეღარ ჩავეხუტები ისე-თქო და თურმე პირიქით, სულ მკოცნის და მეხვევა ღამე.“


წაიკითხეთ სრულად