Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე ვიცი, რა რთულია ახლა მოსწავლის მშობლობა. ზოგჯერ ჭკუიდან ვიშლებით...მასწავლებლები კი ვცდილობთ, სხვანაირი დავალებები დავავალოთ ბავშვებს...''

,,მე ვიცი, რა რთულია ახლა მოსწავლის მშობლობა. ზოგჯერ ჭკუიდან ვიშლებით...მასწავლებლები კი ვცდილობთ, სხვანაირი დავალებები დავავალოთ ბავშვებს...''

ყველასათვის ცნობილი პედაგოგი ვენენო მენაბდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,მე ვიცი, რა რთულია ახლა მოსწავლის მშობლობა. ზოგჯერ ჭკუიდან ვიშლებით, რადგან არ გვაქვს დრო, დროულად ჩავრთოთ ბავშვი ონლაინ გაკვეთილზე.

არ გვაქვს დრო, ამ სივრცეში ადაპტაცია გავუმარტივოთ პატარებს.

არ გვაქვს დრო, დროულად ავტვირთოთ შესრულებული დავალება.

არ გვაქვს ზედმეტი კომპიუტერი, რადგან ჩვენ თვითონაც ონლაინ ვმუშაობთ.

მასწავლებლები კი ვცდილობთ, სხვანაირი დავალებები დავავალოთ ბავშვებს,

ვსხედვართ და ვფიქრობთ, როგორ გავახალისოთ სახლში მსხდომი ბავშვები.

ვიგონებთ შემოქმედებით დავალებებს და გვიხარია.

ეს დავალებები კი მშობლებზე გადადის.

იმ მშობლებზე, რომელთა უმეტესი ნაწილიც კომპიუტერთან ზის და ან ჩუუუ ჩუუუს გაიძახის ან თვალებს აბრიალებს - ,,გაჩუმდით, სამსახურის ქოლი მაქვს" გამომეტყველებით.

და ამ დროს არსებობენ მშობლები, რომლებიც, მიუხედავად ამ თავს დამტყდარი საგიჟეთისა, გამხნევებენ და გეუბნებიან, რომ მას და მის შვილს გაუმართლათ, რომ შენ ხარ მასწავლებელი, გებოდიშებიან, დროულად ვერ გამოგზავნილი დავალებების გამო, ვერ მოზელილი პლასტილინის გამო, რომელიც წინა კვირაში დაავალე მის შვილს, დროულად ვერ ატვირთული დავალების გამო, გაკვეთლზე დაგვიანებით ჩართვის გამო...
ზოგი კი გწერს, რომ მადლიერია, რათა საშუალება მიეცა შვილთან ერთად პლასტილინი დაემზადებინა, სიზმრების დამჭერი დაემზადებინა,
გუაშებში მოსვრილიყო და მასთან ერთდ ეძერწა მოთხრობის პერსონაჟი...

ხოდა, რატომ ვწერ ამდენს? 

ახლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.

კომპიუტერი გამიფუჭდა,

ტელეფონში ვითხრი თვალებს და ბოლო ნახევარ საათში უკვე მეორე წერილი წავიკითხე თბილი, მადლობითა და ღიმილით დაწერილი.

და გგონიათ, ისევ მანაღვლებს ის ლეპტოპი?

სულაც არა.

იმხელა ძალას მაძლევს უკან დაბრუნებული სიკეთე,

მთელი ღამე შემიძლია ვიჯდე და ვიფიქრო, როგორ გავახალისო ჩემი სახლში მყოფი 6, 7 და 8 წლის მოსწავლეები, რომლებიც ყოველი ჩართვისას მეზუზუნებიან, რომ არ მოსწონთ "შორს" ყოფნა და სკოლა ენატრებათ.

მიყვარხართ, ბავშვებო.''

წაიკითხეთ სრულად