Baby Bag

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, გამოცდაზე წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულა აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად:

„მასწავლებლებს მივეცით შანსი ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა – თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდით, ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.

რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ სჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.

მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება – თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და სკოლის წარმომადგენლები გადამზადდებიან - სკოლებში ახალი სახელმძღვანელო შედის

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და სკოლის წარმომადგენლები გადამზადდებიან - სკოლებში ახალი სახელმძღვანელო შედის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და აგრარული განათლების შესახებ პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად მის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს „გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ წარდგენა მოხდა.

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ ქიტიაშვილი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღე აღვნიშნო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობაზე ზრუნავენ.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ განათლება და გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, აგრარული დარგის მიმართულებით. ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე, როდესაც ბავშვების ცნობიერება ჩამოყალიბების პროცესშია, ამ საკითხების საგნობრივ ჭრილში ინტეგრირება და მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეებში სწორი შეხედულებებისა და ქცევების ფორმირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გვაახლოებს ჩვენს საერთო მიზანთან – გვყავდეს განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე ახალგაზრდობა, რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, სოციალური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური განვითარება. დარწმუნებული ვარ, მომავალ თაობას ექნება გაცილებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რასაც საფუძველს სკოლებში სწორედ ასეთი პროგრამების დანერგვა ჩაუყრის.“

სახელმძღვანელო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლობით შემუშავდა. იგი დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს.

სახელმძღვანელო გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით შემდეგ თემებს აერთიანებს:

  • მდგრადი განვითარების კონცეფცია;
  • ბიომრავალფეროვნების დაცვა;
  • წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა;
  • ნარჩენების მართვა;
  • კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შემცირება;
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;
  • მიწის მართვა და გაუდაბნოებასთან ბრძოლა;
  • სოფლის მეურნეობა – სურსათის უვნებლობა და ხარისხი.


​სახელმძღვანელოს წარდგენის შემდეგ იწყება მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და სკოლის წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობს.

წაიკითხეთ სრულად