„ბევრი 65 წლის მასწავლებელი აჯობებს 25 წლის ახალგაზრდას, რომელიც უკვე „მოხუცია პოფესიაში“ — არა აქვს ენერგია ან პროფესიული თუ საგნობრივი კომპეტენცია“ - ბერიკა შუკაკიძე
„მასწავლებლის პროფესიას, სხვა პროფესიებთან მიმართებაში, ცვლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ანუ მასწავლებელი იწყებს სამსახურს და 80 წლის ასაკამდე ასწავლის. რაღაც პერიოდის განმავლობაში გაჯერდა ეს პროფესია და ახალ ადამიანებს შესვლის საშუალება აღარ მიეცათ. ბუნებრივია, როცა პროფესიაზე მოთხოვნა აღარ არის, ახალგაზრდა მოწოდებითაც რომ იყოს პედაგოგი, იმის გამო, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში დასაქმების შანსი არ აქვს, სხვა პროფესიას ირჩევს. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ვკარგავთ პერსპექტიულ ახალგაზრდებს და ვეღარ ხდება ახალი სისხლის შედინება ამ პროფესიაში. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასაკი ცუდ პედაგოგობას არ ნიშნავს. რატომღაც ხალხს ჰგონია, რადგან ასაკოვანია, ცუდი პედაგოგია. ბევრი 65 წლის მასწავლებელი აჯობებს 25 წლის ახალგაზრდას, რომელიც უკვე „მოხუცია პოფესიაში“ — არა აქვს ენერგია ან პროფესიული თუ საგნობრივი კომპეტენცია. უბრალოდ, 25 წლისაა. ამიტომ მისი ასაკი სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი იქნება. დამეთანხმებით, კარგ მასწავლებელს არც ერთ ასაკში არ უჭირს კომპეტენციის დადასტურება. თუ ის 65 ან 67 წლის ასაკში გადაწყვეტს, რომ დაიღალა, მენტორად გამოვიყენოთ, შევიყვანოთ ხარისხის ჯგუფში, რომ 25 წლის მასწავლებელს მისცეს რჩევები და ნახევარსაათობრივი დატვირთვა მივცეთ, დანარჩენი დანამატი ამ საქმიანობით შევუვსოთ. ამით ახალგაზრდას მივცეთ შანსი, გახდეს კარგი მასწავლებელი. სისტემაც ამოისუნთქავს.“
ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა“ - ფილოლოგი გია მურღულია
ფილოლოგმა გია მურღულიამ, ლექციაზე „ოთხი კაცის ამბავი“, ისაუბრა პედაგოგების იმ ნაწილზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სჭირდებათ მუდმივი პროფესიული განვითარება.
„ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში გამოკითხეს მასწავლებლები. ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი - რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ცხოვრებაში მუდმივ პროფესიულ განვითარებას? - 60%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ პროფესიული განვითარება, რადგან დაამთავრეს უნივერისიტეტი და საკმარისი იციან, იმისათვის რომ ბავშვებს ასწავლონ. ჩემთვის, ალბათ ბევრისთვისაც, ეს პასუხი ამ ქვეყნის განათლების სისტემაში არის დიაგნოზი ტრაგედიისა. არც კი მინდა დავიჯერო, მგონია რომ გადაჭარბებულია, თუმცა ეს ოფიციალურად დაბეჭდილია.
მე ვიცნობ, ფანტასტიკურ მასწავლებლებს, „ფოიერვერკებს“ აწყობენ გაკვეთილებზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დიდი პრობლემები გვაქვს ამ კუთხით, ბევრი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, რაც ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, რომ თითქოს პატივს არ ვცემ მასწავლებელს. პატივს არ ვცემ კი არა, ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მიმაჩნია მთელ ქვეყანაზე.
ვარ ბედნიერი, როდესაც კარგ გაკვეთილს ვუყურებ და კარგ მასწავლებელს ვხვდები, ასევე ვარ ბედნიერი, როდესაც საშუალო მასწავლებელს ვხვდები, აწ უკვე. თუმცა, ვერ ვეგუები, ისეთ მასწავლებელს, რომელიც არაფერს აძლევს ბავშვებს.“