Baby Bag

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.

გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულთაგან 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. წელს უპრეცედენტოა მასწავლებელთა გამოცხადების მაჩვენებელი - 80%-ზე მეტი.

პედაგოგობის მსურველი პირი აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზეც იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აპლიკანტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებიან

ინფორმაცია იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებიან

იმ ​პრაქტიკოს მასწავლებლებს, უფროსის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ელოდებიან (წარდგენილნი არიან), ახალი სტატუსი კვირის ბოლომდე აესახებათ, - ამის შესახებ Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

სტატუსის მინიჭების მეორე ეტაპი 25 იანვრიდან დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.

შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭების პირველი ეტაპი დაახლოებით 2 კვირის წინ დაიყო. რაც შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვისაც უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი კრედიტქულა არ აქვთ, მასწავლებლის სახლი უფასო 5 კრედიტქულიან ტრენინგებს სთავაზობს. დეტალები იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბერიკა შუკაკიძესთან ​ინტერვიუში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების ს​ანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად