Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია მონდომების და სურვილის შემთხვევაში'' - მაია ბუწაშვილი სკოლების გახსნასთან დაკავშირებით

,,პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია მონდომების და სურვილის შემთხვევაში'' - მაია ბუწაშვილი სკოლების გახსნასთან დაკავშირებით
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სკოლების გასხნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ინფექციონისტი იმ რეგულაციების შესახებ საუბრობს, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან:

,,ბევრი წერს, რომ სკოლებში რეგულაციების დაცვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სრულად აცილება ვერ მოხდება (და ვირუსის გავრცელების ისედაც უამრავი რისკია ჩვენს გარშემო), მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით რისკების შემცირებაზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. თუნდაც ისეთი გარემოს შექმნა, რომ ინფექცია მთელ სკოლაში ერთდროულად არ გავრცელდეს და კლასები მაინც იყოს ერთმანეთისგან იზოლირებული. სხვა ბევრ საშალებასთამ ერთად (როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა ნაკადები და შერეული მოდელი - ონლაინ და ფიზიკური დასწრების მონაცვლეობა), ახლა უცებ რაც მახსენდება, რისკის შემცირების ეფექტური საშუალება იქნება სკოლის კვება არა საერთო კვების პუნქტში, არამედ საკლასო ოთახებშივე ინდივიდუალურად შეფუთული საკვების პაკეტების და ერთჯერადი ჭურჭლით (ბევრ ქვეყანაში ისედაც ასეთი კვებაა).

ეს ისედაც კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენს სკოლებში ჰიგიენის პრობლემების გამო წვეთებით და კონტაქტური გზით გადამდები სხვა რესპირაციული ინფექციები და დიარეული დაავადებები ელვის სისწრაფით ვრცელდება ხოლმე და ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ საკვები პუნქტების დაბალი ჰიგიენური დონეა.

პირდაპირ ნუ შემომიტევთ, ეს შეუძლებელიაო. შესაძლებელია მონდომების და სურვილის შემთხვევაში.

მეორე მაგალითი, იმ სკოლებში, სადაც ბავშვები სხვადასხვა კაბინეტებში შედიან, გადაერთნონ მოსწავლეების ერთ ოთახში დარჩენის მოდელზე და ამ გზით სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს შორის კონტაქტი შემცირდება.

მესამე რეგულაცია: ბებია-ბაბუებს აეკრძალოს ბავშვების სკოლაში ტარება, რომ თავიანთი ბავშვების გარდა სხვებთანაც არ შევიდნენ კონტაქტში.

მეოთხე: დათბობასთან ერთად მოიმატოს ღია სივრცეში ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობამ.

მოკლედ, რეგულაციების დოკუმენტის ექსპრომტად შექმნის პრეტენზია არ მაქვს და შეიძლება რაღაცეებს სწორ ჭრილში ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რისკების შემცირებაზე მუშაობა და წვალება ღირს, როცა სასწორის მეორე მხარეს მომავალი თაობის ინტერესებია,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად