Baby Bag

როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციების მართვაში?

როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციების მართვაში?

ემოციური ინტელექტი არის როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ემოციების ამოცნობისა და მართვის უნარი. ბევრი ადამიანი მეტ ყურადღებას დღეს ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტს (IQ) აქცევს, რა დროსაც ემოციური განვითარების კოეფიციენტის (EQ) მნიშვნელობა ავიწყდებათ. მასზე ფიქრი ბავშვობის ასაკიდან, კერძოდ, დაბადებიდან იწყება.

საყურადღებოა, რომ ადამიანები, რომლებსაც მაღალი აქვთ მისი დონე, მეტად წარმატებულები არიან სოციუმში და აქვთ მაღალი ემპათიის გრძნობა. ასევე არიან ბავშვებიც. რა თვისებებს და უნარებს ფლობენ ისინი? ეს არის:
  • აქტიურობა, ენერგიულობა
  • მოლაპარაკებებისა და დებატების უნარი
  • კრიზისული სიტუაციების მართვის
  • გუნდში მუშაობი სუნარი
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო ბავშვებს, ისწავლონ ემოციური ინტელექტის შესახებ, დაუკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს და იმას, თუ როგორ გამოხატავენ მას ყოველდღიურობაში.
მშობლებს შემოგთავაზებთ მარტივ აქტივობებს თქვენი შვილებისთვის, რათა უკეთ შეისწავლოთ შვილების ემოციები და დაეხმაროთ მათ სხვადასხვა პრობლემის გადალახვაში.
• წიგნის კითხვის საათი
თქვენს შვილთან ერთად კითხვა საუკეთესო გზაა სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. წიგნის არჩევისას გაითვალისწინეთ ასაკი და თემა, რომელიც უნდა ეხებოდეს ემოციებს, განწყობებს: (მაგ. იმედგაცრუება, მხიარულება, სევდა, წუხილი და ა.შ.) პირადი გამოცდილებით გირჩევდით წიგნების სერიას სახელწოდებით „ტოპო-ტიპი“ (ბ. სულაკაურის გამომცემლობა), რომელიც 3+ წლის ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი, აღწერილია მარტივი და საინტერესო ისტორიები მორალზე და ეთიკაზე, გმირები ხშირად გამოხატავენ სხვადასხვა ტიპის ემოციას და ასწავლიან თანატოლებს სხვის დახმარებას, ემპათიას და თანადგომას.
• თამაში
აქტივობა, რომელსაც შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ ბაღის, ან სკოლის მასწავლებლებმა გამოიყენოთ. სთხოვეთ ბავშვებს მოიტანონ მათი 1 ფოტოსურათი, სადაც კარგად ჩანს სახის გამომეტყველება და კონკრეტული ემოცია, მაგ. ფოტო, სადაც იღიამიან, ბრაზს, შიშს ან იმედგაცრუებას გამოხატავენ. შეგიძლიათ ერთ ზომაზე დააკორექტიროთ და ამობეჭდილი დააკრათ ქაღალდზე, მისცეთ ბარათის ფორმა. გადმობრუნებულად დაალაგოთ და სთხოვოთ მათ აირჩიონ 2 ბარათი, აღწერონ ემოცია, შეეკითხონ თანატოლს რას გრძნობდა კონკრეტულ დროს და რამ განაპირობა მისი ასეთი განწყობა.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს როლური თამაშები, რაც მარტივი გზაა შეისწავლონ მეტი თავიანთი თავის შესახებ მანამ, სანამ ძლიერი სოციალური უნარები განუვითარდებათ. შეგიძლიათ საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმა გამოიწეროთ ან ერთად შექმნათ ხელის მარიონეტი, რომელიც ფერადი ქაღალდისგანაც მარტივად მზადდება.
ემოციის ამოცნობის, იდენტიფიცირების და გამოხატვისთვის კარგი გზაა ასეთი თამაშიც- თხოვეთ ბავშვს იპოვოს ოთახში ისეთი რამ, რაც მას ხდის ბედნიერს ან პირიქით, იმსჯელეთ მასთან თუ რატომ აღძრავს მასში ესა თუ ის ნივთი ამ ემოციას.
ასევე შეგიძლიათ სახის გამომეტყველება და სხეულის ენა გამოიყენოთ და მისცეთ მათ საშუალება გამოიცნონ თუ რომელ ემოციას გამოხატავთ.
• სუნთქვითი ვარჯიში
როცა ბავშვი დიდ, მძაფრ ემოციაშია და განიცდის წყენას ან ბრაზს, თხოვეთ მას ღრმად ისუნთქოს, გამოიყენეთ ბუშტის გაბერვის მეთოდი, თუ იოგით ხართ დაკავებული გეცოდინებათ, რომ ეს სუნთქვის კონტროლში გვეხმარება, ამ დროს გულისცემა ნელდება, ჩვენი სხეული განიცდის რელაქსაციას და ხდება ნეგატიური შეგრძნებების განდევნა. ბევრ ბავშვს უყვარს წყლიან ჭიქაში საწრუპის დახმარებით ბუშტების „გაბერვა“,ეს პრაქტიკაც დასამშვიდებლად ძალიან კარგია. თუ დიდი ხანი დასჭირდება დასაწყნარებლად ჩაურთეთ რაიმე მშვიდი სასიამოვნო მუსიკა ან დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც მისთვის რელაქსაციის მომტანი იქნება, მაგ. ხატვა.
• ილაპარაკეთ შეგრძნებებზე
ხშირად ბავშვები სათანადო სიტყვებს ვერ პოულობენ თავიანთი შეგრძნებების გამოსახატად, ამიტომ მშობელს შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, საუბრით, მაგალითების მოყვანით დაეხმაროს მას.
მაგალითად, თუ თქვენი შვილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ წააგო თამაში ან მოწყენილია, რადგან მეგობარმა სათამაშო აიღო დაუკითხავად, შეგიძლიათ მცირე დროის გასვლის შემდეგ კითხოთ, თუ რატომ მოიწყინა.

რა იგრძნო, როცა სხვამ დაუკითხავად აიღო მისი სათამაშო და ა.შ. მსგავსი პრაქტიკა დაეხმარება ბავშვს გრძნობების ვერბალიზებაში.
კარგი იქნება თუ ყოველდღიურობაში დანერგავთ შემდეგ პრაქტიკას: თუ პარკში სეირნობისას ან ბაღში ატირებულ ბავშვს შეესწარით, შეეკითხეთ თქვენს შვილს: „როგორ ფიქრობ, რატომ ტირის ის ბავშვი? ფიქრობ რომ ის მოწყენილია? ეს დაეხმარება ბავშვს ემპათიის შეგრძნების განვითარებასა და სხვისი ემოციის ამოცნობაში.
არსებობს პრაქტიკა, როცა ძლიერი ემოციის გამოხატვისას ან ტანტრუმის დროს ბავშვს იმწუთშივე იზოლაციაში ტოვებენ, რაც არც თუ ისე კარგია.
ასეთ დროს თავდაპირველად უმჯობესია არა იზოლაცია, არამედ მეტი ურთიერთკავშირი მშობელთან.
იმის ნაცვლად, რომ ატირებული ბავშვი გავუშვათ სხვა ოთახში დასაწყნარებლად, უკეთესი იქნება ახლოს გვყავდეს, ჩვენ გვერდით. თუ ბავშვს უნდა, რომ ჩაგეხუტოთ, აუცილებლად ჩაეხუტეთ, თუ არ აქვს ამის სურვილი, უბრალოდ იჯექით მის გვერდით, რომ თავი მარტო არ იგრძნოს. როცა ბავშვი მზად იქნება სალაპარაკოდ, კითხეთ მას, რა იგრძნო იმ სიტუაციაში და შემდეგში როგორ შეგიძლიათ, რომ მას დაეხმაროთ.
გამოიყენეთ დასამშვიდებელი ტექნიკა, მაგალითად უთხარით დაითვალოს ათამდე ან ღრმად ისუნთქოს.
შეგიძლიათ მოაწყოთ მისთვის სპეციალური კუთხე-დასასვენებელი ადგილი ფერადი ბალიშებითა და სათამაშოებით, სადაც მისი საყვარელი აქტივობები დახვდება. განცალკევებული ადგილი მისცემს მას ფიქრის ან განტვირთვის საშუალებას.
ერთ-ერთი ქცევის მართვის სპეციალისტი გვირჩევს: „ძლიერი ემოციური მდგომარეობის დროს მივცეთ უფლება ბავშვს ძლიერი ხმით გამოხატოს გაბრაზება. დაე, იყვიროს თუ რის გამო გაბრაზდა. მან უნდა იცოდეს რომ ეს ბუნებრივია და ნორმალური, რადგან სხვისთვის ზიანის მომტანი არ არის.“
რა უნდა ავიცილოთ თავიდან ემოციური ინტელექტის შესახებ სწავლისას
• აიცილეთ ქცევა, რომელიც არ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა გაიმეოროს
არ მოახდინოთ უხეში ვერბალიზება გაბრაზებისას, მაგ. იმის ნაცვლად, რომ თქვათ „ეს რა გააკეთე!“ „ცუდი ბიჭი ხარ!“ თქვით: „წყობიდან გამოვდივარ, როცა შენ აკეთებ..“ ამგვარად, თქვენი შვილი მიხვდება, რომ პრობლემა მის ქცევაშია და არა მასში, ის კი არ არის ცუდი, არამედ მისი ქცევა. შეეცადეთ აირიდოთ მკაცრი კრიტიკა, რომელიც ბავშვის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე ცუდად იმოქმედებს.
• არ დამალოთ თქვენი ემოცია
როცა ცუდ ხასიათზე ხართ და აცრემლებული ან უბრალოდ მოწყენილი დაგინახათ ბავშვმა, არასდროს დაუმალოთ მას თქვენი ემოციები და ნუ მოატყუებთ. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიმართლის თქმით და გაზიარებით დისკომფორტს შეუქმნის ბავშვს, თუმცა, პირიქით. ამიტომ ეცადეთ აუხსნათ, თუ რა მოხდა, რატომ ხართ, რას გრძნობთ და ისიც დააყოლეთ, რომ მალე შეძლებთ გაუმკლავდეთ ამ ამბით გამოწვეულ სევდას თუ წუხილს. სასურველია ამ დროს თქვენ ბავშვის სიმაღლეს გაუთანაბრდეთ, დაამყარეთ მასთან თვალით კონტაქტი, ისაუბრეთ დაბალი ტონალობით, მშვიდად, მოკლე და მარტივი წინადადებებით, რომელიც შეიძლება დაიწყოს ასე: „მე მინდა...“, აუცილებლად გამოიყენეთ ფრაზები „გთხოვ,“ „ხომ გესმის,“. წაახალისეთ ბავშვი, რომ გამოხატოს სათქმელი სიტყვებით და არა სხეულის ენით. შეეცადეთ ახსნათ მიზეზები იმის ნაცვლად, რომ კითხოთ: რატომ გააკეთა ესა თუ ის ქმედება.
ავტორი: დიანა მაკალათია

​გამოყენებული წყარო: 
​https://genmindful.com/

შეიძლება დაინტერესდეთ

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ ბავშვს მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ აქვს,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის განვითარებისთვის ჯანსაღი მიჯაჭვულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მიჯაჭვულობა უბრალოდ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მიწეპებული ხარ შენს გადამრჩენ დედიკოსა და მამიკოზე. მასთან რეციპროკული ურთიერთობა გასწავლის ნელ-ნელა შენი აფექტის რეგულაციას. ამ უსაფრთხო მიჯაჭვულობის საფუძველზე რეგულირდება ორგანიზმის ბიოლოგიური და ქცევითი სისტემები, ძლიერდება პოზიტიური ემოციები. ბავშვი სწავლობს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან უსიამოვნო და სასიამოვნო გამოცდილება, როგორ მიხვდეს, რომ ჯილდო მოჰყვება ქცევას. ბავშვის კოგნიტური განვითარება თავისთავად არ ხდება. შემეცნებითი პროცესების გაშლა ვერ მოხდება, თუ მნიშვნელოვან უფროსებთან ინტერაქცია არ არის.“

თამარ გაგოშიძემ მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე ისაუბრა:

„მეტყველების განვითარებამდე მარჯვენა ჰემისფეროს გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი მარცვლებს ათი ან ზოგი რვა თვიდანაც იძახის. სიტყვის გამეორება, თქმა, სხვა ადამიანისთვის გაგებინება, მარცხენა ჰემიფეროს აქტიურ განვითარებასთან არის დაკავშირებული 1 წლის მერე. მანამდე ბავშვს ინტერაქცია აქვს გარემოსთან, ვითარდება მისი მეტყველებამდელი ინტელექტი. მას დამოკიდებულებებიც მშვენივრად უვითარდება. სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევა შეუძლია ბავშვს. 1-2 წლის განმავლობაში ხდება ჩვენს ემოციებზე პასუხისმგებელი სისტემის განვითარება.“

„დასწავლის პროცესს ხელს უწყობს პოზიტიური ემოციური ფონი, კორტიზოლის ნორმალური დონე. როდესაც შფოთვის დონე მაღალი გვაქვს, დასწავლას ეს ხელს ვერ უწყობს ვერანაირად. ახლის სწავლით მიღებული სიამოვნება იწვევს დაჯილდოვებაზე ორიენტირებული სისტემის აქტივაციას თავის ტვინში. რატომ არის კარგი სკოლა, კარგი საბავშვო ბაღი ზეიმი ბავშვისთვის?! ბავშვს კორტიზოლის დონე აქვს დაბალი, შფოთვა აქვს დაბალი, არ ეშინია შეცდომის დაშვების, წარუმატებლობის, უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მისთვის სწავლა და დასწავლაც კი არის ზეიმი. ბავშვს ჯერ აფექტური რეაგირება აქვს გარემოზე და შემდეგ ითვისებს ენობრივ კომპეტენციებს. ემოციური რეგულაცია ვითარდება გარედან შიგნით. დედა როდესაც გშია გაჭმევს, გცივა - გაცმევს, გარედან ხდება შენი აფექტის რეგულირება. როგორც კი მშობელზე ასეთი დამოკიდებულება აღარ მაქვს, თვითონაც შემიძლია ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის

წაიკითხეთ სრულად