მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაცემაში „ჩვენი სკოლა“ ისაუბრა.
მისი თქმით, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით:
„მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, ხოლო შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება კლასში.“
ამ ყველაფრის გაკონტროლება კი განათლების მინისტრის ხედვით შემდეგნაირად განხორციელდება - განათლების მინისტრი უნდა ენდოს მასწავლებლის სახლს, მასწავლებლის სახლი დირექტორს, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს:
„საქართველოში არის 45 000 საკლასო ოთახი და შეუძლებელია ამდენი გაკვეთილი გაკონტროლდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ სკოლას. ჩვენი განათლების მინისტრის ხედვა ასეთია და ჩვენ ამის ირგვლივ ვართ შემოკრებილები: განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე უნდა ვენდო დირექტორის, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და საბჭოთა საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა და ზედმეტი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი იყო, ეს უნდობლობა აღარ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვერანაირად ვერ შეძლებს 58 684 პედაგოგისა და 2 083 საჯარო სკოლის გაკონტროლებას, ეს უტოპიაა და ვისაც ამის სჯერა, ვეტყვი, რომ ისევ საბუთომანიამდე მივალთ. გვქონდა გამოცდილება, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ნაცვლად ამ საბუთომანიაზე იყვნენ კონცენტრირებულები. სკოლის დირექტორებს ტრენინგზე ერთ რამეს ვეუბნები, თუ სკოლა კარგად მუშაობს (ფეხბურთის გუნდი და სკოლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს), მასწავლებლების დამსახურებაა, ხოლო, როცა ცუდად მუშაობს, ეს სკოლის დირექტორის ბრალია. ასევეა ფეხბურთის გუნდიც - იგებს გუნდი, ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა მოიგეს, აგებს გუნდი, ნიშნავს, რომ მწვრთნელმა წააგო,“ - დასძინა მან.