Baby Bag

რატომაა სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ის ბავშვს

რატომაა სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ის ბავშვს

რატომაა სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ის ბავშვს, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საუკუნეთა მანძილზე გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი იროკეზის ტომის ინდიელებისათვის ყოველდღიური საკვები იყო. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე ისინი ყაბაყს ლობიოსთან და სიმინდთან ერთად თესავდნენ, რადგან მიაჩნდნათ, რომ ეს სამეული ერთად გაცილებით უკეთ იზრდებოდა და უხვ მოსავალს იძლეოდა. მე-16 საუკუნეში ინდიელთა სუფრის ეს აუცილებელი საკვები ევროპელთა სუფრაზეც მოხვდა.

გემრიელი და სასარგებლო

  • ყაბაყი დაბალკალორიული ბოსტნეულია. მისი ყოველი 1 კგ. მხოლოდ 270 კკალ. ენერგიას შეიცავს. ამიტომ თუ თქვენი პატარა ჭარბ წონას ებრძვის, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოთ მის საკვებ რაციონში.
  • ნაზი სტრუქტურის წყალობით, არ აღიზინებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კარგად მოინელება, ადვილად აითვისება მოხარშულიც და შემწვარიც, ამიტომ ბაშვთა კვებისათვის იდეალური პროდუქტია.
  • ყაბაყის შემდგენლობაში 90% ბუნებრივად კრისტალიზებული წყალია.
  • აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების დროს.
  • ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯერდების ფუქიცნიონირებისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
  • ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობებით შეიცავს მიკროლემენტებს, როგორც ყაბაყი - ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით.
  • კალციუმს და ფოსფორი, რაც დიდი რაოდენობითაა ამ პროდუქტში ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის და კბილების განვითარებას.
  • საინტერესოა, რომ ყაბაყი დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ეს ვიტამინი იცავს უჯერდების გარსებს დაზიანებისაგან, რაც უჯრედებს რადიაციისაგან და სხვადასხვა ტოქსინისაგან ემუქრებათ.
  • A და C ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყაბაყის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათის, მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.
  • ყაბაყი ჰიპოალერგიული პროდუქტია და საუკეთესოა დამატებითი კვების დაწყებისას შესარჩევ პროდუქტად 5-6 თვიდან.

გახსოვდეთ, რომ ყაბაყი, ისევე როგორც კიტრი, ზრდისას აქტიურად ირთავს ნიადაგიდან პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ საიმედო ბიოლოგიური პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ბავშვისათვის?

აი, ყაბაყის პიურეს ყველაზე მარტივი რეცეპტი 6 თვიდან:

მომცრო ზომის ყაბაყი გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად. მოხარშეთ. ყაბაყი სწრაფად იხარშება, საკმარისია დაახლოებით 7-10 წუთი. ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ. მოხარშული ყაბაყი დააბლენდერეთ ერთგაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გამოიწველილი დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. პიურე მზადაა!

გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ხორცით 7 თვიდან

გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე. ბოსტნეული რომ დარბილდება, ჩაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაწილადებული ქათმის თეთრი ხორცი და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

1 წლის ასაკიდან ყაბაყი სხვადასხვა კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ შეიტანოთ. მე მხოლოდ ერთ იდეას შემოგთავაზებთ გემრიელი და ყუათიანი საუზმისათვის.

ყაბაყის ალადები 1 წლის ზემოთ პატარებისათვის

2 საშუალო ზომის ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე .შეათქვიფეთ 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი რძე. დაამატეთ პურის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ.
მიღებული მასა დაასხით მცირე ულუფებით კოვზით ზეთიან ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.

ყაბაყი თქვენი კანის სილამაზისათვის

ახლა კი სასარგებლო ნიღბების რეცეპტი თქვენთვის, დედებო და ბებიებო, - ყაბაყის მკვებავი ნიღაბი

2 სუფრის კოვზი გახეხილი ყაბაყს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და ამდენივე თაფლი. 20 წუთის შემდეგ, ნიღაბს რომ ჩამოიბანთ, თქვენი კანი სრულად დატენიანებული და ნაზი იქნება!“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე
,,ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო, აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო.

პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

- მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო? - მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

- არა, ეს განკურნებადი არაა - შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ - მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

- ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია შემობრუნდა უკან, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

- ეს არ იკურნება. - ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

- ეს არ იკურნება. - გავიმეორე მისი სიტყვები.

ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: " თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით,სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვით უდრტვინველად გძინავთ ღამითო"."

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე. 

წაიკითხეთ სრულად