Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც მოგახსენებთ,“ - გია მურღულია

„ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც მოგახსენებთ,“ - გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და რეფორმებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები არის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებშიც:

„პანაცეა არ არის ის, რომ კერძო სკოლა არსებობს. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი აქვს. ​ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! ზოგიერთ სკოლას პრობლემები აქვს. მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც მოგახსენებთ. ხანდახან ავტორიზაციის საბჭოს სხდომებს ვესწრებოდი. ისეთს მოისმენ, რომ უკეთესია, გაიღიმო ამ დროს, ვიდრე დარდს მიეძალო. დარდმა დიდი მოძალება იცის ხოლმე.“

გია მურღულიამ აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ ყოველთვის იმედიანი მოლოდინები არსებობდა, რომელიც ჯერ არ მართლდება:

​რაც თავი მახსოვს,სულ ეს რეფორმა მესმის. სულ რა მესმის იცით, რომ სულ კარგად არის საქმე. ყველანი ლაპარაკობდნენ და ახლაც ლაპარაკობენ გაბადრული სახეებით. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფრანც კაფკას აქვს ერთი პატარა მოთხრობა, რომელსაც ჰქვია „კანონის წინაშე.“ ერთ კაცს, რომელსაც სამართალთან საქმე აქვს, უნდა შესასვლელში შევიდეს, სადაც დაცვა დგას, რომელიც არ უშვებს. ეს კაცი ეკითხება: არ შეიძლება, რომ შევიდე? ის პასუხობს: კი, ნებისმიერ დროს შეიძლება, ოღონდ ახლა არა.“

„როდესაც ამდენი ხანია რეფორმებს ვატარებთ და ასე მოგვწონს თავი,​ უნდა შევხედოთ არა პროცესებს, არამედ შედეგებს. როდესაც ჩვენ მსოფლიოში გამუდმებით ბოლო ათეულში ვართ, ეს ნიშნავს, რომ რა პროცესებსაც ჩვენ აქ ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ან კარგად არ ვგეგმავთ, ან ცუდად ვახორციელებთ. შედეგი არ გვაქვს, გვაქვს დაბალი დონის სტაბილურობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე გია მურღულიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​დღის პოსტი

წაიკითხეთ სრულად