Baby Bag

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, გამოცდაზე წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულა აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად:

„მასწავლებლებს მივეცით შანსი ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა – თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდით, ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.

რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ სჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.

მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება – თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

1-ლი თებერვლიდან სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ - განათლების სამინისტრო

1-ლი თებერვლიდან სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ - განათლების სამინისტრო
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


​რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.


​მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ.


​ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.


​მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.


​ამ ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.


​მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

​რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე:
https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.

წაიკითხეთ სრულად