Baby Bag

ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს

ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს

ქლიავის სასარგებლო თვისებებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით

„სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ის ფართოდ გავრცელებული ხილია და მისი კვალი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მასალებშიცაა ნანახი ზეთისხილისა და ყურძნის ნარჩენებთან ერთად. ალბათ შეამჩნევდით, ბავშვებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ბურღულის ფაფისა და ხილის პიურის შემადგენლობაში რთავენ ბავშვთა კვების მწარმოებლები. მართლია, სეზონი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მაინც მოგიყვებით ქლიავზე.

ვიტამინების და მინერალების გემრიელი წყარო

ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს - მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.

​ახლა მინერალურ ნივთიერებებს მივყვეთ - ქლიავი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, რკინას, თუთიას, იოდს.

მდიდარია ორგანული მჟავებით, პექტინით, უჯრედისით, ბუნებრივი ანტისეპტიკებით.

რა შეუძლია ქლიავს?

  • კალციუმის და ფოსფორი ძვლის მთავარი მინერალური შემდგენელი ნაწილია.
  • პექტინები და უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას, აქვთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ქლიავი შეკრულობის დროს ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის ამ მიზნით ქლიავი ჩირის გამოყენებაც შეგძლიათ ფაფების ან კომპოტის შემადგენლობაში.
  • B ჯგუფის ვიტამინები, რაც დიდი რაოდენობითაა ქლიავის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, კანის, თმის სიჯანსღეს, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.
  • ჯადოსური C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მი მდნარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც მზარდი ძვლოვანი სისტემისათვის მატრიქსს წარმოადგენს.
  • სცადეთ უმადო პატრებისათვის - დადგენილია, რომ ქლიავი მადის მატებას იწვევს. საკვები ბოჭკოები ყაბზობასთან ბრძოლის გარდა ნაწლავური ბაქტერიების განვითრებას უწყობს ხელს, რადგან მათთვის საუკეთესო საკვებია.
  • ქლიავის შემადგემლობაში არსებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ანემიის განვითარებას უშლის ხელს.
  • ბუნებრივი ანტისეპტიკების გამო კი ქლიავს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი აქვს, რაც პირის ღრუდან იწყება.

როგორ და რა ასაკიდან?

  • ქლიავის მიცემა 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს. ქლიავის მიცემამდე სჯობს ჯერ სხვა ხილი გაასინჯოთ.
  • შეჩვევა კი ქლიავის რამდენიმე წვეთით დაიწყეთ. თუ პატარას ალერგია ან მონელების პრობლემები არ ექნება, პიურეს მიცემაც შეგიძლიათ. შესთავაზეთ 40-50 გრამი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ხილთან ან ბურღულეულთან ერთად.


​აი, გემრიელი და სასარგებლო ფაფის რეცეპტი:

ბრინჯი ქლიავითა და ბანანით

მოხარშეთ ბრინჯი წყალში, სრულ მოხარშვამდე 3-5 წუთით ადრე დაამატეთ დაჭრილი ქლიავი. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანის პიურე და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით.

მაწონი ქლიავითა და ატმით

30-30 გრამი ქლიავისა და ატმის პიურე შეურიეთ 100 გრამ მაწონს. ხილი მაწვნის მომჟავო გემოსაც შეარბილებს და სასარგებლო, გემრიელ საკვებსაც მიიღებთ.

მანამდე კი სანამ სეზონი დადგება, ბავშვთა კვებისათვის გათვალსიწინებული ქარხნულად მომზადებული ქლიავის პიურის გამოყენება შეგიძლიათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტკბილეული არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, თუ ხშირი წახემსებაა,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

„ტკბილეული არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, თუ ხშირი წახემსებაა,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ტკბილის მიღების წესზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, ჭარბი წონის პრობლემის შემთხვევაში ტკბილი რაციონიდან ამოიღონ:

„რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მოზარდები გამოვიკვლიეთ 12-დან 14 წლამდე და გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენი მოზარდები ხილს არ ჭამენ. მეორე პატარა შენიშვნა მაქვს იოგურტის თვალსაზრისით. მე მაწონი მირჩევნია, მაგრამ იოგურტიც კარგია. თუმცა როდესაც დამატებებია იოგურტში შაქრიანი ეს ნაკლებად სასურველია. იოგურტი უნდა იყოს დამატკბობლების გარეშე.

რაც შეეხება ტკბილეულს, საკუთრივ შოკოლადი ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტკბილეული ეს არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, ტკბილეულით ხშირი წახემსებები თუ გვაქვს. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, მაშინ სჯობს ტკბილეული საერთოდ აიკრძალოს. თუ ბავშვს დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, კანფეტის მომხრე არ ვარ. შეგვიძლია მივცეთ კარგი შოკოლადი, ნამცხვარი, მაგრამ სადილის შემდეგ, როდესაც ყველაფერს შეჭამს, მერე დააყოლოს ტკბილი ბავშვმა.

იმის თქმა, რომ დაგაჯილდოვებ და მსგავსი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. ხილიც და ტკბილიც შეიძლება სადილის შემდეგ. კიდევ უკეთესია თუ იქნება ცალკე იჯრაზე, იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩვეულებრივ საჭმელს ტკბილეულს თუ მიაყოლებთ, კუჭის წვენის დათრგუნვა მოხდება. ნამეტანი არ გვინდა. ტკბილი მადის მომმატებელია, მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, კალორაჟის მოსამატებლად შეგვიძლია მივცეთ ან ცალკე იჯრაზე, ან სადილის შემდეგ,“- მოცემულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად