ყოფილი პრაქტიკოსების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, ყოფილი პრაქტიკოსების მოთხოვნა მოკლებულია საფუძველს:
,,პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ არსებობს. ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გარკვეული გამონაკლისები დავუშვით. ძალიან დასანანი იქნებოდა, მასწავლებელი, რომელსაც საგანი 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული, სისტემიდან გაგვეშვა, მათი დაკარგვა არ შეიძლება. საგნობრივი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მოსაზრებით დაიშვა გამონაკლისი მათთვის, ვისაც 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული გამოცდა და ვისაც ორივე გამოცდა აქვს ჩაბარებული, ასწავლის მაღალმთიან სოფლებში ან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მათ აქტივობების საშუალება ნაკლები აქვთ, მით უფრო, პანდემიის პირობებში და კრედიტების შევსებისას ჰქონდათ გამოწვევები. სწორედ ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მასწავლებლებს, იანვრიდან, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. ასეთი სულ 700-მდე ადამიანია.
რაც შეეხება დანარჩენი ყოფილი პრაქტიკოსების მოთხოვნას, მოკლებულია საფუძველს. 2015 წელს, უფრო ადრეც, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ 2019 წელს სქემა მთავრდებოდა და ამ პერიოდში მათ, უფროსის სტატუსის მისაღებად, 19 კრედიტი უნდა დაეგროვებინათ. თუმცა, პანდემიის გამო, ორი წლით გადავადდა ეს პროცესი, ანუ კიდევ ორი წელი მიეცათ დამატებითი დრო სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისად, კიდევ ორჯერ გავიდნენ გამოცდაზე. ეს პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა.
ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები, არსებული მონაცემებით, საქართველოს მასწავლებლების, დაახლოებით, 5 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენმა პროცენტმა ვერ აიმაღლა სტატუსი. ნებისმიერ პროფესიაში არსებობს ამდენიც და ამაზე მეტი პროცენტი ადამიანებისა, რომლებიც შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ვერ იმაღლებენ კვალიფიკაციას. სამწუხაროა, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს სტატუსის ამაღლება. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კომპეტენცია დაადასტურა და პროფესიაში შემოსვლა სურს? მათთვისაც ხომ უნდა გაიხსნას დასაქმების „კარი“? თუ სკოლამ, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, კვალიფიციური მასწავლებელი ვერ აიყვანა, მაშინ ყოფილ პრაქტიკოსთან იმავე პირობებით აგრძელებს თანამშრომლობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს მასწავლებელი რეალურად არაფერს კარგავს, მას ისევ ექნება საშუალება, გავიდეს გამოცდაზე, ჩააბაროს და დაადასტუროს კომპეტენცია,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
წაიკითხეთ სრულად