Baby Bag

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად?

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად?

რატომ უნდა მოამზადოთ საოჯახო საკვები ბავშვებთან ერთად, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრ​ობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„აქციეთ საოჯახო საჭმლის კეთება სახალისოდ და სასარგებლოდ თქვენი შვილებისათვის. არა, ეს მხოლოდ გასართობი არ არის. აი, რა სიკეთე შეიძლება მოგიტანოთ ამ პრაქტიკამ:

  • თქვენ შეგიძლიათ გააცნოთ და შეაყვაროთ ბავშვს ჯანმრთელი პროდუქტები, რომლებიც ხშირად ისეთი გემრიელი ვერაა, როგორც საყვარელი ნუგბარი, მაგრამ თუ თქვენ ადრეული ასაკიდან გააცნობთ სასარგებლო პროდუქტს პატარას, დიდი ალბათობით ის ამ საკვებს შეიყვარებს.
  • ​ახალი საკვების მომზადება ახლის შემეცენების სახალისო პროცესია - მოუყევით ბავშვს ამა თუ იმ პროდუქტის ისტორია - საიდანაა, როგორ მოჰყავთ. ზღაპარივით შეგიძლიათ უამბოთ აცტეკების ამბავი, ბოსტნეულის დიდი ნაწილი ხომ სწორედ ამ ტომების უძველესი სამზრეულოს ნაწილია.
  • სამზარეულოს საქმეებში ჩართული ბავშვი ბევრს იგებს ოჯახის ტრადიციებაზე - რა საკვებს ანიჭებთ უპირატესობას, როგორი წესით ამზადებთ და თუ ამას ოჯახური ერთობლივი სადილ-ვახშამიც ემატება, ბავშვი თავიდანვე ითვისებს ამ ტრადიციებს.
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი საკვების მომზადების ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც სწავლობს, რაც ძალიან გამოადგება დამოუკიდებელად ცხოვრებისას.
  • ​საკვების მომზადება ხშირად სახალისო მათემატიკასაც გულისხმებს - თქვენ ხომ მასთან ერთად ითვლით, წონით ან ზომავთ სხვადასხვა პროდუქტს

  • ​სამზარეულოში ფუსფუსი მშვენიერი გართობაა და შემეცნებითი თამაშია - პატარა ამ დროს ახალ სიტყვებსაც ისწავლის, თუ ხშირად გაუმეორებთ ამა თუ იმ პროდუქტის თუ საოჯახო ნივთის დასახელებას

  • არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოება - ბავშვს ასაკის შესაბამისი დავალებები უნდა მისცეთ და არ მისცეთ საშუალება, მიაწვდეს ბასრ იარაღებს.
  • დაავალეთ, მოგაწოდოთ ესა თუ ის პროდუქტი, ჩაყაროს დაჭრილი პროდუქტები ქვაბში. ნარჩენები კი სანაგვე ურნაში მოათავსოს, მიეცით ცომის ნაჭერი. მოკლედ, დაასაქმეთ უსაფრთხოდ.


დაბოლოს, საკვების მომზადება ბავშვთან ერთად გატარებული სასიამოვნო წუთებია. არაფერი შეედრება შვილთან ერთად გატარებულ მხიარულ წუთებს,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვისთვის წვნიანის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„თუ ბავშვი მოხარშულ საკვებს ჭამს ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ საკვები თერმულად კარგად არის დამუშავებული. სამწუხაროდ, ექიმი ვერ გირჩევთ თქვენ, როგორ უნდა მისცეთ ბავშვს წვნიანი, თუ ის არ ჭამს წვნიანს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ის, რომ თვითონ ბავშვს მიაღებინოთ მონაწილეობა საკვების მომზადების პროცესში. ლამაზად გაუფორმეთ ეს წვნიანი ბავშვს და იქნებ ასეთი ფორმით დააინტერესოთ.

ერთხელ კი ნუ შესთავაზებთ ბავშვს წვნიანს, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ იგივე შესთავაზეთ, მაგრამ თვითონ მიაღებინეთ მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, უნდა სცადოთ თამაშით დააინტერესოთ წვნიანით. იქნებ ასეთი ფორმით მაინც შეჭამოს. წვნიანი ასეთი განსაკუთრებული რაღაც არ არის. მთავარია, სწორად იყოს კალორაჟი გათვალისწინებული და დღის განმავლობაში რაციონი სწორად იყოს შედგენილი.

რა თქმა უნდა, ბოსტნეულის წვნიანი, ხორცის წვნიანი (წყალი რამდენიმეჯერ უნდა გამოვუცვალოთ ხორცს, რომ პირიქით არ შებეროს), სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად