Baby Bag

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.

გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულთაგან 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. წელს უპრეცედენტოა მასწავლებელთა გამოცხადების მაჩვენებელი - 80%-ზე მეტი.

პედაგოგობის მსურველი პირი აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზეც იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აპლიკანტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდიდან მიიღებენ სახელფასო დანამატს ის პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ

როდიდან მიიღებენ სახელფასო დანამატს ის პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ

მასწავლებლების ნაწილმა ახალი სემესტრი ახალი სტატუსით დაიწყო. ის პედგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვალათ (ან მომდევნო დღეებში შეეცვლებათ), სახელფასო დანამატს იანვრიდან მიიღებენ.

როგორც Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში განუცხადეს, დანამატის დაანგარიშება სტატუსის შეცვლის თარიღიდან მოხდება:

„სტატუსის ცვლილება ამ კვირაში დაიწყო. პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი შეეცვლებათ, დანამატს იანვრის ბოლოდან მიიღებენ. რომელი თარიღიდანაც მოხდა სტატუსის ცვლილება, იმ თარიღიდან მოხდება დანამატის ათვლაც,“ - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად