Baby Bag

​Another Brick in The Wall

​Another Brick in The Wall

დიდი ხანი ვფიქრობდი იმ დღეზე, როდესაც სკოლაში პირველ გაკვეთილს ჩავატარებდი მასწავლებლის ამპლუაში. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვოცნებობდი, თუმცა სურვილი მქონდა. სურვილი ძალიან დიდი იყო.

ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ნერვიულობაც კი ვერ მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ალბათ ძალიან ბევრჯერ აძგერდებოდა ჩემი გული კლასში შესვლამდე და ბევრჯერ დავღვრიდი ოფლს უჩუმრად. ამჯერად კი, ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი ძალიან მშვიდად მოხდა და ორშაბათ დღეს, ცხრას რომ ხუთი წუთი აკლდა, ახალგაზრდა მასწავლებელმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ხუთი გაკვეთილი ჰქონდა ჩატარებული და ისიც არაფორმალურად, სკოლის მძიმე კარები შევაღე.

არ მახსოვს. რა თქმა უნდა, არ მახსოვს პირველი გაკვეთილი რომელ კლასთან მქონდა. ჩემს გონებას მსგავსი რაღაცების დამახსოვრება უბრალოდ არ შეუძლია. ახლა ამას რაციონალური ახსნა რომ მოვუძებნო, იმ თითოეულ კლასს, რომელსაც პირველ კვირაში შევხვდი, თავისებური „პირველად შეხვედრის ბედნიერების სუნი“ ასდიოდა და რა კრიტერიუმებით უნდა გამომერჩია და დამემახსოვრებინა რომელიმე მათგანი?! ჰო, არც ისე რაციონალური ახსნა გამომივიდა.

რა თქმა უნდა, ბანალურად, საკუთარი თავის გაცნობით დავიწყე ყველგან პირველი გაკვეთილი. არც კი გავკადნიერდები, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოჩეკილმა მასწავლებელმა რჩევების დარიგება დავიწყო, მაგრამ პირველი, რაც თქვენს მოსწავლეებთან უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მათ „ნამდვილი მე“ გააცნოთ და არა ის ადამიანი, რომელიც თქვენში მასწავლებლობის ნიღბით ცხოვრობს. ორსახა ღმერთები არ სჭირდებათ მოსწავლეებს.

არ ვიცი, მათში რა გრძნობების აღძვრა მოვახერხე ან საერთოდ, მოვახერხე კი რამე ამ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია არის ის, რომ თუკი თქვენი საუბრისას, ერთმა მოსწავლემ მეორეს ბედნიერი სახით რაღაც გადაულაპარაკა, ეს იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ მათ „ბაბლში“ მიღებული ხართ, მით უმეტეს, თუ ეს იმ დროს ხდება, როდესაც ჰარი პოტერზე, ანიმეებზე და საყვარელ საფეხბურთო კლუბზე საუბრობთ.

დიდებთან გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. ახლა მახსენდება, რომ შიში პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც კლასში პატარა ადამიანებთან ერთად აღმოვჩნდი და მე გეგმაც კი არ მქონდა, თუ მათთვის რა და როგორ ამეხსნა. ასეთ დროს საჭირო სიტყვების მოძებნა ძალიან ჭირს და რამდენიმე წამით ლაშა ბუღაძის პერსონაჟს, ნუციკოს დავემსგავსე, სარკე რომ სჭირდებოდა გულში ჩარჩენილი სიტყვების გარეთ გამოსაშვებად.

საბოლოოდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. იმდენად იდეალურად, რომ პირველი დღის დასასრულს უკვე მქონდა პირველი საჩუქარი ჩემი საკუთარი მოსწავლისგან, ნახატზე გამოსახული ცუგა და შავი რაში იმის ნიშნად, რომ იმ ადამიანებზე, „რომლებიც მოვიშინაურეთ, ვალდებული ვართ ვიზრუნოთ“.

ხშირად წარმომიდგენია, თუ როგორი იქნებოდა ჩემი გაკვეთილები. მქონდა ძალიან უტოპიური იდეებიც, რომლებსაც ალბათ განხორციელება არ უწერია და მქონდა გონივრული აზრებიც. ერთ-ერთი მათგანი ჩემი საყვარელი ჯგუფის ერთ კონკრეტულ სიმღერას ეხება, რომლის მელოდიაც, ალბათ, უცნობი არავისთვისაა.

„Another Brick in The Wall“ პინკ ფლოიდის 1979 წელს გამოსული ალბომის „The Wall“-ის სავიზიტო ბარათია. არ მეგულება ჩემს სანაცნობო წრეში ერთი ადამიანიც კი, რომელმაც როჯერ უოთერსის ეს შესანიშნავი სიმღერა ან არ იცოდეს ან გაგონილი/მოსმენილი არ ჰქონდეს. მუსიკალური ნაწარმოები განათლების სისტემას და სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება. 1982 წელს სიმღერის მიხედვით კლიპი გადაიღეს. კლიპის კადრებში ასახულია სასკოლო გარემო: მასწავლებლები, ერთნაირად მკაცრი და მოღუშული სახით და მოსწავლეები, რომლებიც აგურით ნაშენები კედლისკენ მიემართებიან და კედლის მეორე მხრიდან ერთნაირ თარგზე მოჭრილი ნიღბებით გამოდიან. კლიპი ორნაწილიანია და მეორე ნაწილში ერთი მოსწავლის ფიქრებში ვტრიალებთ, რომლის ოცნებაც ამ კედლის დამსხვრევა და მის ოცნებაში ეს ოცნება სრულდება.

სიმღერის ტექსტი მოწოდებებითაა სავსე. ჯგუფის გამოცდილი მსმენელებისთვის უცხო ნამდვილად არ იქნება იმის განმარტება, თუ რისი თქმა უნდოდა ამ ტექსტით როჯერს. უოთერსს, რომელიც მრავალფეროვანი და ღრმა ცოდნით იწონებდა თავს, სასტიკად სძულდა განათლების სისტემის ტოტალიტარული მოდელი და ამას საკუთარი გამოცდილებით ხსნიდა. ის რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნავდა კიდეც, რომ სკოლა იყო ის ადგილი, რომელიც ეზიზღებოდა, რადგან მათზე მასწავლებლები ძალადობდნენ და რეჟიმი, რომელიც სკოლაში ბატონობდა, რეპრესიული იყო.

მსგავსი კედელი თანამედროვე ქართული განათლების სისტემისთვისაც ნაცნობია და სწორედ ამ კედლის დანგრევას შევეცდებით ერთად მე და ჩემი მოსწავლეები, რადგან არ არსებობს კედელი, რომელსაც ოდესღაც ერთი, პაწაწინა ბზარი რომ არ გაუჩნდეს.

კედლის, რომელიც ტყვეობასა და თავისუფლებას, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის შენდება; კედლის, რომლის ერთ მხარეს მოსწავლეები არსებობენ, ხოლო მეორე მხარეს ცხოვრება მათგან დამოუკიდებლად მიედინება და მათ შორის კავშირი არ არსებობს. კედლის, რომელიც გვაიძულებს კიდევ ერთი, მორიგი აგური ვიყოთ მასში და დარჩენილი ცხოვრება ნიღბებჩამოფარებულებმა ვიაროთ.

ამ ამბის დასაწყისი კი შემდეგნაირი უნდა იყოს - თითოეული კლასიდან უნდა ისმოდეს როჯერ უოთერსის ხმა, ხმა, რომელიც ფიქრს გვაიძულებს. ფიქრს იმ დამანგრეველ ძალაზე, რომელსაც ერთიანობა, სოლიდარობა და პროტესტი აერთიანებს.

და დასასრული?

დასასრულს კედელი ინგრევა.

ზუსტად ისე, როგორც თითოეული იმ მოსწავლის ოცნებაში, რომლებიც კედლის მეორე მხარეს არიან და სისტემა განვითრების საშუალებას არ აძლევს.

როგორც ვთქვი, მე უნდა ვიზრუნო იმ ადამიანებზე, რომლებიც მოვიშინაურე და თქვენ თუ ზრუნავთ მათზე? 

მარიამ მაშა გვარამია

მზად, გვერქვას მასწავლებელი...
მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. ბებია - მასწავლებელი, დედა - მასწავლებელი, ბაბუა - ინჟინერი, მაგრამ ცხოვრების მასწავლებელი, მამა - გზების ინჟინერი, მაგრამ ლექსების მასწავლებელი. ყველგან მასწავლებლები...
​ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით. დედას რიტუალი​ სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩა...
​პედაგოგობის სამი თვე - ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახული სკოლა და პრობლემები
ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვა და შენარჩუნება ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა განათლების სისტემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდ...

შეიძლება დაინტერესდეთ

2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები, ოდენობები და პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა

2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები, ოდენობები და პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020-2021 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობები, ოდენობები და პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა.

2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 12 723 750 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.

3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

4. 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვროს 2 250 ლარით.

5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწა­­ვლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.

6. 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;

ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა:

ა) განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ საგნებზე:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) ბიოლოგია;

ა.გ) ქიმია;

ა.დ) ფიზიკა;

ა.ე) ზოგადი უნარები;

ა.ვ) ისტორია;

ა.ზ) გეოგრაფია;

ა.თ) ლიტერატურა;

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.კ) სამოქალაქო განათლება;

ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებზე განაწილდეს შემდეგი პრინციპის დაცვით:

ბ.ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის პრიორიტეტულ წონად განისაზღვროს 1.4, ხოლო „ა.ვ“ – „ა.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის – 1;

ბ.ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 5% თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებზე. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებით საგნად არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საგანი, ამ საგნისთვის/საგნებისთვის განკუთვნილი თანხა თანაბრად ნაწილდება დანარჩენ საგნებზე;

ბ.გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით;

ბ.დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას:

ბ.დ.ა) თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დააწესა დამატებითი გამოცდა, ამ პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სავალდებულო საგნად დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორივე საგნის განსაზღვრის ან დამატებითი გამოცდის რამდენიმე საგანში დაწესების შემთხვევაში, ამ საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად ითვლება მათთვის დადგენილი აბიტურიენტთა მინიმალური კვოტის ნახევარი;

ბ.დ.ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, თითოეული პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ბიოლოგიის საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნებისათვის გამოყოფილად, მათთვის დადგენილი აბიტურიენტების მინიმალური კვოტის გათვალისწინებით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა ნაწილდება იმ საგანზე, რომელზეც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ მეტი თანხა განაწილდა;

დ) ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხის 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტით) დაფინანსებისათვის, 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტით დაფინანსებისთვის, ხოლო 50% – სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

8. ამ მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარს.

11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

15. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისთვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.

17. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.

18. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

19. ამ მუხლის მე-16 – მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა განაწილდება აბიტურიენტებზე თითოეული საგნის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რიგითობით, აბიტურიენტების მიერ მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხების გადანაწილების დროს მხედველობაში არ მიიღება ის საგანი/საგნები, რომელშიც ყველა აბიტურიენტი დაფინანსდა ან რომელშიც თანაბარი უმაღლესი აბსოლუტური ქულის მქონე აბიტურიენტთა დასაფინანსებლად დარჩენილი თანხა საკმარისი არ არის.

21. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დაფინანსებას არ მიიღებენ.

22. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

23. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

24. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

25. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

26. ამ მუხლის 21-ე - 25-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხა, რომელიც ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ განაწილდა, აგრეთვე ამ მუხლის მე-12 – მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის განაწილების შედეგად დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის 27-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

27. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-16 – მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

იხილეთ ​დადგენილება 

წაიკითხეთ სრულად