Baby Bag

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.

გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულთაგან 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. წელს უპრეცედენტოა მასწავლებელთა გამოცხადების მაჩვენებელი - 80%-ზე მეტი.

პედაგოგობის მსურველი პირი აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზეც იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აპლიკანტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

აპელაციისათვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 17 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით: https://online1.naec.ge/oapp.

განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც:
  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
  • ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
  • სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.

​თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
წაიკითხეთ სრულად