ერთი შეხედვით, კვება, რომელზეც დაბადებიდან ვფიქრობთ, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება მარტივ მექანიზმად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში იგი ძალიან რთული ფსიქოლოგიური პროცესია. ამიტომაც ის არ არის დაკავშირებული მხოლოდ შიმშილთან.
თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კვებასთან დაკავშირებულ, რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან საკითხზე.
ძალიან ხშირად მშობლები, იმ მიზეზებით, რომ ბავშვი „არ ჭამს“, „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიან პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ მულტფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. ბავშვი არ ჭირვეულობს, ღებულობს საკვების სრულ ულუფას და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს ასე არ არის.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი არ ჭამს, დავტოვოთ მშიერი და არ გავართოთ?
უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად ღებულობს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეული ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები; თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოსდა უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას.
არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.
ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.
მიეცით ბავშვს საშუალება, ჭამოს დამოუკიდებლად. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ, თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად.
თავდაპირველად პატარა შეიძლება მოითხუპნოს, კვების პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ ამ პერიოდში მოთმინება გვეყოფა, ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად კვებას, ამ პროცესში მისი ყურადღება მიმართული იქნება უშუალოდ კვების პროცესისკენ და არა დამატებითი გართობისკენ.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი პატარასთან უმადობის ორგანული მიზეზი ანუ რაიმე დაავადების არსებობა პედიატრმა უნდა გამორიცხოს.
ხშირად წახალისების ერთ-ერთი ფორმაა ბავშვის დაჯილდოება ტკბილეულით, ან სულაც სწრაფი ობიექტის რომელიმე რესტორანში მიპატიჟება. თუ წახალისების ამ ფორმას შევხედავთ ზრდასრულის გადასახედიდან, იგი მარტივად მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბავშვობის განმავლობაში მიღებული წახალისებები იწყებს დამკვიდრებას და გარდაიქმნება ჩვევად. შეიძლება იკითხოთ, რა ჩვევა უნდა ჩამოუყალიბოს ბავშვს ამ უწყინარმა ქმედებამ.
სიამოვნების მიზნით კვება ხდება პიროვნების ცხოვრების თითქმის მთავარი ფოკუსი. ამჯობინებენ ცხიმიან და ტკბილ საკვებს. ყველას ჭირდება მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისაგან, მაგრამ ზოგიერთი უპირატესობას საკვების სასარგებლოდ აკეთებს.
გამოცოცხლების მიზნით ფიზიკური ან ემოციური დაღლილობისას კვება ხდება აღნიშნული პრობლემის დაძლევის ერთადერთი გზა. განსაკუთრებით ცომიანი, ცხიმიანი და ტკბილი საკვები მწუხარებისა და დაღლილობისგან თავის დახსნის მთავარი გზა ხდება, თქვენი ორგანიზმი გრძნობს ერთგვარ გამოცოცხლებას.
ყოველივე ეს კი შემდგომში ჭარბი წონის და შედეგად, სხვადასხვა სერიოზული დაავადების მიზეზი ხდება.
რასაკვირველია, ბავშვი აუცილებლად უნდა წაახალისოთ, მაგრამ ეს ნუ იქნება საკვები. წახალისება სხვა ფორმითაც შეიძლება, მაგ, სათამაშო, წიგნი, გასეირნება - თქვენ უკეთესადაც შეგიძლიათ, შეარჩიოთ თქვენი შვილისთვის მოცემულ შემთხვევაში წახალისების ფორმა,“ - აღნიშნავს პედიატრი.
წყარო: