Baby Bag

ჯანსაღი კვება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში - 5 მარტივი რჩევა

ჯანსაღი კვება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში - 5 მარტივი რჩევა
კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ოჯახური ცხოვრება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ყველა სასწავლო  დაწესებულება და ბავშვთა ცენტრი დაკეტილია, მშობლებს დაეკისრათ მოვალეობა, ერთდროულად გაუმკლავდნენ დისტანციურად მუშაობას, ბავშვის მოვლას, მათ განათლებას და სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სწორი და ჯანსაღი კვება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, რამაც ფინანსური მდგომარეობის დარღვევა გამოიწვია, სიტუაციას ასევე ართულებს მოსახლეობის მხრიდან პროდუქტის „პანიკური მომარაგებაც“. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მშობელთა უმეტესობა ცდილობს, შეიძინოს მზა კერძები და გადამუშავებული პროდუქტი, რადგან ეს არის ოჯახის გამოკვების სწრაფი და დაბალფასიანი ხერხი.

UNICEF Georgia ​გვთავაზობს 5 მოსახერხებელ, ფინანსურად ხელმისაწვდომ და ჯანსაღ ალტერნატივას, იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის პატარა წევრებმა სწორად იკვებოთ. ეს იდეები დაგეხმარებათ სრულფასოვანი კვების რაციონის შენარჩუნებაში.
1. განაგრძეთ ხილის და ბოსტნეულის მიღება
ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ყიდვა, შენახვა და მომზადება შეიძლება რთული იყოს მკაცრი იზოლაციის პირობებში. მითუმეტეს, როდესაც მშობლებს ურჩევენ, მინიმუმამდე შეზღუდონ სახლიდან გასვლა. მაგრამ, როდესაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია ზომების მიღება, რომ ბავშვებმა განაგრძონ დღიურ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
როდესაც გექნებათ ცოცხალი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა, აუცილებლად გააკეთეთ ეს: ცოცხლად მიღების გარდა შეიძლება ხილის და ბოსტნეულის გაყინვა და ამრიგად პროდუქტი შეინარჩუნებს გემოსა და კვებითი თვისებების უმეტესობას. ცოცხალი ბოსტნეულით სხვადასხვა სუპების, მოშუშული და სხვა კერძების დიდი რაოდენობის მომზადებით ბოსტნეული უფრო დიდხანს გაძლებს და რამდენიმე დღის განმავლობაში გექნებათ სადილი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ასევე ამ კერძების გაყინვაც და შემდეგ მათი სწრაფად შეთბობა.
2. როდესაც ცოცხალი პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, ჩაანაცვლეთ ჯანსაღი მშრალი ან დაკონსერვებული პროდუქტით
ცოცხალი პროდუქტი თითქმის ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. მაგრამ, როდესაც ის არ არის ხელმისაწვდომი, არსებობს მრავალი ჯანსაღი ალტერნატივა, რისი ადვილად შენახვა და მომზადებაც შესაძლებელია.
დაკონსერვებული ლობიო ან ბარდა, რომელიც მრავალ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, თვეების და წლების განმავობაში ინახება. არსებობს მათი საკვებად გამოყენების მრავალფეროვანი გზები. დაკონსერვებული ზეთოვანი თევზი, როგორიცაა სარდინები, სკუმბრია და ორაგული, მდიდარია ცილებით, ომეგა 3 ცილოვანი მჟავებითა და მთელი რიგი ვიტამინებითა და მინერალებით. მათი გამოყენება შესაძლებელია ცივად, სენდვიჩებში, სალათებსა ან მაკარონთან ერთად. ასევე შეიძლება მათგან ცხელი კერძების მომზადებაც.
დაკონსერვებული ბოსტნეული, მაგალითად პომიდორი, ნამდვილად შეიცავს ცოცხალ პროდუქტზე ნაკლებ ვიტამინებს, მაგრამ ეს მაინც კარგი ალტერნატივაა ცოცხალი ან გაყინული პროდუქტის არარსებობის დროს.
წყალზე ან რძეზე მოხარშული შვრია შეიძლება მშვენიერი საუზმე იყოს და შესაძლებელია მისი შეზავება იოგურტით, დაჭრილი ხილით ან ქიშმიშით.
3. მოიმარაგეთ ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტი
დღის განმავლობაში ბავშვებს ერთხელ ან ორჯერ სჭირდებათ წახემსება. მათთვის ტკბილეულის ან მარილიანი ვერსიების შეთავაზების ნაცვლად მიეცით უფრო ჯანსაღი პროდუქტი, როგორიცაა: თხილეული, ყველი, იოგურტი (სასურველია არა ტკბილი), დაჭრილი ხილი ან ჩირი, მოხარშული კვერცხი, ან ადგილზე არსებული სხვა ჯანსაღი პროდუქტი. ამ პროდუქტებს აქვს კარგი კვებითი თვისებები, ანაყრებს და ეხმარება ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც ადამიანებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
4. შეზღუდეთ ძლიერ გადამუშავებული პროდუქტი
მაშინ, როდესაც ცოცხალი პროდუქტი არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი, ეცადეთ, შეზღუდოთ ძლიერ გადამუშავებული პროდუქტის ყიდვა. ქარხნულად გამოშვებული მზა საკვები, წასახემსებელი პროდუქტი და დესერტი პაკეტებში ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმებს, შაქარს და მარილს. იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ გადამუშავებულ საკვებს, ეცადეთ, ეტიკეტზე წაიკითხოთ შემადგენლობა და აირჩიოთ უფრო ჯანსაღი ვარიანტები, რომელიც შეიცავს ნაკლებ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას. ასევე ეცადეთ, თავი აარიდოთ შაქრიან სასმელებს და სანაცვლოდ დალიოთ ბევრი წყალი. წყალში დამატებული ხილი ან ბოსტნეული, მაგალითად ლიმონი, ლაიმი, კიტრი ან კენკრა, სასმელისთვის გემოს მიცემის კარგი საშუალებაა.
5. საჭმლის მომზადება და მიღება თქვენი ოჯახის რუტინის სახალისო ნაწილად აქციეთ
საჭმლის ერთად მომზადება და მიღება არის ოჯახში ჯანსაღი რუტინის ჩამოყალიბების, ოჯახური კავშირების და ყოველდღიურობის გახალისების კარგი გზა. როდესაც შესაძლებელია, საჭმლის მომზადებაში ჩართეთ ბავშვები - მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ პროდუქტის გარეცხვასა და დახარისხებაში დახმარება, ხოლო შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ უფრო რთული დავალებების შესრულებაც და სუფრიც გაშლაში დახმარება.
რამდენადაც შესაძლებელია, ეცადეთ, ოჯახში დაწესებული გქონდეთ საკვების მიღების ფიქსირებული დროები. ამგვარი სტრუქტურა და რუტინა დაეხმარება ბავშვებს მათი შფოთვის შემცირებაში ამ სტრესულ გარემოებებში.


მოამზადა ნატო ღვინიაშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, ​ხილი ერთ-ერთ ყველაზე ბუ​ნებრივ და ამავე დროს სასარგებლო საკვებს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანისთვის ხილი თითქმის ერთადერთი საკვები პროდუქტი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ხილი დღემდე გემრიელ და ჯანსაღ საკვებად რჩება.

თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ​ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.

​სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად