თუმცა ამ საკითხზე მასწავლებლის სახლმა რამდენიმე დღის წინ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა:
„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს ვერ ჩაატარებენ. რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - უთხრეს მასწავლებლის სახლში Moms.ge-ს.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, ინფორმაცია, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკითხის დაზუსტება ვთხოვეთ:
„არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო. ანუ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი და ფასდება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.