Baby Bag

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თხოვნით მიმართავენ. წერილში მასწავლებლები სკოლაში არსებულ მძიმე სიტუაციას აღწერენ და მიხეილ ბატიაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო მიმართვა ​Moms.ge-ს სკოლამ მიაწოდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

„​ბატონო მინისტრო, უკვე მეორე წელია, სკოლაში არის უკიდურესად დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენ გასული წლის მაისში დავწერეთ წერილი თქვენს სახელზე, ჩვენს სკოლაში მოსული იყვნენ აუდიტის სამსახურიდან და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდებით დასკვნას. ასევე, ამ პროცესში კარგად არის გარკვეული ადგილობრივი რესურსცენტრი. სკოლაში არ ტარდება სამეურვეო საბჭო, არ იკრიბება შეფასების ჯგუფი, დისციპლინური კომიტეტი და პედაგოგიური საბჭო.

სკოლის დირექტორს, გიორგი შანიძეს არ გააჩნია კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მას რამდენიმე თვის უკან პოლიციასთან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მასწავლებელზე.

გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი სატკივარი, გასაჭირი და მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე,“ - აღნიშნულია ქვაყუდის საჯაროს სკოლის პედაგოგების მიმართვაში.


შეიძლება დაინტერესდეთ

როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს, ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნამუშევარი - რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს, ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნამუშევარი - რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და ამ შეუცნობელ შესაძლებობათა ნამდვილი ფასი. ჩემი პრაქტიკიდან და პედაგოგიური მოღვაწეობიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ ვცდილობთ ბავშვი ნაადრევად გამოვიყვანოთ ბავშვური სამყაროდან, გვინდა ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე ადრე მოვამზადოთ. ამას კი ხშირად არასასურველი შედეგი მოყვება, რადგან ვიწყებთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება.

ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს. ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალურ-ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების - აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებასფსიქოსოციალურს - პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.

სკოლის პირველ პერიოდში მნიშვნელოვანია სამი ეტაპი: თამაში, ხატვა, ზეპირმეტყველება. ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გრძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეგრძნება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ხატვა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.

და მაინც რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც პედაგოგიურ პრაქტიკაში მაქვს დანერგილი, კოლეგებსა და მშობლებს ვუგეგმავ შეხვედრებს, ვუტარებ ლექციებს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ბავშვებს ხელოვნება, აღმოაჩინონ და შექმნან ბედნიერება, სიხარული. ჩვენ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ტელევიზორთან... თუმცა ჩვენ, ადამიანები (პედაგოგები მათ რიგში), იმისთვის ვართ შექმნილი, რომ რაიმე ახალი სტრატეგიები შევქმნათ.

ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითარებაში:

1. ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება;

2. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ცხოველებს, მცენარეებს, გარემოს. უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ემოციები ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა;

3. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანები, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე. სწავლობს განწყობის შემუშავებას. ხატვისას მნიშვნელოვანია,  ბავშვმა განიცადოს სიხარული და თვითკმაყოფილება.

დასასრულს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა არცერთი აქტივობა არ აძლევს ბავშვს საშუალებას, გამოხატოს საკუთარი ემოციები და გახდეს მეტად თავდაჯერებული, ისე როგორც ხატვის დროს. როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს, ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნამუშევარი.

ავტორი: ირინა ღლონტი ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი

გამოყენებული ლიტერატურა:

დიმიტრი უზნაძე; „განწყობის თეორია“(1976) თბ. საქართველო

ირაკლი იმედაძე ფსიქოლოგიის საფუძვლები (2006) თბ.საქართველო

წაიკითხეთ სრულად