Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მორიგი დასვენების დღეები ონლაინ სწავლებისგან

მორიგი დასვენების დღეები ონლაინ სწავლებისგან

9 აპრილის შემდეგ მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინ სწავლებისგან კიდევ რამდენიმე დღით დაისვენებენ. 2020 წლის 19 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომოდ სასწავლო პროცესი 4 დღით შეჩერდება.

როგორც ​Momsedus​.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები წითელ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი), ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით (შაბათი და კვირა ისედაც დასვენების დღეებია).

საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა, დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრომ რამდენიმე სცენარზე იმუშავა:

„ჩვენ ვიმუშავეთ ყველა ტიპის სცენარზე. სამინისტრო მზადაა, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი, თუნდაც მაისის პირველ რიცხვებში დავიწყეთ, საკლასო ოთახებში დაბრუნების შემთხვევაშიც შეგვიძლია, დავასრულოთ სასწავლო წელი გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ გარკვეულ ალტერნატივებს შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და ამ სასწავლო წელს 15 ივნისს დავასრულებთ ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


წაიკითხეთ სრულად