Baby Bag

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე​ საუბრობს და ლობიოს პიურეს რეცეპტსაც გთავაზობთ:

„სხვადასხვა ფერის და ჯიშის ეს პარკოსანი კულტურა ძველ და ახალ სამყაროში პოპულარული პროდუქტი იყო. საქართველოში მე-16 საუკუნიდან გამოჩნდა.

აი, რითია ლობიო გამორჩეული:

მისი მარცვლები ცილის საუკეთესო წყაროა და იმ ბავშვებისათვის, რომელთაც არ უყვართ ხორცი, სრულფასოვანი ცილის ალტერნატიული წყაროა.
ამავე დროს ლობიოს ცილა ადვილად ასათვისებელია.

ეს სხვადასხვა ფერის მარცვლეული ითავსებს ხორცისა და ბოსტნეულის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ფუნქციას: 

აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს

აქვს შარდმდენი ეფექტი

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ნაწლავთა მოქმედების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა ცილისა და უჯრედისის ასეთი დიდი რაოდენობის გამო მისი მიღების შემდეგ მეტეორიზმი (გაზების დაგროვება) შეიძლება განვითარდეს. 

გაითვალისწინეთ, ეს პრობლემა ნაკლებად ახასიათებს თეთრ ლობიოს.

ცილის გარდა ეს პარკოსანი შეიცავს ვიტამინების დიდ ჯგუფს - A, C, B, K ვიტამინები უხვადაა ლობიოს მარცვლების შემადგენლობაში
შეიცავს მინერალების საუკეთესო კრებულს - მდიდარია კალიუმით, სელენით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, იოდით, რკინით, მაგნანუმით, თუთიით, სპილენძით. მოკლედ, ამ მცენარეში ყველაფერია ჯანმრთელი ძვლების, კუნთების, საღი იმუნიტეტისა და სისხლმბადი სისტემის, ბავშვის სწრაფადმზარდი ორგანიზმის განვითრებისათვის.

თერმული დამუშავებისას სასარგებლო ნივთიერებების დაახლოებით 80% ლობიოს შემადგენლობაში შეუცვლელად ნარჩუნდება.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება მოუხარშავი ლობიოს მიღება. ის ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მოწამვლას იწვევს. მოხარშვისას ეს ნივთიერებები ინაქტივირდება და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

არ არის რეკომენდებული ლობიოს ხორცთან ერთად მიღება - ცილის ასეთი მიქსი ორგანიზმის მიერ ცუდად აითვისება და თირკმლისათვისაც დიდი დატვირთვას წარმოადგენს.

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა, მისი მონელება პატარას კუჭ-ნაწლავისათვის ძნელია. ადრეულ ასაკში საკმარისია 1-2 ჩაის კოვზამდე ლობიოს გამოყენება სხვა ბოსტნეულთან ერთად.

არ მოამზდოთ ბავშვისათვის ლობიოს კერძი კონსერვირებული პროდუქტისაგან. ის დიდი რააოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს.

მწვანე ლობიოს საღი, ნორჩი სახეობები (სატაცურისმაგვარი, ღეროსმაგვარი ლობიო) 8 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას პიურეს სახით, მშრალი ლობიოს გამოყენება 10-11 თვის ასაკიდან შეგიძლიათ.

როგორ მოვამზადოთ ლობიოს პიურე მარცვლებისაგან:

გარეცხეთ ლობიოს მარცვლები. ჩაალბეთ წყალში 12 საათის მანძილზე. შემდეგ წყალი გამოცვალეთ და კარგად მოხარშეთ. მოხარშული მარცვლები დაჭყლიტეთ, გასათხელებლად დაუმატეთ ანადუღარი წყალი. 

მზა პროდუქტი შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულს შეურიოთ ან დაამატოთ 5 მლ მცენარეული ზეთი და ბავშვს ამ სახით შესთავაზოთ 1-2 ჩაის კოვზი.

გახსოვდეთ - როცა ბოსტნეულის მიქსს ამზადებთ, ნუ შეურევთ ლობიოს უჯრედისის ასევე უხვად შემცველ ბოსტნეულს, მაგალითად ჭარხალს ან სხვა პარკოსნებს, რადგან ამ ნარევმა შესაძლოა გაზების ჭარბად დაგროვება და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით თქვენს პატარებს 10 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ. რეცეპტს ცნობილი ბედიატრი თამარ ობგაიძე გვთავაზობს. 

პასტის მოსამზადებლად სპეციალურად ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა უნდა გამოიყენოთ, მაგალითად, „პლასმონის“ საბავშვო პასტა „კიოჩილინე“ ან „ჯერმინე“.

საჭირო მასალა:

  • 1 მწიფე პომიდორი
  • ყვავილოვანი კომბოსტოს 1 საშუალო ზომის ყვავილედი
  • 1 მცირე ზომის ხახვი
  • 1 ძირი გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 30 გრამი უმარილო ყველი
  • 100 გრ ჩვილებისათვის განკუთვნილი პასტა (მზა წონა)


სოუსი:

მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააცალეთ კანი, დაჭყლიტეთ. კარგად მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაამატეთ ოხრახუში. შეურიეთ მომზადებული დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. მოთუშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. მზა სოუსს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ საბავშვო პასტა და მოხარშეთ. გაწურეთ, გადმოიღეთ თეფშზე. მოასხით ბოსტნეულის სოუსი.

პედიატრი გვაფრთხილებს, რომ ​პომიდორი ალერგიული პროდუქტია და ალერგიულ ჩვილს არ უნდა შესთავაზოთ. უმი პომიდვრის მიცემა ჩვილისათვის არ შეიძლება.

პასტის მომზადება გატარებული ხორცით ან გახეხილი ყველითაც შეგიძლიათ.


წაიკითხეთ სრულად